ალექს ფერგიუსონის წინააღმდეგ

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონის რიო ფერდინანდთან ჩხუბმა და მერე შერიგებამ "ტელეგრაფის" ჟურნალისტებს წერის საღერღელი აუშალა.

ისინი დასხდნენ და გაიხსენეს ყველა ის შემთხვევა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსს თავის შეგირდთაგან რომელიმესთან უჩხუბია.

2010 წლის ოქტომბერში უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნაკლებამბიციურობაში დაადანაშაულა. ალექს ფერგიუსონს არ სურდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან გამოთხოვება, ამიტომ ყველაფერი გააკეთა, რათა შეგირდი გადაერწმუნებინა.

კლუბმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. შოტლანდიელმა რუნი შეინარჩუნა, მაგრამ აშკარა იყო, რომ რაღაც მომენტში მან გუნდის მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა.

ალბათ სასწაულს უნდა მივათვალოთ ის, რომ ორი ისეთი
იოლად ფეთქებადი პიროვნება, როგორებიც ფერგი და როი კინი იყვნენ, ერთმანეთთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

ირლანდიელმა საკლუბო სატელევიზიო არხს მისცა ინტერვიუ, სადაც ზოგიერთი თანაგუნდელი და პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში გააკრიტიკა. ამის გამო მას "იუნაიტედიდან" წასვლა მოუხდა. კინმა და ფერგიუსონმა მას მერე ვეღარ მოახერხეს ძველებური ურთიერთობების აღდგენა.

"ეს შემთხვევა წესიდან გამონაკლისი იყო. შანსი რომ მქონოდა, 100 მილიონი შემთხვევიდან ამას ერთხელაც არ გავიმეორებდი," - განაცხადა შოტლანდიელმა დევიდ ბექჰემისთვის ბუცის სროლიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

მხარეებმა პირველ ეტაპზე ვერ შეძლეს შერიგება და ინციდენტიდან რამდენიმე თვეში ბექზი "რეალში" 25 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

ფერგიუსონი ვერა და ვერ ურიგდებოდა პოლ ინსის ცოტა ქედმაღლურ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებისადმი. ფეხბურთელს კარგად ჰქონდა გააზრებული საკუთარი ღირსებები და ამას არც მალავდა. ნამდვილმა ბოსმა ინსი 1995 წელს "ინტერში" გაუშვა.

2006 წლის გაზაფხულზე ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდოსთან ჩხუბის გამო ფერგიმ რუუდ ვან ნისტელროი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და შემდეგ სულაც "რეალში" გაყიდა.

"ერთ რამეს ძალიან გვიან მივხვდი: "იუნაიტედში" ადგილი არასდროს არავის აქვს გარანტირებული," - აღმოხდა იააპ სტამს მას მერე, როცა "ლაციოში" მისი სენსაციური ტრანსფერის ამბავი შეიტყო.

ეს გადაწყვეტილება კი ფერგიუსონმა მას მერე მიიღო, როცა ჰოლანდიელის ავტობიოგრაფიულ წიგნში "იუნაიტედის" ფეხბურთელების კრიტიკას მოჰკრა თვალი. შოტლანდიელი რამდენიმე წლის შემდეგ გამოტყდა, რომ სტამის გაყიდვა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც ოდესმე დაუშვია.

80-იანი წლების დასაწყისში ფერგიუსონი და გორდონ სტახანი "აბერდინში" ერთად წარმატებით მუშაობდნენ. ყველას ეგონა, რომ ისინი "მანჩესტერ იუნაიტედშიც" გაიმეორებდნენ იმავეს.

მაგრამ ას ეარ მოხდა. მალე მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. 1989 წელს "ნოტინგემ ფორესტთან" სუსტი თამაშის შემდეგ სერ ალექსმა შეგირდი "ლიდს იუნაიტედს" მიჰყიდა.

ლი შარპის ცხოვრების სტილი ფერგიუსონს ძალიან აღიზიანებდა. 1992 წლის გაზაფხულზე, მას მერე, რაც მწვრთნელმა შეიტყო, რომ შარპი და რაიან გიგზი არასათანადო დროსა და არასათანადო ადგილას ნახეს, ის სახლში პირადად ეწვია ორივეს, რათა საყვედური გამოეცხადებინა.

ლიმ დაკარგა მწვრთნელის ნდობა და 1996 წლის ზაფხულამდე, იქამდე, ვიდრე "ლიდსში" გაუშვებდნენ, მოედანზე გასვლა ძალზე იშვიათად თუ უწევდა ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული