"მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის პირველ საფეხურს ორი ადამიანის ინსტინქტის წყალობით დაუბრუნდა. ერთი 70 წლის შოტლანდიელია, მეორე - 24 წლის მექსიკელი.
შარშან, როცა "სიტიმ" თანაქალაქელს ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურის მატჩში ბოლო წამს გამოჰგლიჯა ხელიდან, ყველაფერი ერთმა კომპონენტმა გადაწყვიტა: 10-თვიანი კამპანიის ბოლოს გუნდებს ქულები თანაბრად დაუგროვდათ, "ქალაქელებს" მხოლოდ ბურთების შეფარდება აღმოაჩნდათ უკეთესი.
სხვა დროს ასეთი რამ აღარ უნდა განმეორებულიყო.
1. ძალა მოიკრიბე დამარცხების შემდეგ და 2. მონახე ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც გოლის გატანა შეუძლიათ. მიმდინარე სეზონში სხვა რამეზე ლაპარაკი ნამდვილად ვერ იქნება. მართალია, დაცვის ხაზი საკადრო პრობლემების გამო მოისუსტებს, მაგრამ თავდასხმა ნამდვილად საუკეთესოა.
შაბათს "იუნაიტედი" ასტონვილელი ანდრეას ვაიმანის დუბლით აგებდა. წინა ხაზში რობინ ვან პერსი ირჯებოდა, თავდამსხმელი, ვინც "არსენალიდან" მაისის მოვლენების გამო შეიძინეს. იქვე იყო უეინ რუნი - ხანდახან სუფთა შემტევი, დრო და დრო კი უკან დახეული შემქმნელი ძალა.
ბოსმა გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ იყო. "ვილა" საკუთარ საჯარიმოში იყო ჩამჯდარი და მას გასაღების მორგება სჭირდებოდა. ფერგიუსონმა მინდვრიდან გარემარბი ეშლი იანგი მოხსნა. ის ხავიერ ერნანდესით შეცვალა. უკანასკნელი გოლების "მოპარვის" ოსტატია.
"ჩიჩარიტო" ინგლისის ლიგაში ყველასგან განსხვავდება თამაშის მანერით. მისი უპირატესობა მხოლოდ ძალასა და სისწრაფეზე არ არის დაყრდნობილი.
მექსიკელი მუდამ ჩრდილში იმყოფება და თავის შანსს ეძებს. ის მცველებს მაშინ იჭერს შეცდომაზე, როცა უკანასკნელნი გადაწყვეტილების მიღებას წამიერად აყოვნებენ, იჭრება საჯარიმოში და პოულობს რამდენიმე იარდის თუ არა დუიმის თავისუფალ სივრცეს.
ერნანდესის ძლიერი მხარე შესაბამისი მომენტის შერჩევაა. ის, ფოსტის მტრედის მსგავსად, ინსტინქტებით მოქმედებს. მან სამჯერ შეძლო "ვილას" დაცვაში ამ სივრცის მოპოვება და სამჯერვე გაიტანა.
თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ორი ჩაეთვალა, რადგან ერთხელ საკუთარ კარში გაოგნებულმა მცველმა ჩაჭრა. დაე იყოს ასე, მაგრამ ფაქტია, რომ მატჩის მიმდინარეობა სწორედ მან შეცვალა.
ფერგიუსონის განკარგულებაში ოთხი თავდამსხმელია. ოთხივეს ძირითადში თამაშის პრეტენზია აქვს.
ოთხივე მათგანს ალბათ ავტომატურად ექნებოდა დაჯავშნილი ადგილი სხვა გუნდების სასტარტოში. ფერგიუსონმა უნდა იზრუნოს, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.
მან უნდა დაარწმუნოს კარიერის პიკში მყოფი ფეხბურთელები, რომ გუნდის ინტერესების გამო თავიანთ რიგს უცადონ.
ერნანდესს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რომ "იუნაიტედის" "ოქროს შემცვლელად" იქცეს, რადგან მას, როგორც სხვას არავის, აქვს თვისება, თამაშში იოლად ჩაერთოს. ჯერჯერობით სიტუაცია ასეთია: "იუნაიტედმა" სეზონში 17 თამაში ჩაატარა. აქედან 10-ში აგებდა, მაგრამ 8-ში მაინც შეძლო მოგება.
"ჩიჩარიტომ" 8 გოლი შეაგდო, აქედან 5-ჯერ სწორედ იმ შეხვედრებში, როცა "იუნაიტედმა" თამაში შემოატრიალა.
"არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის გააქვს გოლი, ჩვენ ყველანი აქ გუნდისთვის ვშრომობთ," - აცხადებს ის. თუკი ხავიერს ამის სჯერა, რატომ მოქმედებს ყოველთვის ასე სწრაფად, რათა ბურთზე პირველი აღმოჩნდეს?
გუნდურ სულზე თუ ფიქრობს, ერთი წამით მაინც მიმოიხედებოდა ირგვლივ და შეამჩნევდა რომელიმე თანაგუნდელს, ვისაც მშრალი სერიის დასრულება შეიძლება ჰქონდეს მიზნად. მაგრამ ერნანდესი ასე არასოდეს იქცევა.
არადა, მან თავისი ოლიმპიური ოცნებები შესწირა მსხვერპლად მიზანს, რომ გრძელ ინგლისურ სეზონს დასვენებული შეხვედროდა.
ამ ზაფხულს მექსიკამ ოლიმპიური ოქრო მოიგო. ერნანდესი კი ამას მხოლოდ ტელევიზორთან უყურებდა. შაბათს ფერგიუსონმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ: "მატჩის მომგები ფეხბურთელი კარგ ფორმაშია იმის წყალობით, რომ ზაფხულში კარგად დაისვენა".
გუნდის მართვის შესაძლებლობა მწვრთნელის დამაჯერებლობაშია. ფერგიუსიონს ამჟამად 1999 წლის შემდეგ საუკეთესო თავდასხმის ხაზი ჰყავს.
მაშინ დუაიტ იორკის, ენდი კოულის, ოლე-გუნარ სულშერისა და ტედი შერინგემის წყალობით "იუნაიტედმა" ყველა გადაქელა თავის გზაზე, მოიგო რა პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
ამ გუნდს შესანიშნავად ეხერხება დამარცხებების წარმატებებით ჩანაცვლება. ეს თვისება მწვრთნელს გენებში აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"