კულუარული ინფორმაციით, პროექტის მთავარი ლობისტი სწორედ უკანასკნელია. გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.
მოსალოდნელია, რომ წინასწარ შეთანხმებაზე ხელის მოწერა 15 ნოემბერს ლონდონში დანიშნულ შეხვედრაზე შედგება. სავარაუდოა, რომ კლუბები ყოველწლიურად სახელფასო ფონდის არა უმეტეს 5%-ით გაზრდაზე შეთანხმდებიან.
ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც იდეის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა, "ფულჰემის" მმართველი მოჰამედ ალ-ფაიედია.
მომდევნო სეზონიდან ძალაში შედის პრემიერლიგასა და საკაბელო მაუწყებლებს შორის დადებული ახალი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კლუბები ბევრად უფრო დიდ შემოსავალს მიიღებენ.
ფეხბურთელებსა და მათ აგენტებს იმედი ჰქონდათ, რომ მათთვის ეს ვაჭრობის კარგი საგანი იქნებოდა ახალი ხელშეკრულებებისთვის ბრძოლის საქმეში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ოცნებებს ასრულება არ უწერია.
2010/11 წლების სეზონში პრემიერლიგის კლუბების აუდიტორული შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მათ მარტო ფეხბურთელთა ხელფასებზე 1.5 მილიარდი ფუნტი გაიღეს, რაც საერთო შემოსავლის 69%-ს შეადგენს (2000/01 წლების სეზონზე ანაზღაურებაზე მხოლოდ 61% იხარჯებოდა).
კლუბების საერთო ვალმა მიმდინარე პერიოდისთვის 2.4 მილიარდი შეადგინა. პრემიერლიგელებმა სულ სეზონის განმავლობაში 360 მილიონის წაგება ნახეს. აქედან 197 "მანჩესტერ სიტის" ანგარიშზეა, 68 - "ჩელსის" და 49 - "ლივერპულის". 1990 წელს პრემიერლიგაში ფეხბურთელების საშუალო ხელფასი კვირაში 1775 ფუნტი იყო, 2010-ში კი ნიშნულმა 35 ათასს უწია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"