სტივენ ჯერარდი - გზა დიდ იუბილემდე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა შვედეთთან ჩასატარებელი მე-100 სანაკრებო მატჩის წინ "სამი ლომის" ლეგენდარული ფეხბურთელ ბობი მურს მიბაძა და მშობლიური სკოლის მოსწავლეებს პირადად შეხვდა.

მასალა 32 წლის ფეხბურთელის ვიზიტზე, "დეილი მეილის" ჟურნალისტმა დომინიკ კინგმა მოამზადა.

"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი კარიერის გამორჩეული მოვლენის აღსანიშნავად ემზადება. მან მოიხედა რა უკან, გადაწყვიტა, გაეხსენებინა ის, თუ საიდან დაიწყო ყველაფერი.

ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფეხბურთელი იმ სკოლას ესტუმრა, სადაც სწავლობდა.

სხვათა შორის, კოლექტიურ ფოტოს ბობი მურის
ანალოგიური სურათის გამეორება შეიძლება ვუწოდოთ, სადაც ის 99 მოსწავლესთან ერთად არის გადაღებული.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ზოგმა ბავშვმა ჯერარდი უბრალოდ ვერ იცნო, ზოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო ის, თუმცა იყვნენ ისეთი ბავშვებიც, რომლებიც "ლივერპულის" სიმღერებს ასრულებდნენ. "მოხარული ვარ, რომ იმ სკოლაში დავბრუნდი, სადაც პირველად 4 წლისა მივედი.

აქ უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ და მშვენიერია, რომ ამის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა.

ეს ის ადგილია, სადაც ბურთს პირველად დავარტყი ფეხი. მაშინ ალბათ ძნელად წარმოიდგენდნენ ჩემი ახლობლები, რომ ოდესმე ეს მოხდებოდა, მაგრამ ახლა, როცა მეასე სანაკრებო თამაშისთვის ვემზადები, არ მქონდა უფლება, არ გამეხსენებინა, თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი.

როცა პირველად ვნახე სერ ბობი მურის ფოტო და გავიგე, რატომ იყო ის გადაღებული, ჩავიფიქრე, რომ მეც ასე უნდა მოვქცეულიყავი. და აი, ოცნება ამიხდა," - განუცხადა ფეხბურთელმა ჟურნალისტს.

ახალწვეული და კრიტიკა
როი ჰოჯსონის მიერ "კრისტალ პალასის" 20 წლის თავდამსხმელის ვილფრიდ ზაჰას ინგლისის ნაკრებში მიწვევა ცოტა მოულოდნელი იყო. მართალია, ფეხმარდი განაპირა თავდამსხმელის შეძენით რამდენიმე გრანდი უკვე დაინტერესდა, მაგრამ რამდენად იმსახურებს ამ პატივს შემტევი, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საფეხბურთო საზოგადოებამ ფაქტი არაერთგვაროვნად მიიღო.

როგორც ჩანს, ფეხბურთელს პრესაში ატეხილმა კამპანიამ თავბრუ დაახვია და ნაკრებში გამგზავრების წინ განაცხადა: "როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების თამაშს ვუყურებ, სულაც არ მიმაჩნია, რომ რომელიმე მათგანი ჩემზე ძლიერია. ცხადია, რონალდოსა და მესის არ ვგულისხმობ".

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 19 თამაშში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

ზემოთაც გითხარით, რომ ზაჰას ნაკრებში გამოძახება ყველას დადებითად არ შეუფასებია. ხანდახან ყველაზე გულწრფელად სიმართლეს "ცნობილი ცუდი ბიჭები" ამბობენ ხოლმე. ინგლისურ ფეხბურთს კი ასეთი ყიამყრალი კაცები არასდროს აკლდა.

ასეთია მაგალითად "ქუინზ პარკის" ყოფილი კაპიტანი ჯოი ბარტონი, ვინც ამჟამად "მარსელში" თამაშობს. აი, რა დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე: "ნამდვილად არ განვეკუთვნები ბოლო პერიოდის მოდური ტენდენციის მომხრეებს და არ მიმაჩნია მართებულად ნაკრებში ფეხბურთელი მხოლოდ იმიტომ მიიწვიო, რომ შემდგომ მან სხვა ქვეყნის სამსახურში ვეღარ მოახერხოს ჩადგომა.

ვგულისხმობ არა რაჰემ სტერლინგს, არამედ ვილფრიდ ზაჰას. მას ჯერ პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებაც კი არ აქვს და როდის დაიმსახურა ინგლისის ნაკრებში მიწვევა? ეს მაშინ, როცა კევინ ნოლანს გოლი გოლზე გააქვს. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ჭკუიდან მშლის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული