ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტურის წინ: სიძულვილი და დერბი

AutoSharing Option
ტურის უმთავრესი დაპირისპირება "არსენალი"-"ტოტენჰემის" ლონდონური მატჩი იქნება.

გარდა იმისა, რომ მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან, მატჩს დამატებით ინტრიგას მათ შორის არსებული ისტორიული შუღლიც მატებს, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

ალბათ ძნელად თუ მოიძებნებიან გუნდები, რომელთაც ერთმანეთი ასე ძალიან სძულდეთ.

ჩრდილოლონდონური დერბის გარდა XII ტური სხვა საინტერესო თამაშებსაც უმასპინძლებს.

* * *
ის იყო, "ტოტენჰემი" თითქოს ფორმაში შევიდა, რომ მიჯრით მიაწყო წარუმატებელი თამაშები და ლიდერთა ჯგუფს კიდევ ერთხელ დაშორდა. ცუდ ფორმაშია "არსენალიც", რაც მეტოქეთა შანსებს მეტ-ნაკლებად ათანაბრებს.

აი,
რას თქვა ანდრე ვილაშ ბოაშმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე:

"პირველი სამეულისთვის მებრძოლი გუნდები უკვე სერიოზულად მოსწყდნენ კონკურენტებს. დანარჩენებს ალბათ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლის შანსიღა დაგვრჩა. ჰოდა, ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ, რომ "არსენალი" ამ ბრძოლაში უკან ჩამოვიტოვოთ. ვფიქრობ, ყველა ხვდება, თუ რა ძნელი იქნება ამ მიზნის მიღწევა, რადგან ცხადია, რომ მხოლოდ ერთ კონკურენტთან არ მოგვიწევს ბრძოლა. ზოგიერთი ჩვენზე ხშირად ახერხებდა ლიგაში მოხვედრას იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მათთან კლასში სხვაობას ნელ-ნელა ვამცირებდით".

* * *
"ლივერპული" აღმავლობის გზაზეაო, რომ ვთქვათ, გადაჭარბებული იქნება, რადგან "ჩელსისთან" თუნდაც გასვლაზე აღებული ქულა ამის საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ რაც მთავარია, ბრენდან როჯერსის სამწყსო თამაშებს ძველებურად "ხალისით" აღარ აგებს.

"უიგანი" კიდევ, როგორც იქნა, ისეთივე ამოუცნობ გუნდად გადაიქცა, როგორც შარშანდელი სეზონის მიწურულს იყო.

რობერტო მარტინესის შეგირდებმა პრემიერლიგაში ადგილი ძირითადად ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებთან გამარჯვებების წყალობით შეინარჩუნეს.

ჩვენი აზრით, მასპინძლებს მოგების მაინც უკეთესი შანსი აქვთ.

* * *
მოქმედი ჩემპიონი იმ გუნდს მასპინძლობს, რომელსაც წინა ტურში კარგი შანსი ჰქონდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბეჭებზე გაეკრა, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა.

"ქალაქელების" თავს კი უცნაური რამ ხდება, რობერტო მანჩინის გუნდმა დაცვაში თამაში გამოასწორა, სამაგიეროდ თავდასხმაში გაჩნდა პრობლემები, რაშიც თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ: ბოლო სამ შეხვედრაში "სიტიმ" სულ სამი გოლი გაიტანა.

ჩვენი ინგლისელი კოლეგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ჩემპიონს წელს ყველაზე მეტად სწორედ შინ უჭირს საშუალო გაქანების გუნდებთან ჭიდაობა.

ჩვენი პროგნოზით, მასპინძელი ამჯერად მაინც მოახერხებს მინიმუმ ორი ან მეტი ბურთით გამარჯვებას.

* * *
"ნიუკასლი" "სუონსის" მასპინძლობს. ჩვენი აზრით, "კაჭკაჭებს" გაუჭირდებათ მეტოქის ძლევა. მიზეზი გუნდის მეგოლეების ცუდი სათამაშო ფორმაა.

დემბა ბას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და შესაძლოა, ალან პარდიუმ სენეგალელი საერთოდ ვერ გამოიყენოს. პაპის სისე კი თავად აღიარებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში საკუთარი თამაშით.

"სუონსიმ" ბოლო ორი ტური მაღალ დონეზე ჩაატარა, ჯერ იყო და "ჩელსის" აართვა ქულა (1:1), მერე "უიგანს" სძლია (2:1). ეს ისეთი თამაშია, სადაც არანაირი შედეგი არ უნდა გაგვიკვირდეს.

* * *
"გაჭირვებულთა შერკინება" - თამამად შეიძლება "რეინჯერებისა" და "წმინდანების" მატჩს ასე ვუწოდოთ.

მასპინძლები "რედინგთან" ერთად ის უკანასკნელი მოჰიკანები არიან, რომელთაც მიმდინარე სეზონში არ უმარჯვიათ.

ჩვენი პროგნოზით, "ქუინზ პარკი" 17 ნოემბერს ამ უსიამოვნო სერია შეწყვეტს.

* * *
ის, რისი შანსიც აქვს "ქუინზ პარკს", ნამდვილად არ უნდა ემუქრებოდეს "რედინგს".

ბრაიან მაკდერმოტის
გუნდს ძალიან გაუჭირდება მერსისაიდელების ძლევა, რადგან პრაქტიკულად შეუჩერებელია "ლურჯების" შეტევების ლიდერი მარუან ფელაინი, 24 წლის ბელგიელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

ის ერთნაირად ეფექტურია შეტევების დაგვირგვინებასა და შექმნაში. ასე რომ, "არისტოკრატებს" მასთან გამკლავება მოუწევთ.

რამდენად რეალურია ამის გაკეთება? გვეეჭვება. ჩვენი პროგნოზით, "ევერტონი" იოლად აიღებს სამ ქულას. ასევე ფიქრობენ ევროპელი ბუკმეიკერები.

* * *
"ჩელსის" ვესტ ბრომვიჩის "ჰოუტორნსზე" ურთულესი მატჩი ელის გუნდთან, რომელსაც წელს აღებული ქულების 75% სწორედ შინ აქვს დაგროვილი.

მატჩის მთავარი ინტრიგა ის არის, მოახერხებს თუ არა "ჩელსი" ლიდერებთან თუნდაც ამ ჩამორჩენის შენარჩუნებას, რადგან სწორედ ბოლო ორ ტურის წარუმატებლობების წყალობითაა, რომ დედაქალაქელები ლიდერის პოზიციიდან მე-3 ადგილამდე დაქვეითდნენ.

მასპინძელთა თავკაცი სტივ კლარკი ("ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი) რომ კარგი სპეციალისტი იყო, საფეხბურთო სამყარომ აქამდეც იცოდა, მაგრამ წელს ის საოცრებებს ჩადის. იმ შემადგენლობიდან გამომდინარე რაც მის განკარგულებაშია, კლარკი ალბათ მაქსიმუმზე მეტს აკეთებს.

მიზნის მიღწევა "ლურჯებს" ლეგენდარული ფეხბურთელების ჯონ ტერისა და ფრენკ ლემპარდის გარეშე მოუწევთ.

"ლელოს" პროგნოზი ლონდონელთა ფანებისთვის მაინც ოპტიმისტურია. ჩვენი აზრით, ჯოჯოხეთური დეკემბრის გათვალისწინებით, როცა "ჩელსის" 9 თამაში ელის და აქედან 7 გასვლაზე, ისინი ძალებს მოიკრებენ და იმარჯვებენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში რობერტო დი მატეოს გუნდს მესამე ადგილიც საოცნებო გაუხდება.

* * *
17 ნოემბრის საფეხბურთო საღამოს "ნორვიჩი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში დახურავს. ბუნებრივია, ვეთანხმებით ევროპელ ბუკმეიკერებს, რომლებიც ფავორიტად წითელ "ეშმაკებს" ასახელებენ. სხვა თუ არაფერი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაცვის მქონე გუნდს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი უპირისპირდება.

ჩვენი პროგნოზით, ამჯერად "იუნაიტედს" აღარ დასჭირდება ჯერ გოლის გაშვება და მერე მისი დევნა, როგორც ის ამას წელს აკეთებს ხოლმე.

მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრიდან 10 ასე წარიმართა და აქედან 8 მაინც ალექს ფერგიუსონის შეგირდების სასარგებლოდ დასრულდა.

მართალია, უეინ რუნი არ იქნება, მაგრამ შოტლანდიელს კარგი თავდამსხმელების პრობლემა აშკარად არ აწუხებს.

* * *
18 და 19 ნოემბერს პრემიერლიგაში თითო შეხვედრა გაიმართება. "ფულჰემს" "სანდერლენდთან" უპირობოდ ვერა, მაგრამ ფავორიტად კი მივიჩნევთ.

მარტინ იოლის გუნდს ისეთი სტუმარი ჰყავს, რომელსაც წელს გასვლითი თამაშები განსაკუთრებით უჭირს. ლონდონელებმა კი 4-დან 3 თამაში საშინაო "ქრევეინ კოტეჯზე" მოიგეს.

ორშაბათს XII ტურს წერტილს "ვესტ ჰემისა" და "სტოკ სიტის" დაპირისპირება დაუსვამს. "მეთიხეებს" "სანდერლენდისა" არ იყოს, სტუმრად თამაში არ ეხერხებათ.

ვფიქრობთ, "ჩაქუჩებს" მშვენიერი შანსი აქვთ, რომ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარონ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური
17 ნოემბერი
არსენალი-ტოტენჰემი 16:45
ტრავმა: როსიცკი, ფაბიანსკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, დიაბი, ჟერვინიო, გიბსი - კაბული, პარკერი, დემბელე, სანდრო, ასუ-ეკოტო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +63=43-49 (245-216)

ლივერპული-უიგანი 19:00
ტრავმა: რეინა, ბორინი, კელი, ლუკასი, ჯონსონი - მიაიჩი, კრუსატი, მაკარტური, ალკარასი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +7=5-2 (21-10)

მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: რიჩარდსი, მილნერი, ლესკოტი, როდუელი - ჰერდი, დანი, გარდნერი, ბეიკერი, ბენეტი, ნზოგბია, ბენტი, პეტროვი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 144 თამაში: +58=38-48 (227-208)

ნიუკასლი-სუონსი 19:00
ტრავმა: ბა, ამეობი, სიმპსონი, ვუკჩიჩი, ტეილორი, გოსლინგი, პერჩი - ფლორესი, ბარტლი, ვორმი, ტეილორი
დისკვალიფიკაცია: კოლოჩინი -
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0 (6-1)

ქუინზ პარკი-საუთჰემპტონი 19:00
ტრავმა: დაიერი, ჯონსონი, ფაბიო, პარკი - რიჩარდსონი
დისკვალიფიკაცია: მბია -
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +16=10-14 (57-58)

რედინგი-ევერტონი 19:00
ტრავმა: გატრი, მაკარტი, კარაჩანი - ჰიბერტი, ანიჩებე, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+0=5-1 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2 (3-4)

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 19:00
ტრავმა: რიდი, ფოსტერი - ლემპარდი, კოული
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 თამაში: +31=23-42 (143-164)

ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 21:30
ტრავმა: კეინი, მარტინი - ჯონსი, ვიდიჩი, კაგავა, ევანსი, ნანი, რუნი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +8=10-26 (33-70)

18 ნოემბერი
ფულჰემი-სანდერლენდი 20:00
ტრავმა: დიარა, დევისი - მაკფადენი, ბრემბლი, ბრაუნი
დისკვალიფიკაცია: ბერდი - გარდნერი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +12=10-8 (35-30)

19 ნოემბერი
ვესტ ჰემი-სტოკ სიტი 00:00
ტრავმა: დიარა, ტომკინსი, კოლისონი, ტეილორი, ვას ტე, დემელი, კოლინსი - ოუენი, დელაპი, უილსონი
დისკვალიფიკაცია: - უაიტჰედი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +19=9-20 (70-66)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 11 9 0 2 29-16 27
2. სიტი 11 7 4 0 20-10 25
3. ჩელსი 11 7 3 1 23-11 24
4. ევერტონი 11 5 5 1 21-14 20
5. ვესტ ბრომვიჩი 11 6 2 3 17-12 20
6. ვესტ ჰემი 11 5 3 3 14-11 18
7. ტოტენჰემი 11 5 2 4 18-16 17
8. არსენალი 11 4 4 3 18-11 16
9. ფულჰემი 11 4 4 3 24-19 16
10. ნიუკასლი 11 3 5 3 12-15 14
11. სუონსი 11 3 4 4 16-15 13
12. სტოკ სიტი 11 2 6 3 9-10 12
13. ლივერპული 11 2 6 3 14-16 12
14. უიგანი 11 3 2 6 12-18 11
15. ნორვიჩი 11 2 5 4 8-18 11
16. სანდერლენდი 10 1 6 3 7-11 9
17. ასტონ ვილა 11 2 3 6 10-17 9
18. რედინგი 10 0 6 4 12-18 6
19. საუთჰემპტონი 11 1 2 8 15-29 5
20. ქუინზ პარკი 11 0 4 7 8-20 4

ბომბარდირები
8 - ლუის სუარესი (ლივერპული), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 7 - დემბა ბა (ნიუკასლი), 6 - მიგელ მიჩუ (სუონსი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), მარუან ფელაინი (ევერტონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული