"ჩელსი" ედინსონ კავანის შეუთანხმდა და ანდრე შიურლე გაიფორმა

AutoSharing Option
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" "ნაპოლის" შეუთანხმდა და მზადაა, ედინსონ კავანის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო თავად ურუგვაელს ხელფასის სახით წელიწადში 8,5 მილიონი ევრო უხადოს. ამ ცნობას გულგრილად ვერ შეხვდებოდნენ ის კლუბები, რომლებიც 26 წლის ფორვარდისთვის იბრძვიან.

მოგეხსენებათ, "ჩელსის" გარდა, კავანის შეძენით "მანჩესტერ სიტი" და "რეალი" არიან დაინტერესებულნი, საუბრობდნენ "პარი სენ-ჟერმენზეც". თავად კავანიმ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად "რეალში" სურდა გადასვლა და თუ "ნაპოლიმ" "ჩელსისთან" შეთანხმებას მართლაც მიაღწია, მაშინ "სამეფო კლუბს" 58 მილიონზე მეტის გაღება
მოუწევს.

ყველასთვის მოულოდნელად, ასპარეზზე "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოჩნდა. უეინ რუნის გარშემო სიტუაცია კვლავ გაურკვეველია, შესაბამისად, დევიდ მოიესი მის შესაძლო შემცვლელს ეძებს. როგორც ირკვევა, "იუნაიტედი" მზადაა, კავანიში მისთვის სარეკორდო თანხა გადაიხადოს. მოიესს მიაჩნია, რომ ურუგვაელი რობინ ვან პერსის იდეალურად შეეწყობა და შოტლანდიელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ნაპოლის" ფორვარდი არც კონკურენტს დაუთმოს და არც "რეალს".

სანამ კავანის საკითხი გადაწყდება, იქამდე "ჩელსიმ" ანდრე შიურლე წარადგინა. 22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახალ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ლონდონურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისმა ყოფილმა გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერმა" კი 21 მილიონი ევრო მიიღო.

რუნის შეძენა "ბარსელონასაც" სურს
სპეკულაციები უეინ რუნის შესაძლო ტრანსფერის ირგვლივ კვლავ გრძელდება. კავანის არ იყოს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის შეძენა "ჩელსის" და მადრიდის "რეალს" სურთ, 25 ივნისს კი "ბარსელონას" ინტერესის შესახებაც ახსენეს.

მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა სერ ალექს ფერგიუსონს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. "იუნაიტედის" ახალ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს რუნის შენარჩუნება სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს თვალი წასვლაზე უჭირავს. ამ სიტუაციით სარგებლობას ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი აპირებენ.  ბრძოლაში კატალონიური გუნდიც ჩაერთო.

სამივე კლუბს აქვს იმის რესურსი, რომ ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს და რუნის ყოველკვირეული ხელფასი (295 000 ევრო) შეუნარჩუნოს. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება, როდესაც მოიესი და რუნი შვებულებიდან დაბრუნდებიან და ამ საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანი: 63 მილიონი ევრო არ ვღირვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული