ლივერპულური დერბი "გუდისონ პარკზე" იმით იწვევს ინტერესს, რომ მიუხედავად შარშანდელი წარუმატებელი სეზონისა, "წითლებმა" პრინციპული მეტოქე ჩემპიონატში ორჯერ დაამარცხეს და ამას ასოციაციის თასის 1/2-ფინალში მოგებაც დაუმატეს.
კიდევ უფრო მეტ მაყურებელს მიიზიდავს ტელეეკრანებთან "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება.
სპეციალისტები წელს სწორედ ამ გუნდებს მიიჩნევენ ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტებად. ურთიერთშეხვედრები შესაძლოა სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფრის გადამწყვეტი იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად უშუალო კონკურენტის ძლევა ბევრს ნიშნავს.
"ასტონ ვილა" წინა ტურის ერთ-ერთი
უპირატესობა. პოლ ლამბერტის შეგირდებს ხომ ეს ბედნიერება თვეზე მეტია, არ განუცდიათ.
"არსენალმა" მიყოლებით ორი თამაში ჩააგდო და თანაც მათში კინკილა გოლიც კი არ გაუტანია. გუშინ "ემირიტსზე" კლუბის მეწილეების, მმართველი გუნდის, სამწვრთნელო შტაბისა და ფანკლუბების ლიდერების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, სადაც არსენ ვენგერი ყოველი მხრიდან სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცა.
ფრანგი ძირითადად ნათელ მომავალსა და საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრობდა: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერლიგაა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგა, ამას ლიგის საგზური მოსდევს, მეოთხეა ასოციაციის თასი და უკანასკნელი რაზეც ვფიქრობ ეს ლიგის თასია.
ასე გულახდილად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ თუკი ძლიერი ფეხბურთელების მოზიდვა გვინდა, მათთან ვერ ვიამაყებთ იმით, რომ ლიგის თასის გამარჯვებული გუნდი ვართ. ამისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური მაინც არის საჭირო.
ვაღიარებ, "შალკესთან" საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ხომ 43 თამაშში პირველი საშინაო მარცხი იყო ამ ტურნირში. ამჟამინდელი შემადგენლობით ჩვენ ნამდვილად გვაქვს პერსპექტივა. გავა დრო და თავად დარწმუნდებით, რომ არ ვცდები". მიუხედავად ცუდი წინასამატჩო განწყობისა, "მეთოფეები" "ქუინზ პარკთან" უპირობო ფავორიტებად მიგვაჩნია.
"რედინგი" "ფულჰემს" მასპინძლობს. პირადად მიგვაჩნია, რომ მარტინ იოლის შეგირდებს "მადეისკიზე" სამი ქულის აღების მშვენიერი შანსები აქვთ. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, ჰოლანდიელის გუნდი ხომ ჯერჯერობით სრული სვლით მიიწევს დასახული მიზნისკენ.
"სტოკი" და "სანდერლენდი" მსგავსი სტილის და დაახლოებით თანაბარი გაქანების გუნდები არიან. ამ დაპირისპირებაში ფავორიტის გამოყოფა გვიჭირს.
"ვესტ ჰემი" ის გუნდია, ვინც საფეხბურთო ექსპერტებსაც კი მოულოდნელი სიურპრიზი შესთავაზა.
"ჩაქუჩების" მე-6 ადგილს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ერთადერთი, რაც აპტონპარკელებს გამოსასწორებელი აქვთ, ეს თავდამსხმელების თამაშია.
გუნდმა 12 თამაში ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთია მოდიბო მაიგას ანგარიშზე. დანარჩენ ბურთებზე მცველები და ნახევარმცველები ზრუნავენ. "უიგანზე" კი იმას ვიტყვით, რომ სასწაული იქნება, რობერტო მარტინესმა კიდევ ერთხელ თუ მოახერხა ამ გუნდის ელიტაში დატოვება.
"მანჩესტერ სიტი" შინ თამაშობს და ესე იგი ფავორიტია. გვგონია, რომ ამ წესიდან გამონაკლისი წელსაც ძალიან ცოტა თუ იქნება. "ქალაქელებმა" დე ფაქტო გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენა.
ამ გარემოებამ გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობაზე წესით ცუდად უნდა იმოქმედოს, მაგრამ ლიგაზე მოთამაშე "სიტი" ერთია, ჩემპიონატში კი ამ გუნდს გარდასახვა სჩვევია. "სუონსი" ნამდვილად არ გვგონია ის გუნდი, რომელიც დღეს რობერტო მანჩინის შეგირდებს რამეს დაუშავებს.
"ევერტონი"-"ლივერპულის" მატჩის პრინციპულობაზე შესავალშივე მოგახსენეთ. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ადგილზეა ერთი ან მეორე. მინდორზე დანთებული ცეცხლის ალი ამით არ კლებულობს.
ამ ეტაპზე უკეთესად მერსისაიდის ლურჯი ნაწილი გამოიყურება. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ დიდწილად ეს წარმატებები მარუან ფელაინის მხრებზე გადადიოდა.
24 წლის ბელგიელი დაიმტვრა და მოიესის გუნდმა შეწყვიტა მოგებები. "გუდისონ პარკზე" დიდი ალბათობით ისევ ტრიბუნებზე იჯდება. განსხვავებული განწყობაა "წითლების" ბანაკში.
მთელი სეზონის განმავლობაში ჭაკად მოთამაშე დაცვამ ბოლო ორ შეხვედრაში პეპე რეინას შემცვლელ ბრედ ჯონსს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
ავსტრალიელი გოლკიპერი 180 წუთია მშრალად დგას. თუკი უკანა ხაზმა სტაბილურად განაგრძო თამაში, ეს ცხრილზე მალე უნდა აისახოს.
"ნიუკასლი"-"ვესტ ბრომვიჩის" წყვილზე იმას ვიტყვით, რომ ერთი შეხედვით, თუნდაც წარსულის დამსახურებების გათვალისწინებით ფავორიტად "კაჭკაჭები" არიან, მაგრამ მეორე მხრივ რეალობა ასე იოლად "ვესტ ბრომვიჩის" ჩამოწერის უფლებას არ გვაძლევს.
სტივ კლარკის შეგირდებმა წინა ტურში "სიტისთან" საშინაო შეხვედრა დათმეს, თანაც რიცხვნაკლულ მეტოქესთან, მაგრამ არ გვგონია, წელს შეძენილ ავტორიტეტზე ერთბაშად თქვან უარი და "ნიუკასლსაც" იოლად დანებდნენ. მასპინძლების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მათ შუა კვირაში ევროპის ლიგის მატჩი ჩაატარეს.
"წმინდანები" "დეზებს" ხვდებიან. ლონდონელებმა ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე მესამე შეხვედრაში მესამე ფრე ითამაშეს და საქმე უკვე სერიოზულად გაირთულეს. ერთია, რომ ჩრდილოლონდონელებს ძალების აღსადგენად ნაკლები დრო ბევრად ჰქონდათ, მაგრამ მეორე მხრივ არც "საუთჰემპტონია" დიდი ხვითო, რომ ადგეს და მეტოქის დაღლილობით უეჭველად ისარგებლოს. მასპინძლებს თუკი ვინმესი უნდა ეშინოდეთ, ეს გარეთ ბეილია.
23 წლის უელსელი წინა უქმეებზე ვაჟის მამა გახდა და მოედანზე მას მერე პირველად გადის. ვეჭვობთ, განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე უნდა იყოს.
დაბოლოს, "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაზე არ შეიძლება რომ განსაკუთრებულად არ გავამახვილოთ ყურადღება. ჩემპიონატის ორივე ფავორიტმა ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. "ჩელსიმ" წლის ყველაზე უსახური მატჩი ჩაატარა და "შახტართან" უშანსოდ დათმო.
"იუნაიტედმაც" ძალიან ცუდად დაიწყო "ბრაგასთან" შეხვედრა, მაგრამ კარგად დაამთავრა. "წელს ჩვენ ჩვენი ძალა არააერთხელ დავამტკიცეთ.
ასე მოხდა "ბრაგასთანაც". ახლა "ჩელსისთან" რომ დავმარცხდეთ, საჩემპიონო რბოლაში დაბრუნება წარმოუდგენლად გაგვიჭირდება. ლონდონელებს აშკარად ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში - ოსკარი, მატა, აზარი. მათთვის ბურთის წართმევა წარმოუდგენელია.
მხოლოდ დრო გვაჩვენებს, ისინი ჩვენზე უკეთესები არიან თუ არა. ისე, "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში ყოველთვის ძალიან ძნელი იყო," - აცხადებს რაიან გიგზი.
პრემიერლიგა. IX ტური
27 ოქტომბერი
ასტონ ვილა-ნორვიჩი 15:45
ტრავმა: კლარკი, ბეიკერი, დანი, გარდნერი, პეტროვი - კეინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +15=12-11 (57-53)
არსენალი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: გიბსი, კოშელნი, უოლკოტი, შჩესნი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როსიცკი, დიაბი, ფაბიანსკი - ჯონსონი, დაიერი, ფაბიო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +18=12-12 (54-41)
რედინგი-ფულჰემი 18:00
ტრავმა: ტაბი, კარაჩანი, ჰანტი, ფედერიჩი - რუისი, დაფი, ფრეი, დავისი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=0-5 (5-10)
სტოკ სიტი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: უელანი, ნესი - ბრამბლი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +28=23-35 (96-116)
უიგანი-ვესტ ჰემი 18:00
ტრავმა: ალკარასი, კრუსატი - დემელი, ვას ტე, დიარა, კოლისონი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=2-8 (24-26)
მანჩესტერ სიტი-სუონსი 20:30
ტრავმა: დ. შილვა, მაიკონი, როდუელი, გარსია - ტეილორი, ბარტლი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +3=0-3 (11-8)
28 ოქტომბერი
ევერტონი-ლივერპული 16:30
ტრავმა: ფელაინი, გიბსონი - ბორინი, ლუკასი, კელი, რეინა
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 177 თამაში: +52=55-70 (201-243)
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: ტეილორი, ელიოტი, ვუკჩიჩი, გოსლინგი - რიდი, ჯოუნსი, მაიჰილი, თომასი, ბრანტი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 თამაში: +33=27-37 (159-170)
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 18:00
ტრავმა: კორკი, რამირესი, რიჩარდსონი, ფოქსი - კაბული, ასუ-ეკოტო, დემბელე, პარკერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 70 თამაში: +23=17-30 (91-118)
ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 19:00
ტრავმა: ლემპარდი - ვიდიჩი, ლინდეგორი, სმოლინგი, კაგავა, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: ტერი -
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 145 თამაში: +43=40-62 (182-239)
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ჩელსი | 8 | 7 | 1 | 0 | 19-6 | 22 |
2. | იუნაიტედი | 8 | 6 | 0 | 2 | 21-11 | 18 |
3. | სიტი | 8 | 5 | 3 | 0 | 17-9 | 18 |
4. | ევერტონი | 8 | 4 | 3 | 1 | 15-9 | 15 |
5. | ტოტენჰემი | 8 | 4 | 2 | 2 | 15-12 | 14 |
6. | ვესტ ჰემი | 8 | 4 | 2 | 2 | 12-9 | 14 |
7. | ვესტ ბრომვიჩი | 8 | 4 | 2 | 2 | 12-9 | 14 |
8. | ფულჰემი | 8 | 4 | 1 | 3 | 16-11 | 13 |
9. | არსენალი | 8 | 3 | 3 | 2 | 13-6 | 12 |
10. | სუონსი | 8 | 3 | 2 | 3 | 14-12 | 11 |
11. | ნიუკასლი | 8 | 2 | 4 | 2 | 9-12 | 10 |
12. | ლივერპული | 8 | 2 | 3 | 3 | 10-12 | 9 |
13. | სტოკ სიტი | 8 | 1 | 5 | 2 | 8-9 | 8 |
14. | სანდერლენდი | 8 | 1 | 5 | 2 | 6-8 | 8 |
15. | ნორვიჩი | 8 | 1 | 3 | 4 | 6-17 | 6 |
16. | უიგანი | 8 | 1 | 2 | 5 | 8-15 | 5 |
17. | ასტონ ვილა | 8 | 1 | 2 | 5 | 6-13 | 5 |
18. | საუთჰემპტონი | 8 | 1 | 1 | 6 | 13-24 | 4 |
19. | რედინგი | 7 | 0 | 3 | 4 | 8-14 | 3 |
20. | ქუინზ პარკი | 8 | 0 | 3 | 5 | 7-17 | 3 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"