სამაგიეროდ, დაძაბულია სიტუაცია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში; არაფერს ვამბობთ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე...
რედინგი და ქუინზ პარკი გავარდებიან
ჰარი რედნაპის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ქუინზ პარკ რეინჯერსი", პრაქტიკულად, გავარდნილად უნდა გამოვაცხადოთ. ლონდონელებს ამ ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდათ, რომელიც ვერ მოიგეს და ჩემპიონშიპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ლონდონელები ბობი ზამორამ დააღალატა, რომელმაც 21-ე წუთზე ხორდი გომესს სახეში ფეხი
85-ე წუთზე ლოიკ რემიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და თითქოს გადარჩენის შანსიც გაჩნდა, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე შონ მელონიმ საკუთარი წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა გოლად აქცია და "უიგანს" სასიცოცხლოდ აუცილებელი ფრე მოუტანა, "ქუინზ პარკის" ქომაგებს კი გული ატკინა.
"ჩვენ დღეს უნდა მოგვეგო. ათი კაცით ბოლომდე ვიბრძოლეთ და უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ გავიმარჯვებდით, მაგრამ ბოლო წამებზე ორი სულელური ჯარიმა "ავიკიდეთ" და მეორეს გოლიც მოჰყვა. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია - გოლი ხომ ბოლო წამებზე გავუშვით", - განაცხადა მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილმა ჰარი რედნაპმა.
"უიგანი" ჩვეულ სტიქიაშია - რობერტო მარტინესის შეგირდებმა ბოლო ხუთ ტურში ათი ქულა მოიპოვეს. მართალია, გუნდი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ შარშან ამ დროს "უიგანი" უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო...
"რედინგმა" ზედიზედ მერვე მატჩი წააგო. ნაიჯელ ედკინსი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია - მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა "როიალსამდე" "ჩელსი" და "ლივერპული" დაამარცხა, ამჯერად კი "მადეისკიზეც" იმარჯვა.
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯეი როდრიგესმა, ვინც ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და გარდა ამისა, საგოლე პასიც გააკეთა. "წმინდანებმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და სატურნირო ცხრილში ერთბაშად მე-11 პოზიციამდე აღზევდნენ.
ფრე სხვების სასარგებლოდ
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ოთხი გუნდიდან ორი ერთმანეთს "უაით ჰარტ ლეინზე" შეხვდა. "ევერტონი" გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მერსისაიდელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს და მეორე ბურთი 88-ე წუთზე გაუშვეს. "ტოტენჰემი" გილფი სიგურდსონმა გადაარჩინა, რომელმაც ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კევინ მირალასის კიდევ ერთი ლამაზი გოლი - ბელგიელმა წინა ტურში "სტოკს" 50-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ გაუტანა. ამჯერად დისტანცია შედარებით მცირე იყო, მაგრამ რეიდი არანაკლებ შთამბეჭდავი გამოვიდა.
ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე გუნდს სერიოზული დანაკლისი ჰქონდა: "დეზებს" აარონ ლენონი და გარეთ ბეილი არ ჰყავდათ, დევიდ მოიესმა კი მარუან ფელაინი და სტივენ პიენაარი ვერ დაიხმარა.
"ტოტენჰემის" და "ევერტონის" 2:2-ით "არსენალმა" და "ჩელსიმ" ისარგებლეს. "არისტოკრატები" მესამე ადგილზე დაბრუნდნენ, "არსენალი" კი "დეზებს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაში აქვს თადარიგში, თუმცა... ეს თამაში მას სწორედ იმ "ევერტონთან" აქვს, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის სანუკვარი საგზურისთვის.
"სტედიუმ ოფ ლაითზე", სადაც პაოლო დი კანიოს დებიუტი შედგა, დუბლი შეასრულა ტომაშ როსიცკიმ, ვისთვისაც ეს გოლები ამ სეზონში პირველი იყო. გარდა ამისა, ჩეხმა ვეტერანმა დუბლი ბოლოს 2006 წლის 25 მარტს შეასრულა, როდესაც დორტმუნდის "ბორუსიას" მაისურით ორი გოლი "ჰამბურგს" გაუტანა.
2013 წლის ყველაზე ცუდი გუნდი
5 ქულა 2013 წელს - ასეთი შედეგი აქვს "სტოკ სიტის", რომელმაც ამ ტურშიც წააგო და უკვე მე-15 ადგილს იკავებს. ტონი პულისის გუნდი "ასტონ ვილამ" დაამარცხა, რომელზეც ცალკე ვისაუბრებთ.
"სტოკი" უხვგოლიანობით არც ადრე გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო 6 შეხვედრაში გატანილი 2 გოლი მართლაც კატასტროფული შედეგია. მომდევნო ტურში პულისის სამწყსო "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს, ამის მერე კი "ლოფტუს როუდს" ეწვევა, სადაც ხავსს მოჭიდებულ "ქუინზ პარკს" უნდა შეხვდეს.
მოკლედ, თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ "რედინგთან" და ქპრ-სთან ერთად, მესამე უიღბლო გუნდი სწორედ "სტოკი" იყოს.
იადონებმა გედებს ვერ აჯობეს
20 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, "ნორვიჩმა" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო". აბა, ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ მომდევნო 15 ტურში გუნდი მხოლოდ 1 შეხვედრას მოიგებდა?
ფაქტია, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. კრის ჰიუტონის გუნდმა ვერც ამ ტურში იმარჯვა და უმოტივაციო "სუონსის" ქულა გაატანა.
"იადონები" სატურნირო ცხრილში ზედ "სტოკის" თავზე იმყოფებიან და აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 35-ე ტურში ხვდებიან. ამ დაპირისპირებამ შესაძლოა ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტოს.
ლოუტონის და სისეს სასწაული
გახსოვთ პიტერ კრაუჩის ულამაზესი გოლი, რომელიც მან "მანჩესტერ სიტის" გაუტანა? ან როგორ უნდა დაგვიწყებოდათ, ეს ბურთი ხომ, ბევრის აზრით, პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა...
შაბათს "ასტონ ვილას" 23 წლის მარჯვენა მცველმა მეტ ლოუტონმა იმავე სტადიონზე (ბრიტანია) კრაუჩის გოლის კოპირება მოახდინა. გოლი იმდენად ლამაზი გამოდგა, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ის თავად უნდა ნახოთ...
პოლ ლამბერტის გუნდი გამოცოცხლდა - "ასტონ ვილამ" უკანასკნელი ოთხი მატჩიდან სამი მოიგო და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.
"სანდერლენდის" კატასტროფული კალენდრის, "სტოკის" და "ნორვიჩის" საშინელი ფორმის გათვალისწინებით, ბირმინგემელებმა ძალიან უნდა მოინდომონ, მეორე დივიზიონში რომ გავარდნენ.
ასევე ლამაზი და არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა პაპის დემბა სისემ - "ნიუკასლის" სენეგალელმა ფორვარდმა ბურთი ურთულეს სიტუაციაში მიიღო და აკრობატულ ნახტომში "ფულჰემის" კარისკენ გადაგზავნა. მატჩის 90-ე წუთზე გატანილი ამ ბურთის წყალობით, ჯორდებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს.
ამ გოლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის რეაქცია, რომელიც ალან პარდიუს ჰქონდა - "კაჭკაჭების" დამრიგებელი სიხარულისგან გადაირია და გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშის შემდეგ ჩემი ზეიმის კადრები ვნახე და სიმართლე გითხრათ, ცოტათი შემრცხვა, თუმცა სწორედ ასეთი ემოციების გამო გვიყვარს ჩვენ პრემიერლიგა," - განაცხადა ბედნიერმა ალან პარდიუმ.
ბომბარდირები:
22 - ლუის სუარესი (ლივერპული)
19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), მიჩუ (სუონსი)
15 - დემბა ბა (ჩელსი), კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა)
ასისტენტები:
10 - ხუან მატა (ჩელსი)
9 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), თეო უოლკოტი (არსენალი).
8 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი).
5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).
2. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).
3. ხუან მატა (ჩელსი).
4. ლუის სუარესი (ლივერპული)
5. ედენ აზარი (ჩელსი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXII ტური: ცვლილებების ტური [VIDEO]