ესპანელმა კვირას ლივერპულის ერთ-ერთ კლინიკაში გატეხილ ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა. ის გუნდს ორი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ინგლისური პრესის ცნობით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. ექიმები გართულებას უკვე აღარ მოელიან. ასე რომ, რეინა კუთვნილ ადგილს გუნდის ძირითადში თებერვალშიღა დაიბრუნებს.
პეპეს ტრავმა ერთია და ჩვენი ინგლისელი კოლეგები ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად წერენ, რომ ფეხბურთელი
რეინას სურვილს, "კამპ ნოუზე" სათამაშოდ დაბრუნდეს, 30 წლის ესპანელის მამა მიგელ რეინაც ადასტურებს. აი, რას ამბობს ის:
"დარწმუნებული ვარ, რომ პეპეს ძალიან უნდა "ბარსელონაში" დაბრუნება. მეც ძალიან გამეხარდება, თუკი ასე მოხდება. მითხარით, რომელ მამას არ გაუხარდება ასეთი რამ? ჩემმა შვილმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ "ბარსას" დონეს შეესაბამება. მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, ის იდეალური მეკარე იქნება კატალონიელებისთვის".
ბრიტანული Goal.com-ის ინფორმაციით, თუკი რეინამ "ლივერპულიდან" წასვლა მოინდომა, "წითლები" მას არ დააკავებენ. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. შესაბამისად, მერსისაიდელებს შანსი აქვთ, ის სარფიანად გაყიდონ.
ცხადია, ბრენდან როჯერსი და კომპანია ბრედ ჯონსის იმედად ვერ დარჩებიან. შესაბამისად, რეინას ღირსეული შემცვლელია მოსაძებნი.
ყველაზე რეალური ფრანგული ლიგა 1-ის "აიაჩოდან" 27 წლის მექსიკელის, გილერმე ოჩოას შეძენაა. კორსიკელები მას 10 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც მისი კლასის მეკარისთვის ძვირი სულაც არ არის. ოჩოას გარდა, სელექციონერთა ყურადღებას იპყრობენ ასმირ ბეგოვიჩი (ბოსნია, 25 წლის, "სტოკ სიტი"), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია, 20 წლის, "მიონხენგლადბახი"), ჯეკ ბატლანდი (ინგლისი, 19 წლის, "ბირმინგემი"), რონ-რობერტ ცილერი (გერმანია, 23 წლის, "ჰანოვერი").
რეკორდსმენი სტარიჯი
დენიელ სტარიჯის კარიერა "ლივერპულში" ჯერ სულ რაღაც 3 თამაშს მოიცავს, მაგრამ მას მომდევნო თამაშშივე შეუძლია პირველი რეკორდის დამყარება.
მოგეხსენებათ, დებიუტი 23 წლის თავდამსხმელს "მანსფილდთან" (2:1) ასოციაციის თასის მე-3 ეტაპზე ჰქონდა. მან გოლი მე-7 წუთზე შეაგდო; ამას მოჰყვა პირველი მატჩი ჩემპიონატში. ამჯერად ის შეცვლაზე შევიდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი ზუსტად 12 წუთში დალაშქრა. სტარიჯს "ნორვიჩთან" გოლის გასატანად 59 წუთი დასჭირდა.
რაც შეეხება რეკორდს: 39 წლის წინ დებიუტანტმა რეი კენედიმ "ლივერპულის" მაისურით პირველ სამ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, "ჩელსისა" და "ტოტენჰემთან" ჩემპიონატში, "ბრენტფორდთან" ინგლისის ლიგის თასზე. მეოთხედ მანჩესტერის "მეინ როუდზე" "სიტის" წინააღმდეგ ის ამაოდ დაშვრა. სტარიჯს კი თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი აქვს.
27 იანვარს მას ოლდჰემის "ბანდარი პარკზე" ადგილობრივი "ატლეტიკის" წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ლიგა ერთის ერთ-ერთი აუტსაიდერის წინააღმდეგ გატანილი ბურთი სტარიჯს "ლივერპულის" ისტორიაში მიუჩენს ადგილს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ბარსელონაში" ვიქტორ ვალდესს პეპე რეინა შეცვლის?