30 მილიონი ევრო და ფერნანდო ტორესი ედინსონ კავანის სანაცვლოდ

AutoSharing Option
ედინსონ კავანის გარშემო კვლავაც დიდი აურზაურია და ასე იქნება იქამდე, სანამ მისი მომავალი საბოლოოდ არ გაირკვევა.

26 წლის ურუგვაელმა ჟურნალისტებს გული გადაუშალა და განაცხადა, რომ ბავშვობაში მადრიდის "რეალში" ასპარეზობაზე ოცნებობდა. ბუნებრივია, ამ ფრაზას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟურნალისტებიც ურუგვაელის "სამეფო კლუბში" გადაბარგებაზე ალაპარაკდნენ. მალევე კავანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა მედიასივრცეში და მოკლე განმარტება გააკეთა:

"დიახ, მე მართლაც განვაცხადე, რომ მადრიდის "რეალში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ესპანეთში ვაპირებ გადასვლას. ადრეც ვთქვი და კიდევ არაერთხელ
ვიტყვი, რომ "ნაპოლიდან" წასვლის სურვილი არ მაქვს. ჩემი ბედი აურელიო დე ლაურენტისის ხელშია და როგორც "ნაპოლის" ბოსები გადაწყვეტენ, ისე მოვიქცევი. ბუნებრივია, ნებისმიერ გუნდში არ გადავალ, რადგან ჩემთვის მთავარი სპორტული მოტივაციაა და არა ფინანსური მხარე. მოვიცადოთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

მადრიდის "რეალის" მესვეურები კავანის შესაძლო გადაბირებაზე არაფერს ამბობენ და ურუგვაელის მომავალსაც უფრო ხშირად ინგლისურ გუნდებს უკავშირებენ. აქამდე ყველაზე ხშირად "მანჩესტერ სიტის" ახსენებდნენ, 30 მაისს კი წინა პლანზე "ჩელსის" ვარიანტმა წამოიწია.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, აურელიო დე ლაურენტისმა ლონდონიდან უკვე მიიღო შეთავაზება, რომელიც მაცდურად ჟღერს: 30 მილიონი ევრო და ფერნანდო ტორესი კავანის სანაცვლოდ. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დე ლაურენტისი, რომელსაც ახალ მთავარ მწვრთნელთანაც მოუწევს კონსულტაციის გავლა.

სიტყვამ მოიტანა და აქვე ვთქვათ, რომ იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, რაფაელ ბენიტესმა უკვე გადასცა პრეზიდენტს იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც სიამოვნებით იხილავდა "ნაპოლიში". ამბობენ, რომ აღნიშნულ სიას სათავეში ხავიერ მასკერანო უდგას. 28 წლის არგენტინელი "ბარსელონას" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა, ამ სეზონში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მისი ნეაპოლში წაყვანა იოლი საქმე არ უნდა იყოს. თუმცა, ბენიტესმა სურვილი გაამხილა და დანარჩენი უკვე დე ლაურენტისზეა დამოკიდებული. მოკლედ, "ნაპოლი" დიდ სატრანსფერო ორომტრიალშია და ვნახოთ, რითი დასრულდება ეს ყველაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი უკვე ოფიციალურად ნეაპოლელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული