"მანჩესტერ სიტი" - ჰაკერთა თავდასხმის მსხვერპლი

AutoSharing Option
პარასკევს "მანჩესტერ სიტიმ" მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ჩილელ სპეციალისტს "ქალაქელები" დიდ იმედებს უკავშირებენ. თუმცა სასიამოვნო ცნობა 16 ივნისის დილას გავრცელებულმა სკანდალურმა ინფორმაციამ გადაფარა. კვირას "სიტის" ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კლუბის სერვერი უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს, საიდანაც "სიტის" სკაუტთა მიერ ახალგაზრდა მოთამაშეებზე მოძიებული ინფორმაცია მოიპარეს.

სისხლის სამართლის საქმე "საწარმოო შპიონაჟის" მუხლით უკვე აღძრულია. იმედია, სამართალდამცავები მალე გაარკვევენ, თუ ვის დასჭირდა ამის გაკეთება, რადგან "სიტის" შემდეგ არც პრემიერლიგის სხვა კლუბები არიან დაცულნი მსგავსი შეტევებისგან. თუკი მოპარული ინფორმაცია
ინტერნეტით გავრცელდა, ამის აღკვეთა კი პრაქტიკულად შეუძლებელია, მანჩესტერელებს სამომავლოდ დაგეგმილ სატრანსფერო საქმიანობაში ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

სავარაუდო ტრანსფერები
ამ დღეებში ინტერნეტში "ქალაქელების" მიერ დაგეგმილი კიდევ ორი ტრანსფერის შესახებ გახდა ცნობილი. "არსენალის" შემდეგ "სიტი" მეორე ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც სტევან იოვეტიჩის შეძენა მოისურვა. "ფიორენტინა" 23 წლის ჩერნოგორიელ თავდამსხმელს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

"იები" იოვეტიჩის შეცვლას "ბაიერნიდან" მარიო გომესის გადაბირებით აპირებენ, თუმცა ჯერჯერობით "რეკორდმაისტერის" მიერ დასახელებული თანხის გადახდაზე თანხმობა არც ერთ კლუბს არ უთქვამს.

Football Italia წერს, რომ "სიტი" "ლაციოდან" 26 წლის მარცხენა მცველის, სტეფან რადუს ყიდვას გეგმავს და მზადაა, მასში 15 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. მანუელ პელეგრინის უკვე ჰყავს ორი კარგი განაპირა მცველი - გაელ კლიში და ალექსანდარ კოლაროვი. ამ პოზიციის მოთამაშით დაინტერესება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ჩილელი რომელიმეს გაშვებას გეგმავს. ეს უფრო კოლაროვი უნდა იყოს, ვისაც არაერთხელ უთქვამს საყვედური მწირი სათამაშო პრაქტიკის გამო. ისე, იმის თქმაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2010 წელს სერბი "სიტიმ" იმავე "ლაციოდან" შეიძინა.

"გალათასარაის" მიერ ჯონ ობი მიკელის შეძენის გეგმაზე ამავე გვერდზე უკვე მოგახსენეთ. "დეილი მეილი" სტამბულელებს ჯოლეონ ლესკოტით დაინტერესებასაც მიაწერს. 30 წლის ცენტრალურ მცველს ხელშეკრულება ერთ წელიწადში უმთავრდება, თუმცა მას თანამშრომლობის გაგრძელებას არავინ სთავაზობს. ვეტერანს თავადაც ურჩევნია, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სეზონი ისეთ კლუბში გაატაროს, სადაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება. არ გვგონია, "სიტიმ" მის გაყიდვაზე უარი თქვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ სიტიმ" დაადასტურა: მანუელ პელეგრინი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული