რიო ფერდინანდის საბოლოო უარი

AutoSharing Option
ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებში უკანასკნელად ითამაშა. ბოლოს ეს 2011 წლის 4 ივნისს შვეიცარიის ნაკრებთან მოხდა და რიოს პარტნიორი იმ შეხვედრაში დღეს უკვე მისგან მოძულებული ჯონ ტერი იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ყველაფერი ეს კი 1997 წლის 15 ნოემბერს, 19 წლის ასაკში, კამერუნთან ამხანაგურ შეხვედრაში დაიწყო. მან 3-ჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევრო 2012-ზე კი ჰოჯსონმა ის ევროპის პირველობის მიღმა დატოვა.

მარტში როი ჰოჯსონმა რიოს ეროვნულ გუნდში ხელახლა უხმო, მაგრამ 34 წლის ვეტერანმა გერმანელი
ექიმების მიერ დანიშნული სარეაბილიტაციო კურსი მოიმიზეზა და შეკრებაზე არ გამოცხადდა. ნაკრების თავკაცი სახტად დარჩა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ფერდინანდს სურს თუ არა ჩვენ გვერდით თამაში, მხოლოდ მისი გადასაწყვეტიაო, თქვა ჰოჯსონმა. და აი, მოვიდა კიდევ ერთი სანაკრებო თამაშის დროც და რიომ საბოლოო პასუხი თქვა - არა.

"დაწვრილებით გავაანალიზე და გადავწყვიტე, რომ ნაკრებთან გამოთხოვების დრო დადგა. ვფიქრობ, ჩემს ასაკში ლოგიკურია, გადგე განზე და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. ამის მერე მთელი ყურადღების გადატანა უკვე საკლუბო კარიერაზე შემეძლება," - განაცხადა ფეხბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ფერდინანდმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, პირველ რიგში, ჰოჯსონს აცნობა. "რიოს სანაკრებო დამსახურებებისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის. "სამი ლომის" შემადგენლობაში მან 14 წელიწადი უმაღლეს დონეზე ითამაშა. ის ეროვნული გუნდის კაპიტანიც იყო და ქვეყნის ღირსება მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაუცავს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული ფეხბურთელების რიცხვში შედის. პატივს ვცემ რიოს გადაწყვეტილებას, მით უფრო, რომ მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი ნამდვილად არ ყოფილა," - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული