მარუან ფელაინის სერიოზული უსიამოვნება ელის

AutoSharing Option
ჯერ კიდევ ტურის მიმოხილვაში ვწერდით, რომ "სტოკ სიტისთან" შეხვედრაში მარუან ფელაინი რაიან შოუკროსს ბინძურად ეთამაშა, მაგრამ მომენტი არბიტრ მარკ ჰალსის ყურადღების მიღმა დარჩა.

არაფერი თქმულა ამის შესახებ არც ჰალსის სამატჩო ოქმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტს უფლება აქვს, ინციდენტის განხილვა თავად დაიწყოს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბელგიელის სათანადოდ დასჯა "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა თავად მოითხოვა.

კლუბის რეაქციამაც არ დაახანა - 25 წლის ნახევარმცველი 150 ათასი ფუნტით (2 კვირის ხელფასით) დაჯარიმდა.

რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, რეჟისორებმა წარმოადგინეს კადრები, სადაც ნათლად ჩანს,
რომ თავით პირდაპირი დარტყმის გარდა, ფელაინიმ სხვა ეპიზოდებში შოუკროსს იდაყვიც უთავაზა და ერთხელ გაშლილი ხელიც ჩასცხო.

სადისციპლინო კომიტეტმა ბელგიელს, შესაძლოა, ყოველი დარტყმისთვის 3-3 თამაშით მისცეს დისკვალიფიკაცია, რაც ჯამში 9 თამაშს შეადგენს.

ფელაინიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ 25 წლის მეტოქეს ცუდად ექცეოდა, მაგრამ ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, აღიარება სანქციის შესაძლო შერბილებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

"დეილი მეილი" ფელაინის მოქმედებას 2011/12 წლების სეზონის ბოლო ტურში, "მანჩესტერ სიტი"-"ქუინზ პარკის" შეხვედრაში ჯოი ბარტონის ქმედებებს ადარებს. მაშინ დისციპლინარებმა 29 წლის ფეხბურთელს 12 მატჩით აუკრძალეს მინდორზე გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე მისცეს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ის დაგეწერათ ჯობდა
England
12:54 18-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული