სტივენ ჯერარდი - "ლივერპულის" ცოცხალი ლეგენდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის X ტურის შეხვედრა "ნიუკასლთან" სტივენ ჯერარდისთვის მე-600 აღმოჩნდა ლივერპულურ კარიერაში.

მან 14 წლის დაუღალავი გარჯისთვის გარი მაკალისტერის ხელიდან სპეციალური პრიზი მიიღო. ინგლისური ფეხბურთის სტატისტიკოსებმა დავთრებს გადახედეს და ის ცხრილი შეადგინეს, რომელსაც მასალის ბოლოში გაეცნობით.

ყველაფერი 1998 წლის 29 ნოემბერს, "ბლექბერნთან" "ენფილდზე" გამართული მატჩით დაიწყო, როცა მოედანზე ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი გამოჩნდა.

მას მერე 18 წლის მერსისაიდელმა ვარსკვლავმა 4-5 წელიწადი მოანდომა რეზერვისტის რანგიდან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის, ხოლო ამის შემდგომ უკვე კაპიტნისა და ლიდერობისთვის ბრძოლას.

14 წლის განმავლობაში ფეხბურთელს ერთადერთხელ ჰქონდა მცდელობა,
"ლივერპულს" გაჰყროდა - 2004 წელს მას "ჩელსი" იწვევდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. ჯერარდი "ენფილდზე" დარჩა.

"წითლების" შემადგენლობაში მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ასოციაციის თასი და სამჯერ ლიგის თასი.

ერთადერთი, რაც მისი ნადავლი არასოდეს ყოფილა, ინგლისის ჩემპიონობაა. სტივენს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ სანუკვარი მიზნის მიღწევის გარეშე კარიერის დასრულება არ მოუწევს.

გთავაზობთ ფრაზებს, რომელიც ჯერარდზე ოდესმე უთქვამთ მის თანაგუნდელებსა თუ უბრალოდ, ფეხბურთის დიდ ვარსკვლავებს:

პეპე რეინა: "სტივი "ლივერპულის" სიმბოლო, მისი სული და გულია. როდესაც ის მინდორზეა, ჩვენთვის ეს უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორია. ის მისაბაძი მაგალითია ყველასთვის როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. რასაც აკეთებს, ისეთი სურვილით, შეუძლებელია, შენც არ გადმოგდოს ენთუზიაზმი. ჯერარდი დაბადებულია, რათა იყოს გამარჯვებული".

ჯეიმი კარაგერი: "სტივი წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია. ყველაფერს მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ ის "ლივერპულის" ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია".

გარი ნევილი: "ჯერარდი ულაპარაკოდ მიეკუთვნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიცხვს. ყოველთვის მინდოდა, რომ მას "იუნაიტედში" ეთამაშა. ერთხელ სასტუმროში შევთავაზე კიდეც, გადმოდი ჩვენთან-მეთქი. მიპასუხა, თუ ჩემთან ერთად გინდა ბურთის გორება, "ენფილდზე" გელოდებიო".

ალექს ფერგიუსონი: "ინგლისში ფეხბურთელებს შორის ჯერარდს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ყველაფერზე, რაც მინდორზე ხდება.

ალბათ, უფრო მეტი, ვიდრე პატრიკ ვიეირას ჰქონდა. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ფრანგს რამე აკლდა, არა, მაგრამ მგონია, რომ სტივი გუნდისთვის უფრო მეტ საქმეს აკეთებს.

წლებია, მის თამაშს ვაკვირდები. თავისუფლად შემიძლია, ის როი კინს გავუტოლო. არ მეგულება მენეჯერი, რომელიც გუნდში ასეთ ფეხბურთელს არ ისურვებდა".


ზინედინ ზიდანი: "მივიჩნევ თუ არა ჯერარდს მსოფლიოში საუკეთესოდ? იცით, შესაძლოა, ის ვერ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ისეთი მასშტაბით, როგორც რონალდო და მესი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია უმაღლესი კლასის ფეხბურთელთა რიგებში ეწეროს.

მას მშვენიერი პირველი პასი აქვს, გადაწყვეტილებას ყოველთვის დროულად იღებს, მაგრამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტივი თანაგუნდელებზე წარმოუდგენელ გავლენას ფლობს. ამ თვისებას ვერასოდეს ისწავლი, ის გენში უნდა გქონდეს".


ტიერი ანრი: "ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ სტივი ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველია. ის თავის თავში აერთიანებს ფეხბურთის უამრავ კარგ მხარეს. "ლივერპული" დღეს ეს ჯერარდია".

ფეხბურთელები, რომელთაც ლივერპულში ყველაზე მეტი თამაში ჩაუტარებიათ:
ფეხბურთელი ჩემპ თასი ლ.თ. ევრო სულ
იან კალაჰანი 640 79 42 89 857
ჯეიმი კარაგერი 490 39 35 145 709
ემლინ ჰიუზი 474 62 46 79 665
რეი კლემენსი 470 54 55 80 665
იან რაში 469 61 78 38 660
ფილ ნილი 455 45 66 74 650
ტომი სმიტი 467 52 30 85 638
ბრიუს გრობელაარი 440 62 70 38 628
ალან ჰანსენი 434 58 68 46 620
სტივენ ჯერარდი 415 35 25 121 600

საუკეთესო ბომბარდირები ლივერპულის ისტორიაში
ფეხბურთელი ჩემპ თასი ლ.თ. ევრო სულ
იან რაში 229 39 48 20 346
როჯერ ჰანტი 245 18 5 17 286
გორდონ ჯონსონი 233 8 0 0 241
ბილი ლიდელი 215 13 0 0 228
რობი ფაულერი 128 12 29 14 183
კენი დალგლიში 118 13 27 11 172
მაიკლ ოუენი 118 8 9 22 158
სტივენ ჯერარდი 91 12 10 38 152

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული