ალექს ფერგიუსონის ერთადერთი რეალური მემკვიდრე - ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
ბრიტანული "სანის" ფურცლებზე ჰარი რედნაპმა თავისი მოსაზრებები შემოგვთავაზა "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ. ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა ან ჰყავს. ვნახოთ, ვინ არის რედნაპის რჩეული...

ამ კვირაში ჟოზე მოურინიო ინგლისში ბრუნდება. "რეალს" "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის. ჟოზეს დიდი თაყვანისმცემელი ვარ და იმედია, ამ მატჩზე ბილეთს ვიშოვი.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ჟოზეს პრემიერლიგაში სამუშაოდ დაბრუნება სურს. არ გამიკვირდება, თუკი ის ერთ დღეს თავს მანჩესტერში ამოჰყოფს.

მგონია, რომ მოუ "იუნაიტედს" ჩაიბარებს და არა "სიტის". როცა ალექს ფერგიუსონი კარიერას დაასრულებს, მისი
მემკვიდრეობის არცთუ ისე ბევრი რეალური პრეტენდენტი იქნება. ჟოზე, ისე, როგორც არავინ სხვა, შესაფერისი იქნება ამ პოსტზე. მისი სტილი განსხვავდება ფერგისგან, მაგრამ პორტუგალიელს მაინც მშვენიერი შანსი აქვს, იყოს წარმატებული "ოლდ ტრეფორდზე".

მცდელობამ, რომ დიდი გუნდები ემართათ, არაერთი მწვრთნელი გატეხა წელში. მართვის სადავეების გადაბარება ფერგისგან მით უფრო რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ჟოზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ "განსაკუთრებულია". ის გასწვდება ამ ტვირთს და "იუნაიტედის" ფანებს თავს შეაყვარებს.

მენატრება პრემიერლიგა მასთან ერთად. ჰო, შესაძლოა, ის გულზე ყველას არ ეხატებოდეს, მაგრამ პირადად მას დიდ პატივს ვცემ.

ძალიან ბევრი ცნობილი მწვრთნელი ოცნებობდა, ენახა მოურინიოს დაცემა, მაგრამ ეს არ მოხდა. ჟოზე არასოდეს ყოფილა პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ დაამტკიცა, რომ კარგი მწვრთნელობისთვის ეს არც არის საჭირო. ის, უბრალოდ, ძალიან ბევრს მუშაობდა, რომ მწვერვალისთვის მიეღწია.

მახსოვს, ერთხელ ფრენკ ლემპარდმა მითხრა, რომ ჟოზემ მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა. ფრენკიც ადგა და მწვრთნელს მინდორზე დაუმტკიცა, რომ არ ცდებოდა.

შარშან, როცა ჩემპიონთა ლიგაში ჩემი "ტოტენჰემით" "რეალს" შევხვდი, ჩვენ შორის გულთბილი საუბარი შედგა. მან რამდენიმე ბოთლი ძვირფასი ღვინოც მაჩუქა.

დიახ, ის ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებს წვრთნიდა, მაგრამ ისიც მართალია, რომ მათგან ყოველთვის საუკეთესოს იღებდა. ყველა მწვრთნელს ეს ნამდვილად არ შეუძლია. შეხედეთ "ინტერს" მოურინიოს შემდეგ. იტალიელებმა ასეც ვერ მოახერხეს მასთან განშორების შემდეგ ფეხზე დადგომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული