დირკ კუიტი - ცხოვრება ენფილდის შემდგემ

AutoSharing Option
დირკ კუიტმა "ლივერპული" ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას დატოვა და სათამაშოდ "ფენერბაჰჩეში" გადავიდა.

ESPN-ის ჟურნალისტი 32 წლის ვეტერანს სტამბოლში ეწვია და ინტერვიუ ჩამოართვა. ჰოლანდიელთან საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ შედგა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- დირკ, "ლივერპულიდან" წასვლა ახალი მენეჯერის მოსვლამ გადაგაწყვეტინათ?
- ამ გუნდში ექვსი მშვენიერი წელიწადი გავატარე. შარშან მთელი სეზონის განმავლობაში მაკლდა სათამაშო პრაქტიკა და წასვლა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

ახალი მწვრთნელის მოსვლა არაფერ შუაში იყო. პირიქით, ბრენდან როჯერსს ჩემ მიმართ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ დამირეკა კიდეც და წარმატებები მისურვა.
მისგან ეს კარგი ჟესტი იყო.

- დიახ, სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად გაკლდათ. ლიგისა და ასოციაციის თასის ფინალებშიც ვერ მოხვდით ძირითად შემადგენლობაში.
- ჩემთვის მძიმე მომენტი იყო. თითოეული ფეხბურთელის კარიერაში ხდება მსგავსი ცვლილებები, მესმის, თუმცა მიჩვეული ვარ, რომ მოედანზე 90 წუთი უნდა გავატარო.

2010/11 წლების სეზონში ხომ მხოლოდ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი არა, ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემის ავტორიც ვიყავი.

კენი დალგლიშის მუშაობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საკუთარი თავის უფრო მეტად მჯეროდა, მაგრამ მერე გუნდში სულ ახალი და ახალი ფეხბურთელები მოდიოდნენ, რის გამოც მოედანზე სულ უფრო ნაკლებ დროს ვატარებდი.

ამის გამო უფრო მეტს ვვარჯიშობდი, რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ... მგონი ყველა ფეხბურთელი ასეა, სკამზე ჯდომა არავის უყვარს. იმ ეტაპზე ასე იყო საჭირო და ჩემი ემოციები უკანა პლანზე გადავწიე. ერთხელაც არ დამიწუწუნია.

- მოგვიყევით კენი დალგლიშთან თქვენს ურთიერთობაზე.
- გულწრფელად ვამბობ, ის არასოდეს აღდგომია წინ ფეხბურთელების სურვილებს. მისი კარები ყოველთვის ღია იყო ჩვენთვის. მასთან ოფისში მისვლა და დალაპარაკება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა.

მისგან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი და შესაბამისად, ჩემთვის ცხადი იყო, რომ კენისთვის სათადარიგოთა სკამზე ჩემი დატოვება ყოველთვის ძნელი გადასაწყვეტი იყო.

მე მხოლოდ ის შემეძლო, რომ ვარჯიშზე სხვებზე უკეთესი შთაბეჭდილება დამეტოვებინა.

-
"ლივერპულიდან" "ფენერბაჰჩეს" მიაშურეთ. რატომ მაინცდამაინც თურქეთი?
- ახალი გამოწვევა მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი ქვეყანაში, სადაც სულ სხვა კულტურაა და აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი.

გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტი "ფენერთან" გამეფორმებინა, გულის კარნახით მივიღე. მივხვდი, რომ ეს ის კლუბი იყო, სადაც კარიერას წარმატებით გავაგრძელებდი.

- ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი ნაბიჯი?
- ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება არამარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც. ლივერპულში ჩემი შვილები ინგლისურ სკოლაში დადიოდნენ და თავს როგორც სამშობლოში ისე გრძნობდნენ.

კლუბი სერიოზულად დამეხმარა ახალი საცხოვრებლის შერჩევასა და ბავშვებისთვის სკოლის მონახვაში.

ზაფხულზე, როცა მე ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდი, მეუღლე უკვე სტამბულში იყო და საქმეებს აგვარებდა.

ოთხი შვილის მამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისმა შვილებმა ახალ გარემოსთან ადაპტაცია უმტკივნეულოდ გაიარონ. პატარებს ძალიან ენატრებათ თავიანთი ლივერპულელი მეგობრები, მაგრამ სტამბოლში მაინც ბედნიერები არიან.

- თურქეთის ჩემპიონატი პრემიერლიგისგან რამდენად განსხვავდება?
- არ მგონია, რომ ამ ორი ჩემპიონატის ერთმანეთთან შედარება ღირდეს. თუმცა არ უარვყოფ, რომ აქაც მრავლად არიან მაღალი კლასის ფეხბურთელები. კარგია, რომ გვყავს პრინციპული მეტოქეებიც, რაც ჩემპიონატს დამატებით ხიბლს სძენს.

- რამე საერთო თუა
"გალათასარაი"-"ფენერბაჰჩესა" და "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრებს შორის?
- სტამბოლური კლუბების დაპირისპირებების ისტორიიდან ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რაც პიერ ვან ჰოიდონკმა გამანდო. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ის აქ თამაშობდა.

- რას იტყვით ემოციურ თურქ ფანებზე?
- ამ ქვეყანაში ნამდვილად საოცარი გულშემატკივრები ცხოვრობენ. სადაც არ უნდა ვიყო ყველგან ავტოგრაფს მთხოვენ და ღიმილიანი სახით წარმატებებს მისურვებენ. მსგავსმა დამოკიდებულებამ დიდად შემიწყო ხელი აქაურობასთან ადაპტაციაში.

-
"ლივერპულისა" და "იუნაიტედის" ბოლო დაპირისპირებას თუ უყურეთ და რა ემოციებმა შეგიპყროთ?
- პირდაპირ ეთერში ყურება ვერ მოვახერხე. მოგვიანებით მხოლოდ მეორე ტაიმის მომენტები ვნახე. ვფიქრობ, რომ "ლივერპული" მეტს იმსახურებდა. ახალ მწვრთნელსა და ახალ ფეხბურთელებს ერთიან ორგანიზმად გადასაქცევად დრო სჭირდებათ. იმედია, ფანები მათ მისცემენ ამის საშუალებას.

უცხო შეგრძნება იყო იმ გუნდის თამაშის გვერდიდან ყურება, რომელსაც ჩემი ცხოვრების ექვსი წელიწადი მივუძღვენი. მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩებით.

- ამინდზე ვერაფერს შეგეკითხებით, ისედაც ვიცით, რომ ამ ქალაქში ბევრად უფრო თბილა ვიდრე ლივერპულში, ასეა არა?
- არადა უკვე მიჩვეული ვიყავი ინგლისის წვიმიან ცას. ცხადია, აქ უფრო თბილა, რაც ძალიან გვახარებს მე და ჩემს ოჯახს. ჩემი კანი მიუჩვეველია ასეთ მზეს და იძულებული ვარ, დამცავი საშუალებები ვიხმარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული