"არსენალი" - ფავორიტი ასმირ ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, "სტოკ სიტის" 25 წლის მეკარის, ასმირ ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა და ეს ლონდონის "არსენალია". "მეთოფეები" მზად არიან, ფეხბურთელში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ბრიტანული პრესა სხვა პრეტენდენტებზეც წერდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ხმები იყო.

პრინციპში ძნელად დასაჯერებელი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედს" ან "ჩელსის" სათადარიგო სკამზე დასაჯდომად განწირულ ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაეხადათ ან თავად ბეგოვიჩი დათანხმებულიყო დავიდ დე ხეას ან პეტრ ჩეხის დუბლიორობას.

თავის მხრივ, ტონი პულისის "სტოკმა" ბოსნიელთან გამოთხოვება დიდი ხანია, გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როცა სტაფორდშირელებმა "ბირმინგემიდან"
ინგლისის ნაკრების 20 წლის კარის დარაჯი ჯეკ ბატლენდი შეიძინეს და იჯარით ამავე კლუბს დაუბრუნეს. 196 სმ-ის სიმაღლის ფეხბურთელის უმთავრეს პლუსად შრომისმოყვარეობა სახელდება. ამას გარდა, ის ტრავმებისკენ მიდრეკილიც არ გახლავთ, რაც არსენ ვენგერისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. ის ერთ-ერთია იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორის, ვისაც პრემიერლიგის 32-ივე ტური პაუზის გარეშე აქვს ნათამაშები.

ბეგოვიჩის სისუსტეთაგან ექსპერტები 11-მეტრიანებისას არადამაჯერებელ თამაშს გამოყოფენ. 2012/13 წლების სეზონში მან 5-დან 5 პენალტი გაუშვა. საერთო ჯამში, არავინ კამათობს, რომ ის ამჟამად პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

არშავინი პენსიაზე ფიქრობს
"არსენალის" შემადგენლობაში ანდრეი არშავინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება. კლუბი მას კვირაში 80 ათას ფუნტს უხდის. რუსი ნახევარმცველი ბოლო წლებში თამაშს მონატრებულია. მაგალითად, წელს ის პრემიერლიგაში მინდორზე შვიდჯერ გამოჩნდა და შვიდჯერვე შეცვლაზე. საუკეთესო შემთხვევაში, მოედანზე მას 15-16 წუთის გატარება უწევს და რა გასაკვირია, რომ შედეგი არ აქვს - გოლი ან საგოლე პასი მის ანგარიშზე არ არის.

ფეხბურთელს ლონდონელებთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. ცხადია, "არსენალი" მის გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს. არშავინის მეგობრების ცნობით, თუკი ფეხბურთელმა რუსული პრემიერლიგის რომელიმე ამბიციური კლუბისგან საინტერესო წინადადება არ მიიღო, გამორიცხული არ არის, სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტოს.

ანდრეის აზერბაიჯანულმა "ხაზარმა" (ჯონ ტოშაკის ინიციატივით) შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს სამეზობლოში კარიერის გაგრძელებას ვარსკვლავი არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისური პრესა: იკერ კასილიასს ლონდონის "არსენალი" 20 მილიონ ევროდ ყიდულობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული