ჩელსი-მანჩესტერის მსაჯს ემუქრებიან

AutoSharing Option
ბოლო დღეებში მარკ კლეტენბერგი ინგლისში საეჭვო პოპულარობით სარგებლობს. მის სახელსა და გვარს კუნძულზე ყველა ბრუნვაში ახსენებენ, რასაც, ცხადია, არავინ მიელტვის.

პოლიციამ მოედანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, yahoo-sports-მა კი "ჩელსი"-"იუნაიტედის" მოდელირებული თამაში წარმოგვიდგინა და წუთების მიხედვით ჩამოწერა, როგორ განვითარდებოდა შეხვედრა, არბიტრს რომ მოენდომებინა.

ვეტერანმა ინგლისელმა მსაჯმა ჯეფ უინტერმა განაცხადა, რომ თუკი საფეხბურთო ასოციაციის გამოძიება მარკ კლეტენბერგის მიერ ჯონ ობი მიკელის რასისტულ შეურაცხყოფას დაადასტურებს, 37 წლის ინგლისელი სამუდამო დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს.

შეგახსენებთ, რომ არანორმატიული ლექსიკის გამოყენების გამო "ჩელსის" 25
წლის ნახევარმცველმა მსაჯისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. იწერება, რომ ნიგერიელის გარდა, მარკმა ხუან მატაც შეურაცხყო და მას "ესპანელი იდიოტი" უწოდა.

მატას თქმით, მას არც ეს ფრაზა და არც რაიმე მისი მსგავსი არ გაუგონია. მან უარი თქვა, დანარჩენ მოვლენებზე კომენტარი გაეკეთებინა. თუმცა "ჩელსის" მაინც ჰყავს წყარო, რომელსაც ის ასოციაციაში სარჩელის წარდგენისას ეყრდნობოდა.

ლაპარაკია დავიდ ლუისსა და რამირესზე. ბრაზილიელები მზად არიან, საგამოძიებო კომისიის წინაშეც გაიმეორონ თავიანთი ჩვენება. პოლიციამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. მიკელის ინტერესების დაცვისთვის მზადყოფნა გამოთქვა "შავკანიან იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა პიტერ ჰერბერტმა.

კლეტენბერგი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ის ასოციაციისა თუ პოლიციის მხრიდან სამართლებრივ დევნას არ უფრთხის. მეტიც, არბიტრი აცხადებს, რომ მას "ჩელსის" წარმომადგენლები აქეთ ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

ამას კლეტენბერგი მატჩის შემდგომ ოქმში წერს. მას გვერდითა და მეოთხე არბიტრები ჰყავს მოწმეებად.

"მირორის" ცნობით, "ჩელსის" წარმომადგენლები მსაჯების ოთახში ძალით შეიჭრნენ, სადაც დიდი გაწევა-გამოწევა ატყდა. მიკელი ოთახში მყოფებს შეუფერებლად ხმამაღლა ელაპარაკებოდა და შეურაცხყოფდა.

სიტუცია იმდენად დაიძაბა, რომ არბიტრებმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უხმეს.

ნიგერიელი სწორედ კარის გაჯახუნების წინ დაჰპირდა კლეტენბერგს, რომ ფეხებს დაუმტვრევდა.

* * *

ლანძღვა-გინების შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტების საფეხბურთო თუ ნახევრად საფეხბურთო ხალისიან ფანტაზიებს გავეცნოთ:

97 წუთი - დავიდ დე ხეას კრიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ესპანელი შეწყვეტს მშვენივრად თამაშს და მათ საშუალებას მისცემს, ძველებურად ლანძღონ ის.

102 - ფერნანდო ტორესის სტატისტიკა თანდათან უმჯობესდება მინდვრიდან მისი გაძევების შემდეგ.

110 - მარკ კლეტენბერგი რამირესს აძევებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება.

113 - მარკ კლეტენბერგი პეტრ ჩეხსაც წითელს უჩვენებს, რადგან მან ყველას თავი მოაბეზრა თავისი ნიღბით.

115 - მარკ კლეტენბერგი გარი კეჰილს აგდებს, რადგან სურს, საკუთარი თვალებით იხილოს, როგორ დაიფერფლება დედამიწა.

122 - ანდრე ვილაშ ბოაში ტკბება სანახაობით და ცდილობს მის ჩაწერას. შემდეგ პორტუგალიელი აცნობიერებს, რომ დაავიწყდა ვიდეოკასეტაზე ჩაწერა, როგორ ხდება და იდეაზე უარს ამბობს. ამის მაგივრად ტელეფონით ხულიგნობს და რომან აბრამოვიჩს ურეკავს.

126 - მეოთხე მსაჯი უკვე ნანობს, რომ ეს პროფესია აირჩია.

134 - უეინ რუნი მაისურს პატარა ასაფეთქებლებს აწებებს და პარკურის წესებით სირბილს იწყებს, რათა შეხვედრას შემატოს ის ერთადერთი, რაც მატჩში არ მომხდარა.

139 - სადღაც დედამიწაზე პატარა ბიჭუნა ძირს ეცემა. მართალია, ის სიარულს სწავლობს, მაგრამ მას უმალ სიმულაციაში სდებენ ბრალს და საზოგადოებისგან რიყავენ.

141 - ჩიჩარიტო "ჩელსის" კარებში წყლის საწოლსა და ბუხარს აშენებს. იქიდან კი მხოლოდ იმ მიზნით გამოსვლას აპირებს, რომ "ჩელსის" გაუტანოს ან კოკა-კოლა და შოკოლადი იყიდოს.

145 - ჯონ ტერი ტრიბუნებზე საკუთარ თავს უღრმავდება. მას უცბად გონება უნათდება. ის სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ფილმები ჯეიმს ბონდზე უბრალოდ ძალიან მაგარია.

150 - მატჩი გადაიდო, რადგან ტრიბუნებზე მაყურებელთა რასისტული შეძახილები იმდენად ხმამაღალი იყო, რომ დიდიე დროგბამ ჩინეთში გაიგო. ის ამას სამარცხვინო საქციელს უწოდებს.

დიდიეს კატა, სახელად კიტი კატბა კი იღებს გადაწყვეტილებას, გაანადგუროს მთელი დედამიწა მას მერე, რაც წონაში დაიკლებს და საკუთარი ბუნაგიდან გარეთ გამოსვლას მოახერხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული