goal.com: ჟოზე მოურინიო და რადამელ ფალკაო "ჩელსიში" - გადაწყვეტილია

AutoSharing Option
goal.com-ის ინფორმაციით, "ჩელსიმ" პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია ჟოზე მოურინიოსთან და 50 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებაზე საბოლოოდ დაითანხმა.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი სეზონის დასრულებისთანავე გაიმართება. კლუბები ამ ამბავს მხოლოდ მაისის ბოლოს დაადასტურებენ.

მოურინიოს ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ფუნტი იქნება. "რეალი" კი, ვისთანაც "განსაკუთრებულ კაცს" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, ლონდონური კლუბისგან კომპენსაციას მიიღებს.

იმავე წყაროს ცნობით, ყველაფერი გარკვეულია მადრიდის "ატლეტიკოს" 27 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის, რადამელ ფალკაოს ტრანსფერთან დაკავშირებითაც. ჟოზეს მხრიდან ეს ერთ-ერთი პირობა იყო თანხმობის სათქმელად. "ჩელსი" "როხიბლანკოს" 59 მილიონ ევროს გადაუხდის.
ლონდონში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა თავად ფეხბურთელმაც.

შეთანხმება ითვალისწინებს "ატლეტიკოში" მოთამაშე ტიბო კურტუას დამატებით ერთწლიან იჯარასაც.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ "ჩელსი" 2004 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ სამი წლის თავზე, 2007 წლის 20 სექტემბერს, "სტემფორდ ბრიჯზე" "ბლექბერნთან" ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ რომან აბრამოვიჩმა ის მოულოდნელად დაითხოვა.

შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი 2008 წლის შემოდგომაზე ისევ რუსმა ოლიგარქმა გადადგა, როცა პორტუგალიელს უძვირფასესი ავტომობილი ferrari 612 scaglietti აჩუქა.

ვებგვერდი "ჩელსის" სერბ მცველ ბრანისლავ ივანოვიჩსაც დაუკავშირდა, ვინც განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, რომ მოარული ჭორები საბოლოოდ დადასტურდეს:

"მოურინიო რომ დაბრუნდება, ამის დადასტურება ფეხბურთელებს არ შეგვიძლია, მაგრამ მე ვიცი, რომ ამას ყველანი მოუთმენლად ველოდებით, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია.

მასთან ერთად ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები გავხდებით და პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებთ"
.

მოვიდა მოურინიო და...
დიახ, ყველამ იცის, რომ ჟოზე მოურინიოს ძალიან უყვარს კონკრეტულ ფეხბურთელებთან მუშაობა. ერთ-ერთი ასეთი ფრენკ ლემპარდია. 2007 წლის შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია დარჩენილი: ფრენკი, ჯონ ტერი, პეტრ ჩეხი, ეშლი კოული, პაულუ ფერეირა, ჯონ ობი მიკელი, ფლორან მალუდფა (ეს უკანასკნელი გუნდში მხოლოდ ფორმალურადღა ირიცხება) და ენრიკე ილარიო.

"ინდეპენდენტი" მოურინიოს წყალობით "ჩელსიში" ლემპარდის დარჩენაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. პორტუგალიელს ლონდონში მუშაობის პერიოდში მასთან საუკეთესო ურთიერთობები აკავშირებდა. სწორედ ლემპარდი და ტერი იყვნენ მისი უმთავრესი დასაყრდენები გუნდში.

გამოცემა იუწყება, რომ "ჩელსი" ლეგენდად ქცეულ ნახევარმცველს სეზონის დასრულებისთანავე შესთავაზებს ახალ ერთწლიან ხელშეკრულებას. მიმდინარე სეზონში 34 წლის ვეტერანმა სულ 50 თამაში ჩაატარა (12 შეცვლაზე), სადაც 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. "ჩელსის" რიგებში საერთო ჯამში მას უკვე 201 ბურთი აქვს გატანილი და ორიღა სჭირდება იმისთვის, რომ ყველა დროის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.

თავის დროზე მიკაელ ესიენიც მოუს ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. სწორედ პორტუგალიელმა წაიყვანა ის 2012 წლის ზაფხულში "რეალში" ერთწლიანი იჯარით. განელი ზაფხულში პორტუგალიელთან ერთად ლონდონში აპირებს დაბრუნებას.

მიკაელი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას გვპირდება.

წლების შემდეგ გამხელილი დეტალები
რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" შესაძენად ზუსტად 10 წუთი დახარჯა, - 2003 წლის ივნისში დადებულ გარიგებაზე "ლონდონ ივნინგ სტანდარდს" 11 წლის თავზე "ჩელსის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ტრევორ ბერჩი ელაპარაკა.

ის ბიზნესმენთან პირველ შეხვედრას იხსენებს, რომელიც იმავე წლის თებერვალში შედგა. აი, რას ამბობს ის:

"პირველად, როცა აბრამოვიჩი ვნახე, ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და ამიტომ თარჯიმანი სჭირდებოდა.

ყველაფერი იმდენად უცნაური იყო, რომ არც კი მჯეროდა, რომ ეს რეალურად ხდებოდა. წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე. "გუგლითაც" კი გამიჭირდა ამ ადამიანზე ინფორმაციის მონახვა.

უშუალოდ კლუბის გაყიდვის
კონტრაქტზე ხელის მოწერა 10 წუთი გაგრძელდა. იქამდე არასდროს არაფერი მსგავსი არ მქონდა ნანახი. მე მას ვურჩიე, 20 მილიონი გამოეყო შემადგენლობის გასაძლიერებლად, ის კი ადგა და 6 კვირის თავზე 140 მილიონი დახარჯა.

ვთხოვე, ბილეთებზე ფასები შეგვემცირებინა, მაგრამ მიპასუხეს, რომ კლუბს მომგებიან ორგანიზაციად გადაქცევა ჰქონდა მიზნად დასახული.

წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი "ჩელსის" ფინანსურ პოლიტიკას და თანდათან ვრწმუნდებოდი, რამხელა ირონია იდო ამ სიტყვებში".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრანისლავ ივანოვიჩი: "ჩელსის" ფეხბურთელებს ჟოზე მოურინიოს დაბრუნება ძალიან გვინდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფლორენტინო, არ დაუშვა ეს.. თორემ მერე ახალ მწვრთნელს ერთი სეზონი უნდა აზრზე მოსასვლელად, მე2 სეზონი გუნდის დასაყენებლად, და მე3ზე დაიწყებს ტიტულებზე ფიქრს..
Georgi
11:15 02-05-2013
0

სიახლეები პოპულარული