ყველა ფერგიუსონის გადაწყვეტილებას ელის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ასოციაციის თასის 1/4-ფინალს ისე მიაღწია, ერთი გოლიც კი არ მიუღია საკუთარ კარში ("უოტფორდი" 3:0, "სტოკ სიტი" 1:0, "ლიდსი" 4:0) და ჩემპიონშიპის აუტსაიდერ "ბარნსლისთან" კიდევ ერთი მშრალი მატჩის ჩატარების შესანიშნავი შანსი აქვს. ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ტიტულის შენარჩუნების მიზერული შანსი აქვს, ერთადერთი, სადაც შეუძლიათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ცხოვრება გაუმწარონ, სწორედ ასოციაციის თასია. "ქალაქელებს" დღევანდელ მეტოქესთან სტატისტიკაში სოლიდური უპირატესობა აქვთ. გუნდებს ისტორიაში ერთმანეთთან 30 მატჩი აქვთ გამართული, აქედან 15-ჯერ "სიტიმ" იმარჯვა, 10-ჯერ ფრედ დაასრულა და მხოლოდ 5-ში დამარცხდა. პრემიერლიგაში ისინი არასოდეს შეხვედრიან.
მართალია, "მაწანწალებმა" 1997/98-ის სეზონი ელიტურ ლიგაში გაატარეს, მაგრამ ამ დროს "სიტის" ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი ჰქონდა და პრემიერლიგისთვის არ ეცალა.

"სიტის" რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება: მიკა რიჩარდსი, მაიკონი, სერხიო აგუერო და ჯეკ როდუელი. ვენსან კომპანი მზად არის სათამაშოდ, მაგრამ რობერტო მანჩინი მას ალბათ მაინც არ დააყენებს. რაც მთავარია, სათასო შეხვედრებში "სიტის" კარს, ტრადიციულად, კოსტელ პანტილიმონი დაიცავს.

ცხადია, მეოთხედფინალურ წყვილებში "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ჩელსის" წყვილს ყველაზე დიდი ინტრიგა ახლავს. მიმდინარე სეზონში როგორც შიდა ასპარეზზე, ისე ევროთასებზეც, "წითელი ეშმაკების" თამაშის ხარისხი მისი ხვალინდელი მეტოქისას ერთიორად აღემატებოდა. მანკუნიანელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ და დღესავით ნათელია, რომ ამიერიდან ისინი აქცენტს ასოციაციის თასზე გადაიტანენ, რადგან ჩემპიონატში თითქმის ყველაფერი გარკვეული აქვთ. ალექს ფერგიუსონის გუნდი ლიგის თასიდან სწორედ "ჩელსიმ" გამოთიშა (5:4 "სტემფორდ ბრიჯზე"). "ეშმაკებისთვის" რევანშის აღების შანსი ცალკე მოტივაცია იქნება. სტატისტიკას თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ დედაქალაქელებმა "ოლდ ტრეფორდზე" ბოლო 3 მატჩი ზედიზედ წააგეს. ასე რომ, ფავორიტის დასახელება ჩვენს მკითხველსაც არ გაუჭირდება.

საკადრო პრობლემებიდან აღსანიშნავი არაფერია. "იუნაიტედს" ტრადიციული დანაკლისი აქვს: ფილ ჯონსი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი. საინტერესოა, მოხვდება თუ არა უეინ რუნი ძირითად შემადგენლობაში. ჩვენი აზრით, თუკი ასე არ მოხდა, ფერგის მხრიდან ეს ირიბი პასუხი იქნება შეკითხვაზე, მზად არის თუ არა შოტლანდიელი, სეზონის დასრულების შემდეგ რუნი მართლა დააყენოს ტრანსფერზე.

9 მარტი
ევერტონი-უიგანი 16:45
სიტი-ბარნსლი 21:30

10 მარტი
მილუოლი-ბლექბერნი 18:00
იუნაიტედი-ჩელსი 20:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერ ალექს ფერგიუსონი: სიტყვას გაძლევთ, უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული