"კრისტალ პალასი" - აუტსაიდერობისთვის განწირული არწივები

AutoSharing Option
27 მაისს "უემბლიზე", იან ჰოლოვეის "კრისტალ პალასისა" და ჯანფრანკო ძოლას "უოტფორდის" დაპირისპირებაში, 2013/14 წლების პრემიერლიგის უკანასკნელი მონაწილე გამოვლინდა.

ელიტაში თამაშის უფლება ლონდონელმა "არწივებმა" მოიპოვეს. პრემიერლიგაში გადასვლა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე იქ ფეხის მოკიდება. დედაქალაქელებს ეს ნამდვილად არ ესწავლებათ. პირველად ელიტაში ეს გუნდი 1969/70 წლების სეზონში გამოჩნდა და 1972/73-ში ისევ დაემშვიდობა მას.

მეორედ ის უკვე 1979/80-ში ვიხილეთ საუკეთესო ინგლისური გუნდების გვერდით, მაგრამ მათთვის დღესასწაული არც ამჯერად გაგრძელებულა დიდხანს. "პალასმა" უკანასკნელად პრემიერლიგაში 9 წლის წინ, სწორედ პლეი ოფში მოიპოვა ეს უფლება, მაგრამ
იან დოუის
გუნდმა ვერც მაშინ გაუძლო საჭიდაო რიტმს და პირველივე სეზონში გავარდა. საფეხბურთო მიმომხილველებს ახლაც ეჭვი ეპარებათ, რომ გუნდმა დიდხანს მოახერხოს დარჩენა.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა "უოტფორდთან" გამარჯვებული შემადგენლობის საბაზრო ღირებულება გამოითვალეს და აღმოაჩინეს, რომ კლუბს 11 ფეხბურთელში მხოლოდ 2,15 მილიონი ფუნტი აქვს დახარჯული: ყველაზე ძვირი ჰოლოვეის შეგირდებს შორის კაგიშო დიკგაჩოია, "არწივებს" "ფულჰემიდან" მისი შეძენა 600 ათასი ფუნტი დაუჯდათ. იულიან სპერონიში 500 ათასია გადახდილი ("დანდი იუნაიტედი"), ჯოელ ვორდსა და დინ მოქსიში - 400-400 ათასი (შესაბამისად, "პორტსმუთი" და "დერბი ქაუნთი"), ოუენ გარვანში კი - 250 ათასი ("იპსვიჩი").

დანარჩენი ფეხბურთელებიდან ზოგი კლუბის აღზრდილია, ზოგი იჯარით თამაშობს, როგორც, მაგალითად, უილფრიდ ზაჰა, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება, და ზოგიც თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა საკადრო თვალსაზრისით: ერთ თვეში 14 ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი, ერთ წელიწადში კი 8 მათგანი ისარგებლებს თავისუფალი აგენტის სტატუსით, თუკი კლუბმა მათთან ხელშეკრულებები არ განაახლა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც კი, რასაკვირველია, ლონდონელებს აქვთ მიღწეულით ტკბობის უფლება, მაგრამ უმჯობესია, მაინც საქმეს მიხედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან მძიმე დღეები ელით. მით უფრო, რომ "სელჰერსტ პარკზე" აღარ ითამაშებს უილფრიდ ზაჰა. რაც შეეხება კევინ ფილიპსს, ოდესღაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი უკვე 39 წლის არის და მის იმედად ყოფნა უკვე ძალიან ძნელი იქნება.

რა შეიძლება ითქვას "არწივების" მთავარ მწვრთნელზე? იან ჰოლოვეის პრემიერლიგაში ადრეც უმუშავია, მაგრამ წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ის 2010/11-ის სეზონში "ბლექპულს" ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ მხოლოდ მე-19 ადგილზე მოახერხა გუნდის გაყვანა. მრავალჭირნახულ სპეციალისტს ამჯერადაც წინასწარ უკიჟინებენ, რომ ის და მისი ფეხბურთელები სეზონის უმთავრესი აუტსაიდერები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული