"მანჩესტერ სიტის" თავდასხმა შეივსო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" შემტევთა რიგები ჯერ იანვარში შეთხელდა, როცა "ეტიჰადიდან" მარიო ბალოტელი "მილანში" გადავიდა სათამაშოდ.

ზაფხულზე მის კვალს კარლოს ტევესიც მიჰყვა, ვინც არჩევანი ტურინის "იუვენტუსზე" შეაჩერა. ბუნებრივი იყო, რომ ამბიციური კლუბი თავდასხმის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებდა. "ქალაქელებმა" ორი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჩაიგდეს ხელთ. "სიტიმ" ალვარო ნეგრედო უკვე წარადგინა. გადაწყვეტილია სტევან იოვეტიჩის ტრანსფერიც. მართალია, ოფიციალურ ვებგვერდზე კონტრაქტის დეტალები და ხანგრძლივობა მითითებული არ ყოფილა,

მაგრამ ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა მაინც დაადგინეს, რომ ესპანეთის ნაკრების წევრმა ხელშეკრულება 2017 წლის ივლისამდე გააფორმა, რომლის თანახმადაც კვირაში მისი ხელფასი
75 ათასი ფუნტი იქნება. "სევილია" 25 მილიონი ევროს კომპენსაციას მიიღებს. საბოლოო ჯამში კი, ბონუსების ჩათვლით, თანხა, შესაძლოა, 28-მდეც გაიზარდოს. ნეგრედო "სიტიში" კიდევ ერთ ყოფილ ანდალუსიელ ხესუს ნავასს შეუერთდება.

"ყველას დიდი მადლობა. "სევილიაში" გატარებული ოთხი წელიწადი დაუვიწყარი იყო. მადლობა სენიორ დელ ნიდოს, რომ მენდო თავის დროზე. ამ კლუბმა წარმოუდგენლად ბევრი რამ მომცა, მათ შორის ნამდვილი მეგობრები, დამაკავშირა უამრავ ფანტასტიკურ ადამიანს. მადლობა მწვრთნელებს, მადლობა ქალაქს, სადაც ჩემი შვილი დაიბადა. ამის წყალობით მე მასთან უკვე სამუდამოდ ვარ დაკავშირებული.

ფეხბურთში ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. როგორც ჩანს, ეს საფეხური უკვე გავიარე. ცხოვრებაში გაჩერება არ შეიძლება. "მანჩესტერ სიტი" ფანტასტიკური კლუბია. ნამდვილი გამოწვევა ჩემთვის. წინადადებები სხვა კლუბებისგან რომ მქონოდა, არსადაც არ წავიდოდი, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხესუსთან ერთად ისევ მომიწევს თამაში,"
- განაცხადა ალვარო ნეგრედომ.

გზა ბიჭობიდან კაცობამდე
სტევან იოვეტიჩის ამბავი ბრიტანულმა წყაროებმა ხუთშაბათს გვიან ღამით დაადასტურეს. "ქალაქელებმა" 23 წლის ჩერნოგორიელისთვის ბრძოლაში "იუვენტუსი" დაამარცხეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარიგება 25 ან 30 მილიონი ევრო დაჯდა, ფეხბურთელის ანაზღაურება კი კვირაში 100 ფუნტზე მეტი იქნება. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებდა იტალიური მასმედია რამდენიმე დღის წინ. სტევანმა ფლორენციაში 5 წელი გაატარა და სერია A-ში ჩატარებულ 116 შეხვედრაში 35 გოლის გარდა 23 საგოლე გადაცემა მიითვალა. ახლა კი გაგაცნობთ, თუ რა უთხრა ფეხბურთელმა goal,com-ს:

- ინგლისში გადასვლა ძალიან მიხარია. ამ თემაზე ჩემგან დამატებით რაღაცების ლაპარაკი ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა. "სიტი" პრემიერლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ნამდვილად ძალიან მინდა იქ ასპარეზობა. ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერში მეგობარი მატეა ნასტასიჩი დამხვდება (სერბი მცველი "სიტიმ" 2012 წლის 31 აგვისტოს იმავე "ფიორენტინადან" შეიძინა. რედ).

განუმეორებელი გუნდიდან მივდივარ. "ფიორენტინასთვის" ჩემს გულში ადგილი ყოველთვის იქნება და სამუდამოდ მის გულშემატკივრად დავრჩები. იმედია, "იები" სკუდეტოსთვის ბრძოლას მოახერხებენ. მომენატრება ფლორენცია, რომლის ქუჩებში არაერთი დღე გამიტარებია და სადაც თითქმის ყველასთან ვპოულობდი საერთო ენას. შეიძლება გულშემატკივრები ამ წუთას გაღიზიანებულები იყვნენ ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს მათი უფლებაა.

მათზე არასოდეს ერთ გადაკრულ სიტყვასაც კი არ ვიტყვი. უბრალოდ მინდა, რომ ვთხოვო, ეცადეთ და გამიგეთ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. აქამდე რაც შემეძლო "ფიორესთვის" ყველაფერი გავიღე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა. ნუთუ ყველაფერი ასე ცუდია?

"ფიორენტინას" ახლა მარიო გომესი ჰყავს. მე მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ აშკარაა, რომ ის მართლა ძალიან ძლიერია. კარგი იქნებოდა, მასთან ერთად თამაშის შანსი მომცემოდა, მაგრამ... ფლორენციაში პატარა ბიჭი ჩამოვედი და ახლა აქედან კაცად და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად მივდივარ
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალვარო ნეგრედო "მანჩესტერ სიტიში" 9 ნომრით ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული