- მხოლოდ 24 წლის ხართ, თანაც საკმაოდ მდიდარი და წარმატებული. როგორ ახერხებთ ცხოვრებაში წონასწორობის შენარჩუნებას?
- რეალობისთვის თვალის გასწორება ხანდახან მართლა ძალიან ძნელია ხოლმე, მაგრამ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც გაუმართლა, რომ ფეხბურთს მაღალ დონეზე თამაშობს. ასე რომ, ეს გარემოება არასოდეს მავიწყდება. ვცდილობ,
- ალბათ, ძალიან ძნელია, შეინარჩუნო ურთიერთობები, როცა ისეთ სამყაროში ხვდები, როგორშიც თქვენ აღმოჩნდით.
- ჩემი მეგობრები ასეთებად დარჩებიან ცხოვრების ბოლომდე. მათთან კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებ, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ. მე ლონდონში ვარ, ზოგი ამსტერდამში ცხოვრობს, ზოგი - ჰამბურგში, ზოგი კიდევ სად. შვებულების პერიოდში, როგორც წესი, 7-8 კაცი ვიკრიბებით ერთად.
- მოგზაურობისას სად გირჩევნიათ გაჩერება, ფეშენებელურ სასტუმროში თუ კარავში?
- რასაკვირველია, ფული ამ შემთხვევაში ბევრ რამეს წყვეტს. სადაც მოვისურვებთ, იქ შეგვიძლია დასვენება. ეს ფაქტორი ცხოვრებას ძალიან ამარტივებს. მეგობრებთან ერთად მიმოგზაურია მატარებლით, გემით. ერთად ვყოფილვართ ისლანდიაში, ამერიკაში, ესპანეთის სამხრეთ რეგიონებში. ძალიან მომწონს ასეთი თავგადასავლები. ზუსტად ასე ვიქცეოდით სკოლაშიც.
- თქვენი ყველაზე ექსტრავაგანტური ნივთი რა არის?
- "ასტონ მარტინი" მყავს, როგორც ჯეიმს ბონდს. ყოველთვის მომწონდა ეს მარკა და როგორც კი საშუალება მომეცა, მაშინვე ვიყიდე. ამაში ცუდი არაფერია. ყველას აქვს უფლება, ცხოვრებაში აკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს.
- დადებითი ადამიანის რეპუტაცია გაქვთ. ცუდი არასდროს არაფერი ჩაგიდენიათ?
- ჩემს მშობლიურ ქალაქ ოვიედოში მე და ჩემს მეგობრებს სულითა და გულით გვინდოდა ერთ ბარში მოხვედრა. არადა, ამისთვის ძალიან პატარები ვიყავით. მახსოვს, სხვისი პირადობის მოწმობითა და მოშვებული წვერით უფროსს დავემსგავსე და მაინც მოვახერხე იქ მოხვედრა.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მომწონს ლონდონში ცხოვრება. აქ ბევრად უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე ესპანეთში. შესაბამისად, აქ უფრო კარგად შემიძლია დროის გატარება. ყოველდღე ვცდილობ, რომ ქალაქის ესა თუ ის უბანი შევისწავლო. ვჯდები მეტროში ან ავტობუსში და შემდეგ ფეხით ვსეირნობ. უამრავი მუზეუმის, საგამოფენო ცენტრისა და ისტორიული შენობის ნახვა მოვახერხე. O2-ის საკონცერტო დარბაზში დავესწარი "როლინგ სტოუნზისა" და "ქოლდფლეის" კონცერტს. ინგლისური მუსიკა ძალიან მიყვარს. მინდა, თავადაც ვისწავლო დაკვრა პიანინოზე ან გიტარაზე. ამას აუცილებლად ვცდი.
- "ჩელსის" ფანების ნაწილს ეშინია, რომ თუკი ოთხეულში ვერ მოხვდებით, შესაძლოა, გუნდიდან წახვიდეთ. ეს შესაძლებელია?
- გეტყვით რაშიც დარწმუნებული ვარ. ოთხეულში ულაპარაკოდ მოვხვდებით და ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონშიც ვითამაშებთ.
- გავრცელდა ხმები, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ. მართალია?
- არა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხუან მატა: ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა