ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური: გამარჯვება 37 წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
XXII ტურის პირველ დღეს რამდენიმე უცნაურობა აღინიშნა. 8-იდან არც ერთ შეხვედრაში არბიტრებს წითელი ბარათის გამოყენება არ დასჭირვებიათ.

ეს კიდევ არაფერი, საფეხბურთო თემიდამ "ყვითლებიც" კი ცოტა დაარიგა (სულ 17).

და რაც მთავარია, 3 შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, რაც ისეთ სახელგანთქმულ სანახაობას, როგორიც ინგლისური ფეხბურთია, მაინცდამაინც სახელს ვერ მატებს.

უმთავრესი ინტრიგა კი 13 იანვარს, საღამოს გათამაშდა. ამ ყველაფერზე ქვემოთ დაწვრილებით გიამბობთ.

უკანასკნელი ბასტიონი
უმაღლეს დივიზიონში "ბრიტანია სტედიუმი" უკანასკნელი დაეცა. დიახ, აქამდე ტონი პულისის გუნდს შინ წაგებული არ ჰქონდა.

სამწუხაროა, რომ ეს წაქცევა ასეთი
მწარე აღმოჩნდა. ყველაზე დიდი როლი რაფა ბენიტესის "ტრიუმფში" მასპინძელთა 29 წლის ირლანდიელმა თავდამსხმელმა ჯონათან უოლტერსმა ითამაშა, ვინც საკუთარი კარი ორჯერ დალაშქრა.

VideoSportall.Ge
სტოკი - ჩელსი 0:4


იქამდე "მეთიხეები" ბევრს ცდილობდნენ. მე-8 წუთზე კენუაინ ჯონსმა კინაღამ ანგარიშიც გახსნა. სესარ ასპილიკუეტა ტყუილად ცდილობდა მეტოქისთვის ხელის შეშლას. ტრინიდადელმა კარგი მომენტი გაანიავა.

უსაქმოდ არც "ჩელსი" მჯდარა. 25-ეზე ფრენკ ლამპარდს მართებდა ახლო მანძილიდან გატანა, მაგრამ ასმირ ბეგოვიჩმა ბურთი ბოლო მომენტშიღა მოიგერია ფეხით. 10 წუთში მან დემბა ბასაც კარგი მომენტი აუღო. ტაიმის ბოლოს კი უოლტერსმა პირველად "გაისროლა" - ხუან მატას დაასწრო და თავით საკუთარ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

63-ე წუთზე მან უკვე ლამპარდს შეუშალა ხელი დარტყმაში და ისევ "შედეგიანად". ბეგოვიჩს არც ამჯერად ჰქონია აღების შანსი. ორიოდე წუთში ხუამ მატას საჯარიმოში რაიან შოუკროსი წინიდან ჩაუხტა, რობერტ ჰუთმა კი ზურგში ხელი ჰკრა, რის გამოც სამართლიანი 11-მეტრიანი დაინიშნა. ლამპარდმა ცენტრში ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

73-ეზე ედენ აზარმა 26-27 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით შეხვედრას წერტილი დაუსვა.

უოლტერსს შეეძლო, დანაშაული მცირედით მაინც გამოესყიდა, მაგრამ საბრალო ირლანდიელმა თავისივე მონადირებული პენალტი ხარიხას გაარტყა.

ბრძოლა გადასარჩენად
ყველაზე საინტერესო მატჩი რედინგის "მადეისკიზე" გაიმართა. ბუკმეიკერები შეხვედრის ფავორიტად "ვესტ ბრომვიჩს" მიიჩნევდნენ. მათი პროგნოზის გამართლებას თითქოს აღარაფერი აკლდა, მაგრამ...

"არისტოკრატებმა" (ამ მეტსახელით ინგლისში სწორედ "რედინგს" იცნობენ და არა "ჩელსის") ბოლო 8 წუთის (პლუს მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო) განმავლობაში თამაშის ჩარხი შემოატრიალეს. ჯერ ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მერე კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

ყველაფერი 82-ე წუთიდან დაიწყო, როცა შეცვლაზე შესულმა გარეთ მაკლირიმ შორეულ ძელთან ჯიმი კებეს თავზე ჩაუწოდა. უკანასკნელს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია. იმავე კებეს წაქცევისთვის დაინიშნა პენალტიც, რომელიც ადამ ლე ფონდრემ გამოიყენა. პაველ პოგრებნიაკმა კი სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გამოიჩინა თავი.

ონილის გუნდი დაიქოქა
"სანდერლენდი" ნელ-ნელა მოდის გონზე. "შავმა კატებმა" "ჩაქუჩებს" "სტედიუმ ოფ ლაითზე" შავი დღე აყარეს. ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა სებასტიან ლარსონის ულამაზესი გოლით.

მასპინძლებს იქამდეც შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თანაც ორჯერ. მეორე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. იუსი იასკელაინენმა ჯეიმს მაკლინს ურთულესი დარტყმა აუღო. მცველებმა, გამოტანის ნაცვლად, ბურთი მეტოქეს გადააბარეს, რითაც ადამ ჯონსონმა ისარგებლა.

ბოლოს კი სტეფან სესინიონმა გაიბრწყინა, როცა "ვესტ ჰემის" მთელი უკანა ხაზი საკუთარი შოუს მაყურებლად აქცია.

საბოლოოდ ბენინელმა მაკლინს გაუმართა ხელი. ირლანდიელმა მახვილი კუთხიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

განიავებული შანსები
ჰარი რედნაპის ყოფილ კლუბთან დაპირისპირება ძალიან გაუჭირდა "ქუინზ პარკს". "დეზები" მთელი თამაშის განმავლობაში სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ. რომ არა ჟულიო სეზარის ფანტასტიკური თამაში, "რეინჯერები", უბრალოდ, წააგებდნენ კი არა, ალბათ განადგურდებოდნენ კიდეც.

ბრაზილიელმა ვეტერანმა ჯერმეინ დეფოსა და ემანუელ ადებაიორს აუღო საოცარი მომენტები. თავის მხრივ, მასპინძლები შონ რაიტ-ფილიპსის ერთი-ორი გამოხტომით შემოიფარგლნენ.

თამაშის დასრულების შემდეგ ჩრდილოლონდონელთა ფანებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა: დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ადებაიორმა აფრიკის თასზე წასვლა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა. ტოგოელმა უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში წასვლა-არწასვლა რამდენჯერმე გადათქვა.

კიდევ ერთი შეცდომა
"ვილა პარკზე" გაჭირვებულ "ასტონ ვილას" არბიტრმა მარკ ჰალსიმ "ქვა აღმართში დააწია", როცა 35-ე წუთზე ბრედ გუზანის კარში არარსებული პენალტი დანიშნა.

ენდა სტივენსსა და ჯეი როდრიგესს შორის კონტაქტი აშკარად არ ყოფილა. ამის მიუხედავად, უკანასკნელი დამაჯერებლად განერთხა მიწას. რიკი ლამბერტმა საჩუქარი მშვიდად გამოიყენა.

ბირმინგემელებს გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში შეეძლოთ, მაგრამ სტივენსს არტურ ბორუცმა აუღო, კრისტიან ბენტეკემ კი დამატებაზე კარს 3-4 მეტრიდან ააცილა.

ასეთი წაგება სირცხვილი არ არის
13 იანვრის სათამაშო დღე პრემიერლიგის ყველაზე დიდი დაპირისპირებით გაიხსნა. "ოლდ ტრეფორდს" "ლივერპული" ეწვია.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ლივერპული 2:1


დებიუტი დიდად საინტერესო ნამდვილად არ ყოფილა. პირველივე სახიფათო სიტუაცია გოლით დასრულდა. მე-20 წუთზე ტომ კლევერლიმ ბურთი პატრის ევრას დაუგორა. ფრანგმა კი ცენტრში რობინ ვან პერსი მოძებნა, ვინც დანიელ აგერს დაასწრო და 4 მეტრიდან კარში გადაგზავნა. პეპე რეინა უძლური იყო.

5-6 წუთში ჰოლანდიელს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა დენი უელბეკის პასის შემდეგ ბურთი ხარიხას გადააცილა.

"წითელ ეშმაკებს" ტაიმის ბოლოს ორჯერ შეეძლოთ გატანა. მიზანი ჯერ კლევერლის გაუცუდდა, შემდეგ კი ერთ შეტევაში ვან პერსისა და შინჯი კაგავას.

მეორე ტაიმში "ლივერპული" სულ სხვანაირად ალესილი გამოვიდა მოედანზე. ერთი-ორჯერ სახიფათოდაც გაისროლა, თუმცა გოლი აქეთ მიიღო. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ ბურთთან ევრა და ნემანია ვიდიჩი გაჩნდნენ. პირველმა თავური დარტყმა მეორეს მოარტყა და ასე გაატანინა.

3 წუთში "ლივერპულმა" სხვაობა შეამცირა. სტივ ჯერარდის ძლიერი დარტყმა დავიდ დე ხეამ მოიგერია, მაგრამ ესპანელი დენიელ სტარიჯის დამატებულს უკვე ვეღარ გაუმკლავდა.

თამაშის ბოლო წუთები სტუმართა სერიოზული უპირატესობით წარიმართა. სტარიჯს შეეძლო, მერსისაიდელი ფანების გული საბოლოოდ მოეგო, მაგრამ თავდამსხმელს ეს არ გამოუვიდა.

ბრენდან როჯერსისგან განსხვავებით, საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხით ძალიან უკმაყოფილო უნდა დარჩენილიყო არსენ ვენგერი.

ამას გარკვეული გამართლება აქვს, რადგან "მეთოფეები" კაცნაკლულნი მე-10 წუთზევე დარჩნენ, მაგრამ მათ ვერც მაშინ დააკლეს "სიტის" დაცვას რამე, როცა "სიტიც" 10 კაცით დარჩა.

VideoSportall.Ge
არსენალი - მანჩესტერ სიტი 0:2


ერთი სიტყვით, მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქეს გვარიანი ალიყური უთავაზეს.

ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური
ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 0:0
ქუინზ პარკი (4-3-3): ჟ. სეზარი - ფაბიო, ჰილი, ნელსენი, ონუოჰა - მბია, პარკი, დერი - რაიტ-ფილიპსი, ტაარაბტი, მაკი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნაუტონი - სანდრო (25. პარკერი), დემბელე, ბეილი, ლენონი (79. სიგურდსონი) - ადებაიორი (69. დემპსი), დეფო
გაფრთხილება: მბია - დემბელე
კარში დარტყმა: 3-15 (2-8) კუთხური: 2-6 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 11-10 ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 18 018

ასტონ ვილა-საუთჰემპ. 0:1
გოლი: 0:1 ლამბერტი (35-პენ)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - სტივენსი, ბეიკერი, კლარკი, ლოუტონი - ნზოგბია (63. აგბონლაჰორი), დელფი, ვესტვუდი (78. ბოუერი), ჰოლმენი (46. ბენანი) - ვაიმანი, ბენტეკე
საუთჰემპტონი (4-4-2): ბორუცი - კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, შოუ (87. დე რიდერი) - კორკი, შნაიდერლინი, როდრიგესი, პანჩეონი (82. ს. დევისი) - ლამბერტი, რამირესი (77. ფოქსი)
გაფრთხილება: ვაიმანი - ბორუცი
კარში დარტყმა: 10-8 (4-3) კუთხური: 9-5 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 12-6 ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 32 500

ევერტონი-სუონსი 0:0
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ბეინსი, დისტენი, იაგიელკა, კოულმენი - პიენაარი, ოსმანი, ნევილი (69. ნეისმიტი), ფელაინი - ანიჩებე (83. ველიოსი), იელავიჩი
სუონსი (4-4-2): ვორმი - ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, ბ. დევისი - კი, რანხელი, აგუსტიენი, დაიერი (58. დე გუზმანი) - მიჩუ (82. გრემი), ერნანდესი (73. რუტლეჯი)
გაფრთხილება: ბეინსი - ერნანდესი, მიჩუ, ვორმი, ტიენდალი
კარში დარტყმა: 9-4 (4-3) კუთხური: 7-1 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 782

ფულჰემი-უიგანი 1:1
გოლები: 1:0 კარაგუნისი (22), 1:1 დი სანტო (71)
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიჩარდსონი, ჰიუზი, ჰანგელანდი, რიტერი - კაჩანიკლიჩი (87. დეჟაგა), კარაგუნისი, დაფი (82. ბერდი), რუისი - პეტრიჩი (65. როდალიეგა), ბერბატოვი
უიგანი (3-5-2): ალ ჰაბსი - ფიგეროა, კოლდუელი, რამისი (90+1. სტამი) - ჯონსი (66. გომესი), ბოისი, მაკარტური, ბოსეჟური, მაკარტი - დი სანტო, მელონი
გაფრთხილება: - მაკარტური
კარში დარტყმა: 9-12 (2-7) კუთხური: 6-8 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 9-17 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 25 542

ნორვიჩი-ნიუკასლი 0:0
ნორვიჩი (4-4-1-1): ბენი - გარიდო, ტერნერი, ბასონგი, მარტინი - ტეტი, ბ. ჯონსონი, სნოდგრასი (77. ე. ბენეტი), პიკლინგტონი - ჰულაჰანი - ჯექსონი (68. ჰოლტი)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - ანიტა (84. ბიგირიმანა), ობერტანი (57. კაბაი), პერჩი, მარვო - პ. სისე, ხონასი
გაფრთხილება: - დებუში
კარში დარტყმა: 9-5 (3-2) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 5-9 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 26 752

რედინგი-ვესტ ბრომვიჩი 3:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (19), 0:2 ლუკაკუ (69), 1:2 კებე (82), 2:2 ლე ფონდრე (88-პენ), 3:2 პოგრებნიაკი (90)
რედინგი (4-1-4-1): ფედერიჩი - ჰარტი, პირსი, მარიაპა, განტერი - კარიკო (46. მაკლირი) - გატრი, კარაჯანი (65. ლე ფონდრე), მაკანუფი, კებე - პოგრებნიაკი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ჯონსი, მაკოლი, ოლსონი, რიჯუელი - ბრანტი, დორანსი (79. როსენბერგი), ტორნი, მორისონი - ტომასი, ლუკაკუ
გაფრთხილება: პოგრებნიაკი - ბ. ჯონსი
კარში დარტყმა: 10-7 (5-4) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 18-11 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 23 495

სტოკი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 უოლტერსი (45-ს.კ-ში), 0:2 უოლტერსი (63-ს.კ-ში), 0:3 ლამპარდი (66-პენ), 0:4 აზარი (73)
90-ე წთ-ზე პენალტი ვერ გაიტანა უოლტერსმა
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, კემერონი - უელანი, ნზონზი - ეთერინგტონი (86. კაიტლი), ადამი (79. უაიტჰედი) - კ ჯონსი (79. ჯერომი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა (83. ფერეირა), ლუისი, ივანოვიჩი, კოული - რამირესი, ლამპარდი - აზარი, მატა (79. ტერი), ბერტრანი - ბა (71. ტორესი)
გაფრთხილება: უილკინსონი -
კარში დარტყმა: 10-9 (5-7) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 14-8 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 27 348

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 3:0
გოლები: 1:0 ლარსონი (12), 2:0 ა. ჯონსონი (47), 3:0 მაკლინი (74)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - კოლბეკი, ბრამბლი, ოში, გარდნერი - ლარსონი, ვონი, მაკლინი, ა. ჯონსონი (84. ნდიაიე) - სესინიონი (88. მაკფადენი), ფლეტჩერი (79. უიკჰემი)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასეკლაინენი - დემელი, კოლინსი (34. ტომკინსი), რიდი, პოტსი - დიარა, ჯ. კოული, ნოლანი, კოლისონი (46. ვას ტე) - ჯარვისი, კ. კოული (56. შამახი)
გაფრთხილება: - დიარა, ტომკინსი, რიდი
კარში დარტყმა: 12-8 (7-3) კუთხური: 4-5 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 11-14 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 39 918

იუნაიტედი-ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (19), 2:0 ვიდიჩი (54), 2:1 სტარიჯი (57)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ევრა, ვიდიჩი (79. სმოლინგი), რ. ფერდინანდი, რაფაელი - კლევერლი, კერიკი - უელბეკი, კაგავა (77. ჯონსი), იანგი (46. ვალენსია) - ვან პერსი
ლივერპული (4-1-4-1): რეინა - უისდომი, შკრტელი, აგერი, გ. ჯონსონი - ლუკასი (46. სტარიჯი) - ჯერარდი, ალენი (80. ჰენდერსონი), სტერლინგი (62. ბორინი), დაუნინგი - სუარესი
გაფრთხილება: ევრა - ლუკასი, შკრტელი, ჯონსონი, აგერი
კარში დარტყმა: 10-10 (5-3) კუთხური: 3-1 თამაშგარე: 0-1 ჯარიმა: 14-16 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 75 501

არსენალი-სიტი 0:2
გოლები: 0:1 მილნერი (21), 0:2 ჯეკო (32)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - გიბსი, ვერმალენი, კოშელნი, სანია - უიშირი, დიაბი (61. რემსი) - პოდოლსკი (57. ჟირუ), კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (12. მერტეზაკერი) - უოლკოტი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ხ. გარსია, ბერი - მილნერი, დ. სილვა (90+2. კოლაროვი), ტევესი (77. ლესკოტი) - ჯეკო (88. ბალოტელი)
გაფრთხილება: ვერმალენი, უილშირი - მილნერი, კლიში, ხ. გარსია, ბერი
გაძევება: კოშელნი (10) - კომპანი (75)
კარში დარტყმა: 6-11 (2-5) კუთხური: 2-7 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 11-18 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 60 107

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 17 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 15 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ჩელსი)

მომდევნო ტური
19 იანვარი:
ლივერპული-ნორვიჩი, მანჩესტერ სიტი-ფულჰემი, ნიუკასლი-რედინგი, სუონსი-სტოკ სიტი, ვესტ ჰემი-ქუინზ პარკი, უიგანი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა

20 იანვარი:

ჩელსი-არსენალი, ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

21 იანვარი:

საუთჰემპტონი-ევერტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კალაძეს ალბათმაგრად გაუხარდა რომ მასავითყაზი რომ არის 2-ი ბურთის გამტანი საკუთარ კარში
sasa
12:23 14-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული