ოთხეული იმ პერიოდს იხსენებს, როცა "ოლდ ტრეფორდზე" სამუშაოდ რონ ეტკინსის ნაცვლად სერ ალექს ფერგიუსონი მიიწვია.
- ყველაფერი 1986 წლის 4 ნოემბერს დაიწყო...
- ედვარდსი: დიახ, იმ დღეს "საუთჰემპტონთან" ლიგის თასზე 1:4 წავაგეთ. ჩემპიონატში მე-19 ადგილზე ვიყავით, რის გამოც ის წაგება კიდევ უფრო მტკივნეული იყო. ეტკინსს წინა სეზონის შემდეგ გუნდიდან წასვლა სურდა. დებიუტს თითქოს არა უშავდა, მაგრამ წარუმატებლობები გრძელდებოდა და მივხვდით, რომ რაღაც
- ედელსონი: მწვრთნელის შეცვლა მარტინმა შემოგვთავაზა. კანდიდატურა სულ ორი იყო - ფერგიუსონი და ვენეიბლზი. პირველს "აბერდინში" ჰქონდა წარმატებები, მეორეს - "ბარსელონაში".
- უოტკინსი: მარკ ჰიუზი "ბარსელონაში" ახალი გადასული იყო, რაც ვენეიბლზთან შეხვედრის კარგი წინაპირობა იყო.
- ედვარდსი: თავიდანვე ვიცოდით, რომ ალექსი უფრო მეტად გვინდოდა. ტერიზე უარი მალევე ვთქვით. ფერგი კი მას მერე მოგვწონდა, როცა გორდონ სტრახანის ტრანსფერისას შევხვდით.
- ედელსონი: შოტლანდიური ფეხბურთი მაშინ ბევრად უფრო ძლიერი იყო. როგორც გავარკვიეთ, "აბერდინში" ფერგიუსონის თანაშემწე არჩი ნოქსი ზუსტად იმხელა ხელფასს იღებდა, რასაც ჩვენ ეტკინსს ვუხდიდით.
- ედვარდსი: ფერგიზე მოლაპარაკებები გართულდა. აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე კლუბთან ერთდროულად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. ჩვენ "აბერდინს" ყველაზე კარგი წინადადება შევთავაზეთ. ალექსმაც სერიოზულად შეგვიწყო ხელი.
- ჩარლტონი: ფერგიუსონს პირველად 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი ურუგვაისთან მატჩის წინ და მან სულ რაღაც ერთ წუთში მომხიბლა. იქამდე თასების თასის ფინალის წინ გახლდით აბერდინში და მთელი ქალაქი შეშფოთდა, ჩვენი მწვრთნელის წაყვანას ხომ არ აპირებთო. აშკარა იყო, ის მთელ ქალაქს უყვარდა.
- რა მოხდა საუთჰემპტონიდან ჩამოფრენის შემდეგ?
- უოტკინსი: მეორე დღესვე შევხვდი მარტინს, რომ მწვრთნელის შეცვლაზე გველაპარაკა. შევხვდით ბობისაც და მაიკიც დავიბარეთ.
- ედვარდსი: ყველანი შევთანხმდით, რომ ალექსი ყველაზე მისაღები კანდიდატურა იყო. მხოლოდ იმისი გვეშინოდა, ეტკინსის დანიშვნის ისტორია არ განმეორებულიყო. მოკლედ, გვაინტერესებდა ფერგიუსონის პოზიცია იქამდე, ვიდრე მის კლუბს ოფიციალურად შევთავაზებდით მოლაპარაკებების დაწყებას.
- ედელსონი: დავურეკეთ და შეხვედრა იმავე საღამოსთვის დავთქვით. თავდაპირველად საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტას არც ვგეგმავდით.
- ედვარდსი: ვიფიქრე, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლებისთვის "აბერდინის" ოფისში დარეკვა და ფერგიუსონის ტელეფონთან ხმობა მარტივი არ იყო. მაიკმა შემოგვთავაზა, შოტლანდიური აქცენტით გველაპარაკა, ვითომ გორდონ სტახანის წარმომადგენელი ალან გორდონი რეკავდა.
- ედელსონი: ძალიან მეუხერხულა, როცა მდივანმა პირადი შეკითხვები დამისვა და "ოჯახის ამბები" გამომკითხა. ამ დროს მაიკის კაბინეტში სამეული სიცილისგან იატაკზე გორავდა. ფერგიუსონს შემაერთეს, ვისაც უმალ ავუხსენი ვინც ვიყავი და ყურმილი მარტინს გადავაწოდე.
- ედვარდსი: ტელეფონზე დიდხანს არ გვილაპარაკია. მითხრა, რომ შეთანხმება არ გაგვიჭირდებოდა. შეხვედრა იმ საღამოსვე დაითქვა.
- ედელსონი: საჭესთან მე დავჯექი, რადგან მხოლოდ ჩემს მანქანაში იყო ტელეფონი. რაკი ფერგიუსონს ტელეფონი არ ჰქონდა, ჩვენ მანქანების ნომრები ვაცნობეთ ერთმანეთს. როცა შევხვდით, მარტინი ალექსის მანქანაში გადაჯდა და გზას გავუყევით.
- უოტკინსი: ფერგის ცოლის დამ სუფრა გაგვიშალა. ალექსი თავის მოთხოვნებს არ გვიყენებდა. კონტრაქტის დეტალებზე თითქმის არ გვილაპარაკია.
- ედვარდსი: ეს არ იყო გასაუბრება. ჩვენ მის შეფასებას არ ვცდილობდით, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენ ის გვჭირდებოდა. მხოლოდ იმაში გვსურდა დარწმუნება, რომ ის ჩვენს შეთავაზებას მიიღებდა. ფერგი დარწმუნებული იყო, რომ "აბერდინის" ბოსი დიკ დონალდი მას გაათავისუფლებდა.
- უოტკინსი: სხვათა შორის, დონალდის ვაჟი მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. მეორე დღეს უკანა გზაზე გლაზგოში შევჩერდით სასადილოდ. ზოგს ბობი ჯეკი ჩარლტონში (1986 წლის ნოემბრისთვის ჯეკი ის ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. რედ) შეეშალა და ეკითხებოდნენ, ვისი თამაშის სანახავად იყო ჩასული.
- დღეს მარტინ ედვარდსი "იუნაიტედის" საპატიო პრეზიდენტია, დანარჩენები კი კლუბის დირექტორთა საბჭოში შედიხართ. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ფერგიუსონის დანიშვნა არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ჩარლტონი: მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილება. მარტინს იქამდე მთავარი მწვრთნელი უკვე დანიშნული ჰყავდა, მაგრამ ყველასთვის ერთად ეს პირველი იყო.
პასუხისმგებლობის გრძნობა გამძაფრებული მქონდა და ალექსის დანიშვნის შემდეგ რამდენიმე ღამე არ მიძინია. წარმოდგენა არ გვქონდა, თუ ის ამხელა წარმატებებს მიაღწევდა.
- ედვარდსი: მაშინ მართლა ვერ წარმოვიდგენდით, ეს ყოველივე რა შედეგს მოიტანდა. 37 ტიტული 25 წელიწადში, 12 ჩემპიონობა 19 სეზონში - ეს დაუჯერებელია.
- "აბერდინში" წარმატებული მუშაობის გარდა, ფერგიუსონმა კიდევ რითი მოგხიბლათ?
- ედვარდსი: მისი, როგორც ძლიერი მწვრთნელის სახელით. დანიშვნამდე არ გვიმსჯელია გუნდში ალკოჰოლის მოხმარების პრობლემაზე. როცა მუშაობა დაიწყო, უმალ მიხვდა, ვინ სვამდა დასაშვებზე მეტს.
ფერგი სიმკაცრით იყო ცნობილი და გუნდთან პირველი შეხვედრის დროსვე წამოაყენა თავისი მოთხოვნები.
- უოტკინსი: ფერგის მისმა რეპუტაციამ შეუწყო ხელი, რომ გასახდელში სიტუაცია სრულად ეკონტროლებინა.
- ედვარდსი: მას მომენტალურად არაფერი შეუცვლია; პირიქით, შანსი ყველას მისცა, მაგრამ მომდევნო ზაფხულზე გუნდში ვივ ანდერსონი და ბრაიან მაკლერი მოიყვანა. ერთადერთი, რასაც პირველ დღეებშივე მოჰკიდა ხელი, დუბლები იყო.
ახალგაზრდობასთან მუშაობა მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო. პირველი წარუმატებელი წლების შემდეგ იმიტომაც არ დავითხოვეთ, რომ ვიცოდით, ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობით ის აუცილებლად მიაღწევდა პროგრესს.
ვხედავდით, მისი ხელმძღვანელობით გუნდი როგორ მიიწევდა პროგრესისკენ. მისი გათავისუფლება ერთხელაც არ განგვიხილავს.
- ჩარლტონი: ვფიქრობ, მას გაუმართლა კიდეც, რადგან ზურგს მშვიდი და სტაბილური ხელმძღვანელობა უმაგრებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"