ლონდონის პოლიციამ მარკ კლატენბერგის გამოძიება შეწყვიტა

AutoSharing Option
ლონდონის პოლიციამ შეწყვიტა გამოძიება "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" არბიტრის, მარკ კლატენბერგის წინააღმდეგ.

სამართალდამცავების თქმით, არანაირი სამხილი იმისა, რაშიც მას ედავებოდნენ, აღმოჩენილი არ არის.

დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს საფეხბურთო ასოციაციაც, რომლის შედეგები პარასკევ საღამოს გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ფეხბურთელები ხუან მატა და ჯონ ობი მიკელი მსაჯს არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას ედავებოდნენ. ნიგერიელი შეურაცხყოფათა რასისტულ ხასიათზეც ლაპარაკობდა.

კლატენბერგი და მისი ასისტენტები "მირორისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ჩელსის" წარმომადგენლებს, რონი გურლეის (აღმასრულებელი დირექტორი), რობერტო დი მატეოს (მთავარი მწვრთნელი), ჯონ ტერისა (კაპიტანი) და ჯონ ობი მიკელს აქეთ უჩიოდნენ, მატჩის შემდეგ
გასახდელში შემოგვივარდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით, ფეხების გადამტვრევით გვემუქრებოდნენო.

საინტერესოა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება არც დაწყებულა. პოლიციის მიერ საქმის დახურვის შემდეგ არბიტრს კოლეგებთან ერთად ვარჯიშის უფლება მიეცა. წინასწარ ძნელია იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფეხბურთო ასოციაცია, მაგრამ მათ ნამდვილად მოუწევთ იმის გათვალისწინება, რომ კლატენბერგის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში მისი რამდენიმე კოლეგა (მათი გვარები არ სახელდება) პრემიერლიგის მატჩების ბოიკოტით იმუქრება.

გაგრძელება იქნება...
შავკანიან იურისტთა ასოციაცია (The Society of Black Lawyers) ინგლისის საფეხბურთო კავშირსა და საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" რასისტების მფარველობაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით პოლიციაში აპირებს განცხადების შეტანას.

საჯარო ბრალდების მიზეზი გახდა ის, რომ ზემოხსენებულ ორგანიზაციებს არ გამოუჩენიათ ინიციატივა და პოლიციისთვის მარკ კლატენბერგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ მოუთხოვიათ.

"ჩვენი აზრით, ასოციაციისა და "ჩელსის" საქციელი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათ არ სურთ, ინგლისურ ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს რასიზმი.

ეჭვი გვაქვს, რომ პოლიციას არ მიუღია ყველა საბუთი საიმისოდ, რომ კლატენბერგის საქმე სათანადოდ გამოეძიებინა. ამ ამბის გარკვევას ბოლომდე ვაპირებთ.

გვაინტერესებს, მისცეს თუ არა ჩვენებები გამოძიებას მათმა წარმომადგენლებმა," - აცხადებს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი პიტერ ჰერბერტი.

P.S. ამ განცხადებას "ივნინგ სტანდარტის" ფურცლებზე "ჩელსის" პრეზიდენტმა ბრიუს ბაკმა ვრცელი ინტერვიუთი უპასუხა. მასალას ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული