პრემიერლიგა, როგორც ბრენდი

AutoSharing Option
ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად 2011 წელს ქვეყანაში 1,3 მილიონი ადამიანი ჩავიდა იმისთვის, რომ ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებას დასწრებოდა.

აქედან დიდი უმრავლესობა (0,9 მილიონი) პრემიერლიგის შეხვედრების საყურებლად. აღსანიშნავია, რომ ეს ტურისტების საერთო რაოდენობის 4%-ია.

ამ ხალხმა ბრიტანეთის მასშტაბით დაახლოებით 1,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დახარჯა (706 მილიონი მარტო ფეხბურთის ფანებზე მოდის).

გამოდის, რომ სპორტის გულშემატკივრები საშუალოდ 785 ფუნტს ხარჯავენ, რაც ზუსტად 202 ფუნტით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ტურისტის დანახარჯი.

თუკი სტატისტიკას ვენდობით, გამოდის, რომ დიდი ბრიტანეთის სტუმართა შორის პრემიერლიგა სულ
უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან 2010 წელთან შედარებით ფეხბურთზე დასწრების მსურველთა რიცხვმა 150 ათასით მოიმატა და რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია, საშუალო დანახარჯმა 190 ფუნტით მოიმატა.

"პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჩემპიონატია. იმისთვის, რომ 900 ათას უცხოელ
გულშემატკივართან ურთიერთობა აგვეწყო, ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. უშუალოდ კლუბებიც ბევრს აკეთებენ, რომ ჩემპიონატი უფრო მომხიბვლელი გახდეს და დამსწრეებმა დაუვიწყარი სანახაობა იხილონ.

ფანტასტიკურია იმის შეგრძნება, რომ ჩვენმა ძალისხმევამ ამხელა როლი ითამაშა ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვაში," - განაცხადა პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ სკუდემორმა.

2008 წლიდან პრემიერლიგამ და VisitBritain-მა დაიწყეს კამპანია, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი წამყვან ტურისტულ ბაზრებზე გაემყარებინათ ინგლისის, როგორც ფეხბურთის სამშობლოს იმიჯი.

ამისთვის სხვა პიარღონისძიებების გარდა დამზადდა მცირე კლიპებიც ყველაზე პოპულარული ფეხბურთელების მონაწილეობით.

ფეხბურთზე დამსწრე ტურისტი ფანების დაახლოებით 40%-ის განცხადებით, ბრიტანეთში მათი ვიზიტის უმთავრესი მიზანი სტადიონზე მოხვედრა იყო. კვლევებით დგინდება, რომ საფეხბურთო ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი ბრიტანეთში იანვრიდან მარტის ბოლომდე ჩადის.

სწორედ ფეხბურთის წყალობით ხდება, რომ სტუმრები დედაქალაქის გარდა პროვინციებსაც ხშირად სტუმრობენ.

საფეხბურთო ტურისტების დაახლოებით 20% "ოლდ ტრეფორდს" სტუმრობს. "იუნაიტედის" არენას პოპულარობით ბევრად ჩამორჩებიან "ენფილდი" (ლივერპული), "ემირიტსი" (არსენალი), "სტემფორდ ბრიჯი" (ჩელსი) და "უაით ჰართ ლეინი" (ტოტენჰემი). ყველაზე მეტად ბრიტანული ფეხბურთი ირლანდიელებშია (174 ათასი) პოპულარული, შემდეგ მოდიან ნორვეგიელები (80 ათასი), ამერიკელები (61 ათასი), ესპანელები (54 ათასი) და გერმანელები (48 ათასი).

რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, ფეხბურთის შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი გოლფის ტურნირებს ესწრება, გოლფს რაგბი მოსდევს. უკანასკნელი ყველაზე პოპულარული ირლანდიელსა და ფრანგს ტურისტებს შორისაა.

"პრემიერლიგა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული საექსპორტო პროდუქციაა.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ ის ტურისტების სერიოზული ნაკადის მამოძრავებელი ძალა გახდა. ცოცხლად ამ სანახაობის ნახვა ხომ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს უნდა," - აცხადებს ბრიტანეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი ჰიუ რობერტსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული