პრემიერლიგა. XXVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: ბრწყინვალე კაგავა და შესანიშნავი სუარესი

AutoSharing Option
პრემიერლიგის 28-ე ტურმა განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა, თუმცა იყო გამორჩეული შედეგები და რა თქმა უნდა, იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელებიც. სწორედ ფეხბურთელებით დავიწყოთ...

ტურის გმირები
"ოლდ ტრეფორდზე" ლამაზი გოლები გავიდა. სამი ბურთი შინჯი კაგავამ გაიტანა და ევროპულ კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა, მეოთხე ბურთი კი უეინ რუნის ანგარიშზეა. განსაკუთრებით კაგავას მეორე და რუნის გოლი უნდა გამოვყოთ – 76-ე წუთზე იაპონელმა მაიკლ ტერნერი და მარკ ბანი ბავშვებივით მოატყუა: ძლიერად დარტყმის ნაცვლად, ბურთს უბრალოდ ფეხი წაკრა და კარში მშვიდად შეაგორა. იმას, რაც კაგავამ გააკეთა,
მხოლოდ ერთი ეპითეტი მოუხდება: შედევრი!

ასეთ დახასიათებას რუნის გოლიც იმსახურებს – "იუნაიტედის" ლიდერმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი "ნორვიჩის" კარის "ცხრიანში" გაიტანა. სხვათა შორის, ეს ბურთი რუნისთვის პრემიერლიგაში 155-ე იყო.

კაგავა უთუოდ ტურის გმირი გახდებოდა, რომ არა ლუის სუარესი. ურუგვაელმა, იაპონელის მსგავსად, ჰეთ თრიქი გაიფორმა და "ლივერპულს" "უიგანი" გაანადგურებინა. სუარესისთვის ეს ამ სეზონში უკვე მეორე ჰეთ თრიქი იყო და ახლა ის 21 გოლით ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია. ურუგვაელი, "ლივერპულის" ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რობი ფაულერის და ფერნანდო ტორესის შემდეგ, ვინც პრემიერლიგის ერთ სეზონში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა.

ტურის გმირები-2
აქ უკვე საუბარი კოლექტივზე გვაქვს: "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სტუმრად "საუთჰემპტონს" მოუგო. ჰარი რედნაპმა დაამარცხა გუნდი, რომლის ქომაგებსაც ყველაზე მეტად არ უყვართ.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, როდესაც "წმინდანები" პრემიერლიგიდან უკანასკნელად გავარდნენ, რედნაპი სწორედ "საუთჰემპტონის" დამრიგებელი იყო, მაგრამ ქომაგების სიძულვილის მიზეზი არა გავარდნის ფაქტი, არამედ ის არის, რომ ამის შემდეგ, მომდევნო სეზონში რედნაპი სათავეში "პორტსმუთს" ჩაუდგა, რომელიც "საუთჰემპტონის" მოსისხლე მტერი გახლავთ.

მოკლედ, ჰარიმ "სენტ მერი" დაადუმა, ამაში კი მას გუნდის ახალწვეული ლოიკ რემი და "შეფილდ უენსდეიდან" დაბრუნებული ჯეი ბოტროიდი დაეხმარნენ.

"ჰარი ჰუდინი" მატჩის შემდეგ უზომოდ კმაყოფილი იყო: "დღეს მხოლოდ გამარჯვება მსურდა და მეტი არაფერი. დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, აქ მოვიგებდით თუ სადმე სხვაგან; მთავარი სამი ქულის აღება გახლდათ. მოედანზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი იბრძოდა და უბურთოდ ბევრს მუშაობდა. პრემიერლიგაში მატჩებს მხოლოდ ასე თუ მოიგებ – გუნდის წარმატებაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს".

"ქუინზ პარკი" ისევ ბოლო ადგილზეა, თუმცა სამშვიდობო ზონამდე მხოლოდ 4 ქულა აშორებს. ასე რომ, გუნდი ჯერ კიდევ იბრძვის.

წელს სენტ ტოტერინგემის დღე არ იქნება
ტურის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, "უაით ჰართ ლეინზე" გაიმართა. "ტოტენჰემმა" ჩრდილოლონდონურ დერბიში "არსენალს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან გოლები გარეთ ბეილმა და აარონ ლენონმა გაიტანეს, "მეთოფეების" მხრიდან კი თავი პერ მერტეზაკერმა გამოიჩინა, მაგრამ ეს უფრო ბეილის ავტოგოლი იყო, რადგან გერმანელის დარტყმის შემდეგ ბურთი უელსელს თავში მოხვდა, მიმართულება მკვეთრად იცვალა და ლორისის კარში აღმოჩნდა.

ამ გამარჯვების წყალობით, ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდმა "არსენალს" უკვე 7 ქულით გაასწრო და წელს შარშანდელი სცენარის გამეორება (როდესაც "არსენალმა" 10-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა) ნაკლებად სავარაუდო მოჩანს. "დეზები" შესანიშნავ ფორმაში არიან – "ტოტენჰემს" უკვე 12 მატჩია, არ წაუგია, უკანასკნელი მარცხი კი 9 დეკემბერს, "ევერტონთან" განიცადა, როდესაც ბოლო წუთზე ორი გოლი გაუშვა.

"მეთოფეები", ვენგერის ეპოქაში (1996 წლიდან), ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა არასდროს დარჩენილან. როგორც ჩანს, წელს "არსენალის" ქომაგები "სენტ ტოტერინგემის" დღეს ვერ აღნიშნავენ. შეგახსენებთ, რომ "სენტ ტოტერინგემის" დღე სახუმარო დღესასწაულია და მას "არსენალის" გულშემატკივრები აღნიშნავენ მაშინ, როდესაც "ტოტენჰემი" ცხრილში "არსენალის" გადასწრების თეორიულ შანსს დაკარგავს. წელს ასეთი "დღესასწაული" არ გაიმართება.

ბენიტესი
"მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესმა "ჩელსის" ქომაგები გააკრიტიკა და მკვეთრი განცხადებები გააკეთა. ყველა ელოდა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ესპანელს არნახულ ობსტრუქციას მოუწყობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. "ჩელსიმ" რომელუ ლუკაკუს გარეშე მოთამაშე "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და დემბა ბას ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო. ამ გამარჯვების წყალობით, ლონდონელებმა 52 ქულა დააგროვეს და "არსენალს" 5 ქულით გაასწრეს.

ტევესის გოლით
კარლოს ტევესის ერთადერთი გოლით მოიგო "მანჩესტერ სიტიმ" და თანაქალაქელთან სხვაობა ისევ 12 ქულამდე დაიყვანა. არგენტინელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში (თასის ჩათვლით ზედიზედ მესამე შეხვედრაში) გაიტანა, არადა, იქამდე თავის გამოჩენას 2 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

მოკლედ, "სიტიმ" მოიგო და პრემიერლიგას მოჩვენებითი ინტრიგა დაუბრუნა.
"ასტონ ვილა" კი კვლავ გასავარდნ ზონაშია და თუ მომდევნო ტურში ვერ მოიგო (რედინგთან), პოლ ლამბერტის საქმე ძალიან ცუდად იქნება.

საინტერესო ფაქტები:
- შინჯი კაგავა გახდა პირველი აზიელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიქი შეასრულა.
- "ნორვიჩი" გახდა მეორე გუნდი, რომელსაც რობინ ვან პერსი ამ სეზონში ორჯერ დაუპირისპირდა და გოლი ვერ გაუტანა. პირველი "ქუინზ პარკი" გახლავთ.
- ჟულიო სეზარი გახდა პირველი მეკარე, რომელიც ამ სეზონში უკვე ორჯერ შეცვალეს.
- 8 გატანილი გოლით გარეთ ბეილი 2013 წელს პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
- "ასტონ ვილამ" წააგო 10-ივე შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის მერე მარცხდებოდა.
- ამ სეზონში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ "მანჩესტერ სიტიმ" შეინახა (13).
- "ტოტენჰემმა", "არსენალის" დამარცხებით, პრემიერლიგაში მე-200 საშინაო გამარჯვება მოიპოვა.
- ტიმ ჰოვარდის ზედიზედ ჩატარებული მატჩების სერია 210-ზე შეწყდა. ამერიკელმა "ნორვიჩთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კარში სლოვაკი იან მუხა ჩადგა, რომელიც "ევერტონში" 2010 წლიდან ირიცხება და დებიუტი მხოლოდ ამ ტურში ჰქონდა.
- დიმიტარ ბერბატოვმა პრემიერლიგაში 85-ე გოლი გაიტანა. წელს ბულგარელის ანგარიშზე 10 ბურთია. აღსანიშნავია, რომ როდესაც ბერბატოვს გოლი გააქვს, "ფულჰემი" არ მარცხდება.
- პერ მერტეზაკერმა პრემიერლიგაში მეორე გოლი გაიტანა და ამჯერადაც "ტოტენჰემის" კარში – პირველად გერმანელმა თავი ნოემბერში, "ემირეთსზე" გამართულ შეხვედრაში ("არსენალი"-"ტოტენჰემი" 5:2) გამოიჩინა.

ბომბარდირები:
21 – ლუის სუარესი (ლივერპული).
19 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).
16 – გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).
15 – დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი), მიჩუ (სუონსი).
12 – რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი).

ასისტენტები:
9 – სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ხუან მატა (ჩელსი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), თეო უოლკოტი (არსენალი).
8 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).
7 – ჟან ბოსეჟური (უიგანი), დემიენ დაფი (ფულჰემი), ედენ აზარი (ჩელსი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი).

5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).
2. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).
3. ხუან მატა (ჩელსი).
4. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი).
5. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი).

სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVIII ტური: პირველი მეგოლის მეორე ჰეთ თრიკი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული