ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტურის წინ: დიდი უქმეები

AutoSharing Option
"ბოქსინგ დეის" ჯოჯოხეთური რიტმის შემდეგ გუნდებმა სათასო შეხვედრები მოილიეს და აი, ისინი უკვე ჩემპიონატის XXII ტურისთვის ემზადებიან.

მოდი, ვნახოთ, რა ხდება ელიტურ ინგლისურ კლუბებში. საფეხბურთო უქმეები ორ არათანაბრად საინტერესო ნაწილად არის გაყოფილი. 12 იანვარს რვა მატჩი გაიმართება, მაგრამ კვირის ორი ინტრიგით ყველას ერთად გადაწონის. ამაში დასარწმუნებლად უბრალოდ წყვილებს გადახედეთ.

შაბათს პირველ შეხვედრაში "ქუინზ პარკი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მთავარი აქცენტი ამ შემთხვევაში შეიძლება იმაზე გავაკეთოთ, რომ ჰარი რედნაპი ყოფილ კლუბს უპირისპირდება.

გამოცდილმა სპეციალისტმა ყოფილი შეგირდების ავან-ჩავანი იდეალურად იცის და ცხადია, ეს მასპინძელს
გარკვეულ უპირატესობას მისცემს.

რედნაპმა ანდრე ვილაშ ბოაშს გუნდი შეუქო და მას მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული უწოდა. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მისმა "რეინჯერებმა" წინა ტურში გასვლაზე არანაკლებ კარგად დაკომპლექტებული "ჩელსი" დაამარცხეს.

ბუკმეიკერები მოგების მეტ შანსს სტუმრებს აძლევენ.

გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი გუნდები "ასტონ ვილა" და "საუთჰემპტონი" ერთმანეთს უფრო მშვიდი ძილის უფლებისთვის შეერკინებიან.

"წმინდანები" თითქოს უკეთეს ფორმაში უნდა იყვნენ, მაგრამ ასე თამამადაც ვერ ვიტყვით, რადგან ასოციაციის თასზე მათ პირი შეირცხვინეს ("ჩელსისთან" 1:5). ასევე მოიქცნენ ბირმინგემელებიც, ოღონდ ლიგის თასზე. ორი გაჭირვებული გუნდის ჭიდილში ჩვენ უპირატესობას სტუმრებს ვაძლევთ.

"ევერტონი"-"სუონსის" უმასპინძლებს. შეიძლება ითქვას, რომ "გუდისონ პარკზე" 12 იანვრის დღის ცენტრალური მატჩი გაიმართება.

პირველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, მეორე კი მშვენიერ ხასიათზე უნდა იყოს, რადგან ლიგის თასის პირველი 1/2-ფინალური მატჩი მოიგო და გადამწყვეტ დაპირისპირებას სულ ცოტაღა აშორებს.

შინ მერსისაიდელები უპირობო ფავორიტებად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ პირველ წრეში მათ გასვალზეც იოლად იმარჯვეს (3:0).

"ფულჰემმა" სეზონი რიხით დაიწყო. კოტეჯელები იმასაც კი ამბობდნენ, რომ მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აპირებდნენ, მაგრამ საქმე ახლა ისე დაუდგათ, რომ გასავარდნ ზონასთან ბევრად უფრო ახლოს არიან. იმ ზონასთან, საიდან თავის დაღწევასაც მისი დღევანდელი მეტოქე დიდი ხანია ცდილობს.

ფავორიტი აშკარაა: მასპინძელი. 3 ქულის აღების შემთხვევაში დედაქალაქელები ცხრილის შუაწელისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

"ნორვიჩის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია რა ხანია დასრულდა. "იადონებს" ახლა უკვე 4-მატჩიანი სერია აქვთ, ამჯერად წაგებების. წლევანდელი "ნიუკასლი" ნამდვილად არ არის ის გუნდი, ვისთანაც კრის ჰიუტონის გუნდს 3 ქულის აღების პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

პრეტენზია ერთია და ჩვენი პროგნოზით, შეხვედრა ფრედ დამთავრდება. დემბა ბას დამკარგავი "კაჭკაჭები" მეტს ვერ გაწვდებიან.

"რედინგს" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენა კლუბთან მოუწევს დაპირისპირება. "ვესტ ბრომვიჩი" შარშანდელზე ბევრად უკეთ თამაშობს, თუმცა სტივ კლარკის გუნდის ამბიციები მაინც მოჭარბებული გვგონია.

მას ძალიან თუ გაუმართლა, ევროპის ლიგის საგზურს ჩაიგდებს ხელთ. მასპინძელს ნამდვილად აქვს უფლება, ქულაზე მეტი დაგეგმოს, თუმცა სტუმრები სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ მასზე კლასით დაბლა მდგომ მეტოქეებთან ქულებს იშვიათად კარგავენ.

"სტოკ სიტი" პრემიერლიგაში ერთადერთია, ვისაც შინ ჯერ კიდევ არ წაუგია. "მეთიხეები" ისეთ გუნდს დაუხვდებიან, რომელმაც ბოლო 5 გასვლით მატჩში (თასის მატჩების ჩათვლით) ყველა მოიგო და თანაც 16 გოლის გატანა შეძლო.

სტატისტიკოსებს თუ დავუჯერებთ, არ ღირს გახსნილი, შემტევი ფეხბურთის მოლოდინი, რადგან ეს გუნდები მყარი დაცვით გამოირჩევიან. "ჩელსი" ამ მაჩვენებლით პრემიერლიგაში საუკეთესოა ("სიტისთან" ერთად), "სტოკი" კი მას კვალში მისდევს.

ჩვენი პროგნოზით მატჩი შეიძლება სულაც უგოლოდ დასრულდეს. "ბრიტანია სტედიუმის" მკვიდრმა წელს უკვე 5 შეხვედრა დაამთავრა ასე.

მარტინ ონილმა შეძლო ფეხბურთელების დარაზმვა და ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან იმ გუნდს, როგორადაც ხალხი მათ იცნობს. მეორე მხრივ არც "ვესტ ჰემია" ცუდი გუნდი.

"ჩაქუჩებმა" ორი სერიოზული ტრანსფერი გაჩარხეს: ჯო კოული "ლივერპულიდან" და მარუან შამახი "არსენალიდან". შესაბამისად, დედაქალაქელებისგან ნამდვილად უფრო მეტს უნდა ველოდეთ, ვიდრე პირველ წრეში.

"სტედიუმ ოფ ლაითზე" გასამართი შეხვედრა ჩვენი აზრით ფრედ დასრულდება ან სტუმარი მოიგებს ერთი ბურთის სხვაობით.

ახლა კი უქმეების უმთავრეს თამაშებსაც მივადექით. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება. ეს სიტყვები თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი რომელ ადგილზეა, რადგან წყვილში ეს ინტრიგის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია.

მთავარი მდიდარი ტრადიციებია, რასაც ვერც ერთს დავუკარგავთ და ვერც მეორეს.

ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები: რობინ ვან პერსი და ლუის სუარესი. არ დაგავიწყდეთ პატრის ევრასა და ურუგვაელის შარშანდელი სკანდალიც. იმის გათვალისწინებით, რომ უკანა ხაზი მაინცდამაინც გამართული არც ერთს არ აქვს, თამამად შეგიძლიათ ბევრ გოლს ელოდოთ.

ფავორიტის გამოყოფა ამ შემთხვევაში ნამდვილად იოლია: "მანჩესტერი".

დაბოლოს, მოქმედი ჩემპიონი ლონდონში "არსენალს" ეწვევა. მოედანზე რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელს ვერ ვიხილავთ. მათ შორის მარიო ბალოტელის (მწვრთნელთან კონფლიქტი), სერხიო აგუეროს (ტრავმა), სამირ ნასრის (დისკვალიფიკაცია). უკანასკნელი ინფორმაციით ტრავმა გაიმიზეზა არსენალელმა ოლივიე ჟირუმაც. თუმცა უკანასკნელის თამაში საბოლოოდ გამორიცხული ჯერ არ არის.

სავარაუდო შედეგის გამოცნობა ყველაზე რთული სწორედ ამ შეხვედრაში იქნება. გამორიცხული ნამდვილად არაფერია.

ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური
12 იანვარი
ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 15:45
ტრავმა: ჰოილეტი, ტრაორე, ბოსინგვა, ზამორა, ჯონსონი – გალასი, კაბული
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +13=13-15 (56-60)

ასტონ ვილა-საუთჰემპტონი 19:00
ტრავმა: ვესტვუდი, ბეიკერი, ვლაარი, დანი, გ. გარდნერი - ლალანა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 თამაში: +21=15-19 (69-72)

ევერტონი-სუონსი 19:00
ტრავმა: მირალიაში, ჰიბერტი, გიბსონი – ნ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +6=1-0 (17-4)

ფულჰემი-უიგანი 19:00
ტრავმა: დიარა, ს. დევისი – კრუსატი, მიაიჩი, უოტსონი, პისკუ
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=10-4 (29-17)

ნორვიჩი-ნიუკასლი 19:00
ტრავმა: უიტეკერი, სერმანი, მორისონი, რადი – გოსლინგი, სიმპსონი, ბენ არფა, რ. ტეილორი, ვუკჩიჩი
დისკვალიფიკაცია: - შ. ამეობი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +9=7-13 (37-50)

რედინგი-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: მაკარტი – პოპოვი, ოლსონი, რიდი, იაკობი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=5-7 (22-26)

სტოკი-ჩელსი 19:00
ტრავმა: უილსონი, დელაპი – ბენაიუნი, ჩეხი, ტერი, რომეუ
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 თამაში: +19=15-30 (88-95)

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 19:00
ტრავმა: სესინიონი, ოში, ბრაუნი, კატერმოული – მაკარტნი, დიამე, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +25=17-24 (98-97)

13 იანვარი
იუნაიტედი-ლივერპული 17:30
ტრავმა: ანდერსონი, რუნი, ნანი – ბორინი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +15=12-11 (57-53)

არსენალი-სიტი 20:00
ტრავმა:
დისკვალიფიკაცია: - ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +15=12-11 (57-53)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტურის შეჯამება: ახალი წლის პირველი სენსაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული