"არსენალის" ფანები ანდრე სანტოსს აუმხედრდნენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მატჩის მეორე დღეს გამოხმაურებები ყოველთვის საინტერესოა ხოლმე.

ამჯერად გაზეთებმა ყურადღება ანდრე სანტოსის უცნაურ საქციელზე გაამახვილეს, რომელმაც პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რობინ ვან პერსის მაისურის ჩუქება სთხოვა. ეს იყო არა გაცვლა, არამედ საჩუქარი. მასალა goal.com-მა მოამზადა.

"არსენალის" ჩვეულებრივი და არამხოლოდ რიგითი გულშემატკივრები "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიელ მარცხენა მცველს, 29 წლის ანდრე სანტოსს გაუწყრნენ.

მიზეზი ბანალურია - ფეხბურთელმა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ "მეთოფეთა" ყოფილ კაპიტანს, ჰოლანდიელ რობინ ვან პერსის მაისურა გაუცვალა.

"არსენალის" ყოფილი საყრდენის, რეი პარლორის
თქმით, ის გაოგნებულია სანტოსის საქმისადმი არაპროფესიული დამოკიდებულებით.

"ის ალბათ ხუმრობის ხასიათზე იყო, მაგრამ მსგავსი იუმორი ნამდვილად არ მესმის. სანტოსს ერჩივნა, ფეხბურთზე ეფიქრა, რადგან მისი თამაშის ხარისხი აღმაშფოთებელი იყო. მწვრთნელის ადგილზე, მას მინდორს აღარ გავაკარებდი, რადგან პოზიციას მეტისმეტად ხშირად კარგავს," - განუცხადა პარლორმა "სანს".

ანდრეს აკრიტიკებენ სოციალურ ქსელებშიც: "ამ საქციელის შემდეგ ის მოედანზე აღარ უნდა გავიდეს. დაუჯერებელი იყო ის, რაც ამ "მცველმა" პირველი 45 წუთის შემდეგ გააკეთა," - აცხადებს "მეთოფეთა" მავანი გულშემატკივარი.

"ის ყველაზე დიდი კლოუნია, ვისაც კი ოდესმე "არსენალის" ფორმა სცმია," - ასკვნის მეორე. ფანების აზრს იზიარებს ცნობილი ტელეწამყვანი პირს მორგანიც. აი, რას წერს ის: "თუკი დადასტურდა, რომ სანტოსმა ვან პერსის შესვენებამდე სთხოვა მაისურის ჩუქება, "არსენალმა" ის უნდა დაითხოვოს პირველი გუნდიდან".

"არსენალმა" ვან პერსის გოლი უსახსოვრა, სამაგიეროდ, ვან პერსიმ სანტოსს "იუნაიტედის" კვართი აჩუქა," - წერს "ტვიტერზე" "მიდლსბროსა" და ფრანკფურტის "აინტრახტის" ყოფილი თავდამსხმელი იან ოგე ფიორტოფტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული