ჯეიმი რედნაპი სახელოვანი საფეხბურთო ოჯახიდანაა.
ის ჰარი რედნაპის ვაჟი და ფრენკ ლამპარდის ალალი ბიძაშვილია. მიუხედავად დიდი პოტენციალისა, ფეხბურთელობისას მან ბოლომდე საკუთარი სათქმელი ვერ თქვა, რისი უმთავრესი მიზეზიც გაუთავებელი ტრავმები იყო. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ მან "დეილი მეილის" საფეხბურთო მიმომხილველობა დაიწყო. თამამად ვიტყვით, რომ ის ტაბლოიდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია. მცირე შემოკლებით გთავაზობთ მის ერთ-ერთ სტატიას, რომელიც საინტერესოდ მოგვეჩვენა.
- მართლა მეშინია ბრიტანული ფეხბურთის მომავლის. ამის საფუძველი ფიფას მიერ
მიყვარს პრემიერლიგა იმ დრამის გამო, რისი ნახვაც აქ ხშირად შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საუკეთესო პირველობა გვაქვს მსოფლიოში, მაგრამ ფაქტია, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ნამდვილად არ თამაშობენ ჩვენს ქვეყანაში.
სად არის მომავალი უეინ რუნი? როგორც წესი, წინდაწინ ვცნობთ ხოლმე ტალანტებს, რომლებიც წლების მერე მსოფლიოში დაიქუხებენ. თუმცა ახლა იმ ეტაპს მივადექით, როცა ჩვენი ჩემპიონატის დონეს უცხოელები სწევენ მაღლა.
რაჰემ სტერლინგი (ლივერპული), როს ბარკლი ("ლიდსში" "ევერტონიდან" არის განათხოვრებული. რედ) ნამდვილად უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან, ისევე, როგორც ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მაგრამ მე ვსვამ შეკითხვას, სად არიან ინგლისელი მატა, სილვა და კასორლა?
მიმაჩნია, რომ დღევანდელი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელები უფრო მეტად კონტრაქტების ფინანსურ მხარეს აქცევენ ყურადღებას. მათ, ალბათ, ძალიან ბევრს უხდიან, რადგან 18 წლის ასაკში საშუალება აქვთ, "რეინჯ როვერი" იყიდონ. და როგორ გგონიათ, ეს დადებითად აისახება ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომებასა და ამბიციებზე? სამწუხაროდ, ჩვენს დროში უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა პატარა ბიჭები ნელ-ნელა იკარგებიან ვარჯიშებზე. არადა, მეტი მუშაობის ნაცვლად, ისინი ფულს დასდევენ უკან.
კასორლა შეუდარებელია "არსენალში", მაგრამ ესპანეთის ნაკრებში მის პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი სხვაც ჰყავთ. ესპანელებს ნამდვილი კონვეიერი აქვთ აწყობილი ტალანტების გასაზრდელად. და სად არის ჩვენი კონვეიერი? ხშირად ვუყურებ ახალგაზრდა ინგლისელების თამაშებს და არც ერთი მათგანი არ ტოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას.
"ჩელსი" ევროპის სუპერთასზე "ატლეტიკოსთან" განადგურდა, მაგრამ ჩვენთან ამას მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში წაგება უწოდეს. მე არ ვეთანხმები მსგავს დასკვნას. ეს იყო საფეხბურთო გაკვეთილი, რომელსაც ამ ბოლო ხანს ხშირად ვღებულობთ.
მაგალითისთვის შორს წასვლას საჭირო არ არის: "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზევე გამოვარდნენ. წინა სეზონში ლუკა მოდრიჩი, ალბათ, პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველი იყო, მაგრამ გადავიდა "რეალში" და მას მერე აღარაფერი უჩვენებია. მეტიც, ის სეზონის ყველაზე ცუდ შენაძენად დასახელდა. ეს იმ დროს, როცა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელები ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი და სტივ ჯერარდი მალე გავლენ პენსიაზე.
იქამდე, ვიდრე საფეხბურთო ასოციაცია რამეს რადიკალურად არ შეცვლის, ვფიქრობ, სიტუაცია მხოლოდ დამძიმდება. ნამდვილად მინდა, მომდევნო წლის სიმბოლურ ნაკრებში პრემიერლიგელი ფეხბურთელები ვნახო, მაგრამ ამაზე ფსონს ნამდვილად ვერ ჩავალ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი თავს იტყუებს