ბუნებრივია, ამ ეტაპზე მის გაკრიტიკებას არავინ აპირებს და არც თავად შოტლანდიელს დაუწყია თვითგვემა. "ეშმაკების" დამრიგებლის თქმით, მას ამ ეტაპზე ყველაზე მეტად შეგირდების საქმეში ხილვა აინტერესებდა. მოიესმა, თამაშის მიმოხილვის გარდა, რამდენიმე საინტერესო თემაზეც გაამახვილა ყურადღება:
- ეს წაგება არაფერსაც არ ნიშნავს. საქმე ასარჩევად რომ მქონდეს, რომელი თამაში დავთმო სეზონის განმავლობაში, აქცენტს ნამდვილად ამხანაგურებზე გავაკეთებდი, რადგან ისინი მხოლოდ ოფიციალური ტურნირებისთვის მოსამზადებელი ციკლია და მეტი
უკეთესი იქნებოდა, რომ ძლიერი ზეწოლა საფინალო სასტვენამდე შეგვენარჩუნებინა. წაგების მიუხედავად, რამდენიმე დადებითი მომენტის აღნიშვნა შეიძლება, მაგალითად იმის, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა 90 წუთის განმავლობაში მოახერხა თამაში. მსგავსი დატვირთვა ფიზიკური ფორმის ასაკრეფად კარგი საშუალებაა.
ბიჭებმა სერიოზული გამოცდა ჩააბარეს, რადგან მატჩი საშინელი ხვატის პირობებში ტარდებოდა. ასე რომ, რაც ვნახე, საბოლოოდ ჯამში, იმითი უკმაყოფილების საფუძველი არ მაქვს. გუნდი, ასე თუ ისე, ნორმალურ ფორმაშია.
ნიჭიერი ახალწვეულები
ამის შემდეგ მოიესმა რამდენიმე ფეხბურთელი საგანგებოდ გამოყო. მათ შორის - "იუნაიტედის" დუბლებიდან ძირითადი გუნდის განაცხადში გადაყვანილი ადნან იანუზაი და დებიუტანტი უილფრიდ ზაჰა.
- დღეს იანუზაი სხვების ფონზე აშკარად გამოირჩეოდა, შესანიშნავად უგებდა თანაგუნდელებს, რაც შეუძლებელია, რომ ძალიან არ მახარებდეს. მიმაჩნია, რომ ჩემი გუნდისთვის ის ერთი დამატებითი პლუსია. მშვენიერია, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსს აძლევ და ის იმ დონეზე ახერხებს თამაშს, როგორც დღეს ადნანმა გააკეთა. თუკი ის ამ დონეს შეინარჩუნებს, პირველ გუნდს კიდევ უფრო მიუახლოვდება.
დადებითი კუთხით გაგვაცნო თავი უილფრიდ ზაჰამაც, ვინც შეცვლაზე შევიდა და ჩვენი შეტევა ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახადა. შეკრებაზე თავდამსხმელების დეფიციტი გვაქვს. უეინ რუნი და უილ კინი ჯერაც ტრავმირებულები არიან, ვან პერსი გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება, "ჩიჩარიტო" კი აზიურ ტურნეს მთლიანად გამოტოვებს. ამ ყოველივემ თავდასხმაში ჩვენს პოტენციალს მძიმე დაღი დაასვა.
უილფრიდმა გუნდს ახალი მუხტი მისცა. მის თამაშს განსაკუთრებულად დავაკვირდებით. მის ასპარეზობას ცოცხლად პირველად ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მექნება მისი იმედი, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელ ამპლუაში უფრო ეფექტური იქნება მისი გამოყენება.
კიდევ ერთხელ რუნიზე
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სატრანსფერო კამპანიაზეც გააკეთა კომენტარი. შოტლანდიელმა კიდევ ერთხელ უარყო, რომ ის რუნისთან გამოთხოვებას აპირებს:
- თუ მეხსიერება არ მღალატობს, უკვე ვთქვი, რომ რუნი არ იყიდება! ხალხს უყვარს კარგ ფეხბურთელებზე ბევრი ლაპარაკი. უეინზე მეც ხშირად მისვამენ შეკითხვებს. დარწმუნებული ვარ, ასე ხდება სხვა კლუბებშიც. კიდევ ერთხელ, ვინ იცის მერამდენად, ვიმეორებ, რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და ის "ოლდ ტრეფორდზე" რჩება.
დაწუნებულთა სია
სულ ბოლოს კი "ეშმაკების" თავკაცმა მის მიერ დაგეგმილი "რეპრესიების" შესახებაც ისაუბრა:
- სმოლინგი, ნანი, იანგი და ვიდიჩი მანჩესტერში ტრავმების გამო დარჩნენ. რაც შეეხებათ ფედერიკო მაკედასა და ბებეს, ჩავთვალე, რომ გუნდისთვის უმჯობესი იქნებოდა, შანსი სხვა ფეხბურთელებისთვის მიმეცა. ცვლილებები გუნდში ჯერ კიდევ იგეგმება. საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად დრო გვჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უეინ რუნის საეჭვო ტრავმა