ლუის სუარესი იკბინება და ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
"ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელს, 26 წლის ლუის სუარესს კიდევ ერთი დისკვალიფიკაცია ელის. "ჩელსისთან" შეხვედრის 74-ე წუთზე მან მეტოქის მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს ხელზე უკბინა.

ლუისის მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ურუგვაელისთვის ეს კბენის პირველი შემთხვევა არ არის. 2010 წელს "აიაქსი"-"ეინდჰოვენთან" შეხვედრაში ოტმან ბაკალის წინააღმდეგ ჩადენილი ანალოგიური საქციელისთვის ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისგან მან 7-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (მოგვიანებით მას სანქცია ორი მატჩით შეუმსუბუქეს). იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა ნაკბენი ადგილი მთავარ მსაჯ კევინ ფრენდს მაშინვე აჩვენა, მას რეაქცია არ ჰქონია. საფეხბურთო ასოციაციაში უკვე გადაწყვიტეს, რომ საქმე დაწვრილებით
არის შესასწავლი.

"ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ბოდიშს ვუხდი პირადად ივანოვიჩსა და მთელ საფეხბურთო სამყაროს ჩემი საქციელისთვის," – დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერზე". სუარესის მიკრობლოგიდან ირკვევა ისიც, რომ კლუბმა ის უკვე დააჯარიმა სოლიდური თანხით; რამდენით, ფეხბურთელი არ აკონკრეტებს, მაგრამ ცნობილია, რომ თავად ლუისის სურვილით, ფული ჰილსბოროს ტრაგედიის მსხვერპლთა მხარდამჭერ ჯგუფს გადაერიცხება.

საფეხბურთო ექსპერტების შეფასებით, სუარესს, საუკეთესო შემთხვევაში, სეზონის ბოლომდე მისცემენ დისკვალიფიკაციას, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით კი, ურუგვაელს 10 მატჩით აუკრძალავენ მოედანზე გამოჩენას.

ჩვენი ბრიტანელი კოლეგები "ლივერპულის" თავკაცს კომენტარისთვის უკვე დაუკავშირდნენ. ბრენდან როჯერსის თქმით, ის დაწვრილებით შეისწავლის ინციდენტს და თავდამსხმელის მოქმედებას შეფასებას მხოლოდ ამის მერე მისცემს. "ლივერპული" უდიდესი ისტორიისა და ეთიკის გუნდია. ჩვენ აუცილებლად მივცემთ ობიექტურ შეფასებას მოვლენებს, რადგან უშუალოდ კლუბსა და მის ავტორიტეტზე უფრო მნიშვნელოვანი არავინ არ არის, არც ფეხბურთელები, არც მენეჯერები.

ყოველთვის ღიად და გულწრფელად ვილაპარაკებ ჩემს ფეხბურთელებზე და მათ ყოველთვის დავიცავ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მივიჩნევ, რომ ისინი მართლები არიან. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ობიექტურ შეფასებაზე უარს ვერ ვიტყვი,
" - განაცხადა როჯერსმა.

"ლივერპულის" ოფიციოზის გარდა, თავიანთი შეფასებები გააკეთეს საფეხბურთო მოღვაწეებმაც, მაგალითად, წარსულის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა არბიტრმა გრემ პოლმა. აი, რა თქვა მან: "სუარესი მატჩის 97-ე წუთზე, როცა ანგარიში გათანაბრდა, მოედანზე აღარ უნდა ყოფილიყო. მან სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, როცა ივანოვიჩს უკბინა. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთოს საფეხბურთო ასოციაცია. სუარესი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაციას იმსახურებს. სათანადო მტკიცებულება ყველას ხელთ გვაქვს".

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღშფოთება ვერ დამალა "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკ ლოურენსონმა (1981/88 წლების სეზონი). მისი თქმით, სამხრეთამერიკელის საქციელი მაქსიმალურად მკაცრად უნდა შეფასდეს.

"ფულადი ჯარიმა ასეთი ფეხბურთელებისთვის ძალიან უმნიშვნელო სასჯელია, რადგან მათ ყოველთვის ექნებათ მისი გადახდის თავი. იმის მიუხედავად, თუ ვისი გულშემატკივარი ხართ, არ მგონია, ორი აზრი არსებობდეს იმაზე, რომ სუარესმა ადეკვატური სასჯელი უნდა მიიღოს. ეს ისეთი საქციელია, რომლის ჩადენაც მხოლოდ ბავშვობაში გვეპატიება. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ჩაიდინა მან ეს საქმე. პასუხი მხოლოდ თავად თუ ექნება. ლუისი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, მაგრამ კლუბს მსოფლიოს მასშტაბის პრობლემებს უქმნის. მისმა კბენამ უკვე დაჩრდილა ის, რაც ფეხბურთელმა "ჩელსისთან" შეხვედრის ბოლო წუთზე გააკეთა. "ლივერპულს" თუ ოდესმე მისი გაყიდვა მოუნდება, უკვე ესეც პრობლემა იქნება, რადგან მასში 40 მილიონ ფუნტს უკვე აღარავინ გადაიხდის".

დაბოლოს, ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სუარესის დახმარების სურვილი გამოთქვა. ორგანიზაციის პრეზიდენტის, გორდონ ტეილორის თქმით, ისინი კოლეგას უახლოეს დღეებშივე შესთავაზებენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს, რომლებიც მას სამომავლოდ საკუთარი თავისა და უარყოფითი ემოციების კონტროლში დაეხმარებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსაჯიც დამნაშავეა,რო არ გააგდო, საერთოდ აცრან ეს კაცი ცოფზე ან ალიკაპით ათამაშონ.
giorgi
12:20 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული