ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: შეცდომის ფასი

AutoSharing Option
XXII ტურის ცენტრალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის გაიმართა.

ამ შეხვედრაზე მიმოხილვაში უკვე ვილაპარაკეთ.

თანაც, "ოლდ ტრეფორდზე" 90 წუთის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რასაც ვერ ვიტყვით კვირა საღამოს მეორე დაპირისპირებაზე.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ლივერპული 2:1


მაიკ დინმა "არსენალს" მე-10 წუთზე საეჭვო ვითარებაში გაუძევა ლორან კოშელნი და მთელი გეგმები წყალში ჩაუყარა, რადგან არსენ ვენგერს გუნდის გადაწყობა მოუხდა.

ვერ გეტყვით, დინი ფიქრობდა თუ არა ამაზე, მაგრამ 75-ე წუთზე მან უკვე სტუმართა კაპიტან ვენსან კომპანის უჩვენა წითელი ბარათი (აქაც შეიძლებოდა ყვითელი
ბარათით დაკმაყოფილება) და ამით, ერთგვარად, ბალანსი აღადგინა.

"არსენალის" წარმომადგენლებს ფრანგი ცენტრალური მცველის გაძევებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. რაც შეეხება "სიტის", ჩემპიონების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბი შეეცდება, ასოციაცია დაარწმუნოს, რომ კომპანის ბარათი გააუქმოს.

VideoSportall.Ge
არსენალი - მანჩესტერ სიტი 0:2


მაიკ დინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მოეწონა რობერტო მანჩინისაც. აი, რას ამბობს იტალიელი სპეციალისტი:

"განმეორებით ვნახე კომპანის წითელი ბარათის ეპიზოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი კაპიტნის მხრიდან ჯარიმა, რომელიც ასეთ მკაცრ რეაქციას ითხოვდა, ნამდვილად არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ არბიტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა.

ჩვენ ამის შემდეგაც კარგად ვთამაშობდით, ისევე, როგორც
"ნორვიჩსა" და "ვესტ ჰემთან", როცა ასევე კაცნაკლულები დავრჩით.

"ემირიტსზე" მოგება შესანიშნავი შედეგია. მოხარული ვარ, რომ პრინციპულ მეტოქესთან 37-წლიანი გასვლითი მოუგებელი სერია დავასრულეთ".

"ტვიტერზე" კომენტარი გააკეთა თავად "ქალაქელთა" ბელგიელმა ვარსკვლავმაც:

"ვულოცავ მთელ გუნდს და ჩვენს გულშემატკივარს ამ მოგებას. ამასთან, მესმის, რომ ურთულესი პროფესიაა და მატჩის არბიტრზე ნაწყენი ამიტომაც არ ვარ.

იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება აპელაცია, მე მცველი ვარ და არასოდეს ვიქნები დაზღვეული მსგავსი პრობლემებისგან, თუმცა გარწმუნებთ, რომ წინასწარი განზრახვით არასოდეს მივაყენებ ტრავმას მეტოქეს".


ბომბარდირები
17 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
15 - ლუის სუარესი (ლივერპული)
13 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)
10 - ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

ასისტენტები
8 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ხუან მატა (ჩელსი)
7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
6 - ედენ აზარი (ჩელსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბრაიან რუისი (ფულჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი)

გოლი+პასი
23 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 17+6
18 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 15+3
15 - ხუან მატა (ჩელსი) - 7+8
14 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) 7+7, მიგელ მიჩუ (სუონსი) - 13+1, თეო უოლკოტი (არსენალი) 8+6

გაფრთხილებები
7 - კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ანხელ რანხელი (სუონსი), დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ლუის სუარესი (ლივერპული), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი)
6 -პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი), მაიკ უილიამსონი (ნიუკასლი), გარი კოლდუელი (უიგანი), ჯეიმს მაკარტური (უიგანი)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2. ხუან მატა (ჩელსი)
3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)
4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
5. იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის
218 მატჩი
154 მოგება
64 ფრე
113 მშრალად შენახული კარები
20 უგოლო მატჩი
619 გოლი
6 ჰეთ თრიკი
37 პენალტი
19 ჯარიმა
117 თავით
444 ფეხით (+სხვა)
2.83 საშუალო შედეგიანობა
30 ავტოგოლი
473 ფეხბურთელი
26.0 საშუალო ასაკი
309 ლეგიონერი
71 ეროვნების მოთამაშე
661 ყვითელი ბარათი
29 წითელი ბარათი
8 გაძევება ორი ყვითლით
21 გაძევება წითელი ბარათით

ტურის მწვრთნელი
მიმდინარე სეზონში თამაშების შემობრუნებას ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეგვაჩვია, მაგრამ ამ ილეთს სხვა გუნდებიც მიმართავენ.

ერთი ბურთი კიდევ არაფერი, მაგრამ როცა აუტსაიდერი 8 წუთში ორბურთიან სხვაობას აბათილებს და მერე ამ შეხვედრას იგებს კიდეც, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. სწორედ ასე მოიქცა ბრაიან მაკდერმოტის "რედინგი" "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში. ჩვენი არჩევანიც ამ ფაქტორმა განაპირობა.

აი, რა განაცხადა თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე "არისტოკრატთა" 51 წლის დამრიგებელმა:

"შეუძლებელია, რაიმე გავლენა მოვახდინოთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენი კონკურენტების თამაშებში. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ეს საკუთარი საქმის კეთებაა.

თქვენი თვალით ნახეთ, რომ ჩემმა გუნდმა ბოლო წუთებში თავისი ნამდვილი ხასიათი გამოავლინა და გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა. თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
".

ტურის გმირი
XXII ტურის გმირად ფრენკ ლემპარდს ვირჩევთ. გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მიგვიღია, რომ 34 წლის ფეხბურთელი "სტოკ სიტისთან" ფანტასტიკურად გაისარჯა და მოედანზე საუკეთესო იყო.

"ბრიტანია სტედიუმზე" მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დედაქალაქური გრანდის ისტორიაში საკუთარი სახელის სამუდამოდ ჩასაწერად.

VideoSportall.Ge
სტოკი - ჩელსი 0:4


66-ე წუთზე რეალიზებული პენალტით ის "ჩელსის" ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზე გადავიდა. ლემპსის ანგარიშზე ახლა 194 შედეგიანი დარტყმაა - ერთით მეტი, ვიდრე კერი დიქსონის და მხოლოდ 8-ით ნაკლები, ვიდრე პირველადგილოსანი ბობი ტემბლინგის.

ტურის ანტიგმირი
აღნიშნული რუბრიკა ტურის შეჯამებაში აქამდე არ გვქონია და რაიმე გამონაკლისი შემთხვევა თუ არ მოხდა, არც გვექნება, მაგრამ დღეს სწორედ ეს შემთხვევაა. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ საქმე "სტოკ სიტის" ირლანდიელ თავდამსხმელს, 29 წლის ჯონათან უოლტერსს ეხება.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგელებმა სულ 30-ჯერ დალაშქრეს საკუთარი კარი. აქედან 2-2-ჯერ ეს "საუთჰემპტონის" მცველმა იოს ჰოიველდმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" უკანახაზელმა ჯონი ევანსმა გააკეთეს. ოღონდ აქ ერთი სხვაობაა: მათ ეს სხვადასხვა თამაშში ჩაიდინეს.

დუბლი საკუთარ კარში ჯერ არავის შეუსრულებია და მით უფრო, ზედ გაფუჭებული პენალტიც არავის დაუმატებია. უოლტერსის გარდა, "თავის გამოჩენა" ამპლუით კიდევ ორმა თავდამსხმელმა შეძლო: უეინ რუნიმ ("მანჩესტერ იუნაიტედი") და დემბა ბამ ("ნიუკასლის" რიგებში).

Sportall.Ge

მომდევნო ტური
19 იანვარი: ლივერპული-ნორვიჩი, მანჩესტერ სიტი-ფულჰემი, ნიუკასლი-რედინგი, სუონსი-სტოკ სიტი, ვესტ ჰემი-ქუინზ პარკი, უიგანი-სანდერლენდი, ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა

20 იანვარი
: ჩელსი-არსენალი, ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

21 იანვარი: საუთჰემპტონი-ევერტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური: გამარჯვება 37 წლის შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული