ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
XI ტურის უმთავრესი დაპირისპირება "ჩელსისა" და "ლივერპულს" შორის გაიმართა. ცხადია, ყველაზე საინტერესო სწორედ ამ გუნდების თავკაცების შეფასებაა.

"ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ პრესკონფერენციაზე შემდეგი რამ განაცხადა:

"ჩემს გუნდს მეორე გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. 1:0 ძალიან სარისკო ანგარიშია. მოხდა ზუსტად ის, რისიც გვეშინოდა.

ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეგვიშალა, მაგალითად, "ლივერპულის" მეკარის კარგმა თამაშმა, მომენტების ცუდმა რეალიზაციამ; გაიხსენეთ, პირველი ტაიმის მიწურულს ხუან მატას უნდა გაეტანა აუცილებლად. სახიფათო მომენტებს მერეც ვქმნიდით, მაგრამ რეალიზება არ გვივარგოდა.

მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო
ჯონ ტერის ტრავმაც, ვისი ყოფნა-არყოფნაც გუნდის განწყობაზე სერიოზულად მოქმედებს. მას მუხლი აქვს დაზიანებული. ორშაბათს ჯონს ტომოგრაფიას გადავუღებთ და დავადგენთ, რამდენად სერიოზულია დაზიანება. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. იმედია, ჯვარედინი მყესები არ აქვს გაწყვეტილი.

აუცილებლად უნდა ვთქვა გოლის ეპიზოდზეც. კარაგერის პასის შემდეგ სუარესმა რამირესს ხელი ჰკრა, რამაც ის თავისუფალი სივრცე გამოაჩინა, რომლითაც მეტოქემ შემდგომ იოლად ისარგებლა კიდეც. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ურუგვაელის საგოლე ინსტინქტმა თავისი სიტყვა თქვა".

ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ამ მატჩის მონაწილე კიდევ ერთ ვარსკვლავსაც - სტივენ ჯერარდმა მყესები დაიზიანა, მაგრამ ტერისგან განსხვავებით, სერიოზული არაფერია.

"ლივერპულის" საექიმო შტაბს 12 ნოემბერს უნდა განესაზღვრა, თუ რამდენი დღით მოუწევს დასვენება 32 წლის კაპიტანს.

აი, რას აცხადებს ბრენდან როჯერსი:

"ვფიქრობ, სტივენს სერიოზული არაფერი სჭირს, თუმცა საბოლოო პასუხს მხოლოდ რამდენიმე დღეში თუ გეტყვით. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ თამაშამდე გამოირიცხა ჯონჯო შელვის ასპარეზობა. ის ბარძაყის სერიოზულმა ტკივილმა შეაწუხა.

გადავწყვიტეთ, არ გაგვერისკა და შესაბამისად, ის განაცხადშიც არ შეგვიყვანია. შელვის უკვე უტარებენ გამოკვლევებს ინგლისის ნაკრების ექიმები, ვის ვერდიქტსაც, ცხადია, ვენდობით.

რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში იოლად პროგნოზირებად ფეხბურთს ვთამაშობდით, რაც ჩემი შეცდომა იყო. 3-5-2 სქემა იმიტომ ავირჩიე, რომ ვფიქრობდი, სუარესს სამი ცენტრალური ნახევარმცველი მეტ დახმარებას გაუწევს-მეთქი
. სამაგიეროდ, წინა ხაზში დარჩენილმა ორმა თავდამსხმელმა ვერაფრით გაარკვია, როგორ ეთამაშა პრესინგი მეტოქის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ტაქტიკის განუყოფელი ნაწილია.

როგორც კი 4-3-2-1-ს დავუბრუნდით, თამაშის ხარისხი მალევე გამოვასწორეთ. ჩემთვის, ისევე, როგორც სხვებისთვის, ცნობილი იყო, რომ ამ სტადიონზე თამაში ძალიან ძნელია. სწორედ ამიტომ ვამაყობ, რომ უბრალოდ კი არ გავათანაბრეთ, ბოლოს მოგების შანსიც კი გვქონდა".

ტურის გმირი
ტურის საუკეთესო მოთამაშედ ხავიერ ერნანდესს ვასახელებთ, ფეხბურთელს, ვინც შეცვლაზე შესულმა 45 წუთზე ცოტა ნაკლები მოანდომა "ასტონ ვილასთან" დუბლის შესრულებას. ამას გარდა, სწორედ მისი დარტყმის შემდეგ დალაშქრა ბრედ გუზანის კარი რონ ვლაარმაც.

მექსიკელმა თამაშის შემდეგ განაცხადა, მიმაჩნია, რომ ჰეთ თრიკი შევასრულე, რადგან ვლაარის ავტოგოლის დროს ჩემი დარტყმული აშკარად კარში მიდიოდაო.

ასეა თუ ისე, ოფიციალურად მას მხოლოდ ორი გოლი ჩაეთვალა, მაგრამ ეს მის ღვაწლს "იუნაიტედის" გამარჯვებაში ოდნავადაც არ აკნინებს.

ტურის მწვრთნელი
სერ ალექს ფერგიუსონის
გუნდისთვის მებრძოლი ხასიათი არახალია. "ეშმაკები" ამ თვისებას წლებია, ავლენენ. რომ არა ის, დაგვეთანხმებით, არ შედგებოდა არც 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი და არც კიდევ მრავალი სხვა ტრიუმფალური დღე მანკუნიანელთა ისტორიაში. "ასტონ ვილასთან" 3:2 ერთ-ერთი იყო ამ დაუსრულებელ ისტორიებში.

Sportall.Ge

ბომბარდირები
8 - ლუის სუარესი (ლივერპული), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7 - დემბა ბა (ნიუკასლი)
6 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), მარუან ფელაინი (ევერტონი)
5 - დიმიტარ ბერბატოვი (ფულჰემი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი), კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი)

ასისტენტები
6 - ხუან მატა (ჩელსი)
5 - ედენ აზარი (ჩელსი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრაიან რუისი (ფულჰემი)
4 - ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), ჯობი მაკანუფი (რედინგი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

გოლი+პასი
12 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+4
10 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 8+2, ხუან მატა (ჩელსი) - 4+6
9 - მარუან ფელაინი (ევერტონი) - 6+3
7 - მიგელ მიჩუ (სუონსი) - 6+1, ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი) - 5+2, ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) - 6+1, დიმიტარ ბერბატოვი (ფულჰემი) - 5+2, კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი) - 5+2, ედენ აზარი (ჩელსი) - 2+5, დემბა ბა (ნიუკასლი) - 7+0, უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 2+5, კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი) - 4+3

გაფრთხილებები
6 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი)
5 - ჯეიმს მაკარტური (უიგანი), ანხელ რანხელი (სუონსი), ერიკ ლიშაი (ასტონ ვილა), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი)
4 - პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯეიმს კოლინზი (ვესტ ჰემი), კარიმ ელ-აჰმადი (ასტონ ვილა), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), ლუის სუარესი (ლივერპული), უინსტონ რიდი (ვესტ ჰემი), ფილ ნევილი (ევერტონი), ხონას გუტიერესი (ნიუკასლი), სამბა დიაკიტე (ქუინზ პარკი), ესტებან გრანერო (ქუინზ პარკი), კრის ბერდი (ფულჰემი), მორგან შნაიდერლინი (საუთჰემპტონი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. ედენ აზარი (ჩელსი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
109 მატჩი
71 მოგება
38 ფრე
51 მშრალად შენახული კარები
8 უგოლო მატჩი
301 გოლი
2.82 საშუალო შედეგიანობა
14 ავტოგოლი
1 481 ზუსტი დარტყმა კარებში
1 204 აცილება
436 ფეხბურთელი
286 ლეგიონერი
69 ეროვნების მოთამაშე
2 ჰეთ თრიკი
337 ყვითელი ბარათი
19 წითელი ბარათი
3 875 300 ფანი ტრიბუნებზე

მომდევნო ტური
17 ნოემბერი
არსენალი-ტოტენჰემი, ლივერპული-უიგანი, მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა, ნიუკასლი-სუონსი, ქუინზ პარკი-საუთჰემპტონი, რედინგი-ევერტონი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი, ნორვიჩი-მანჩესტერ სიტი, ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი

18 ნოემბერი
ფულჰემი-სანდერლენდი

19 ნოემბერი
ვესტ ჰემი-სტოკ სიტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური: რასისტი VS რასისტი - 1:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული