საინტერესო ამბები "სტემფორდ ბრიჯზე"

AutoSharing Option
"მირორის" მტკიცებით, "ჩელსის" ბოს რომან აბრამოვიჩსა და ჟოზე მოურინიოს შორის ყველანაირი გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა და რუსი მილიარდერი მზადაა, პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდი კიდევ ერთხელ ჩააბაროს.

გაზეთი სანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის სამწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ის ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუკი "ჩელსი" მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაისაკუთრებს. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორც მოიპოვეს ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა ეს ინფორმაცია, მაგრამ მათი თქმით, "განსაკუთრებულმა" მადრიდში მისი სახლის მომსახურე პერსონალს უკვე გამოუცხადა, რომ შეუძლიათ, 1 ივნისიდან ახალი სამსახური ეძებონ.

"ჩელსის" გულშემატკივრებისთვის
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გვაქვს: გაზეთების მტკიცებით, ლონდონელები, იაია ტურეს გარდა, მომდევნო სეზონისთვის მარუან ფელაინის გადაბირებასაც შეეცდებიან. თუკი აფრიკელის ტრანსფერზე კონკრეტული ჯერ არაფერი გარკვეულა, ბელგიელთან პირადი ხელშეკრულება, პრაქტიკულად, შეთანხმებულია. "ჩელსი" მზადაა, 25 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, ფეხბურთელს კი წელიწადში 4,5 მილიონი შესთავაზოს.

ამასთან, "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებული 50-ე თამაშის შემდეგ მისი ხელფასი წელიწადში 5 მილიონამდე აიწევს, ხოლო სეზონის განმავლობაში 10 ან მეტი გოლის გატანის შემთხვევაში ის ბონუსის სახით ერთი თვის ხელფასს მიიღებს. ლონდონელებს აშფოთებთ, რომ ბელგიელი "ევერტონში" უდისციპლინობით გამოირჩევა. შესაბამისად, მას არასპორტული გამოხდომების შემთხვევაში კლუბი სპეციალურ სანქციას დაუწესებს, რომლის ოდენობა ასევე კონტრაქტით იქნება განსაზღვრული.

ადვოკატი განმარტავს
რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ვწერდით, რომ ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო სამმართველომ "ჩელსის" მესაკუთრე დააკავა. ინფორმაცია ორშაბათს საღამოსვე უარყვეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა. მიუხედავად ამისა, აბრამოვიჩის ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრ დობროვინსკიმ დამატებითი განმარტებები გააკეთა. აი, რა თქვა მან:

"მისტერ აბრამოვიჩი FBI-ში მხოლოდ და მხოლოდ დაკითხვაზე იმყოფებოდა. ამერიკულ მხარეს აინტერესებდა, თუ რა იცოდა მან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამართული ბრძოლის შესახებ. ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. სულ ეს იყო. ბიზნესმენის დაკავებაზე არავის უფიქრია".

რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთი ის ბიზნესმენი იყო, ვინც რუსეთი 2018-ის სააგიტაციო კამპანიას აფინანსებდა. მან ამ მიზნით რამდენიმე მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეკითხვები სწორედ ამის გამო გაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული