რობერტო სოლდადო: "ტოტენჰემის" გოლეადორი უნდა გავხდე

AutoSharing Option
2012/13-ის სეზონის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა ერთხმად აღიარეს, რომ "ტოტენჰემს" ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე მაღალი დონის თავდამსხმელი დააკლდა.

"დეზები" თითქმის მთლიანად გარეთ ბეილის მხრებზე აღმოჩნდნენ დაყრდნობილნი. უელსელი თავის საქმეს მაღალ დონეზე კი აკეთებდა, თუმცა 23 წლის ასაკში ყოვლის შემძლეობა, მით უფრო ინგლისის პრემიერლიგაში, ძალიან ძნელია.

და აი, ჩრდილოლონდონელებმა ესპანურ პრიმერაში წლების განმავლობაში გამობრძმედილი თავდამსხმელი დაიმატეს. რობერტო სოლდადოსა და ჯერმეინ დეფოს არ უნდა გაუჭირდეთ ტვირთის ზიდვა. რაც შეეხება ემანუელ ადებაიორს, ტოგოელი ალბათ წავა. 5 აგვისტოს 4-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ფეხბურთელმა "ტოტენჰემის" ვებგვერდს
პირველი ვიდეოინტერვიუ მისცა.

- რობერტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. რას ფიქრობთ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ?
- ამაყი ვარ, რომ ასეთ ადგილას მოვხვდი, კლუბში, რომელსაც უზარმაზარი ისტორია უმაგრებს ზურგს. იმედია, შედეგიანად ავთამაშდები, რათა "ტოტენჰემს" მადლობა გადავუხადო ჩემთან კონტრაქტის დადებისთვის. "ტოტენჰემი" დიდი გუნდია და ის იმსახურებს ჩემპიონთა ლიგაში თამაშს. ვიცი, რომ ინგლისის ჩემპიონატი ძალიან რთულია და ამ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ. მაინც მგონია, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია.

- რას ფიქრობთ გუნდის შემადგენლობაზე, რომლის ნაწილსაც ამიერიდან წარმოადგენთ?
- დიდი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდში მოვედი. ყველას, ახალწვეულების ჩათვლით, ერთი სული გვაქვს, "ტოტენჰემი" ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ და დავაბრუნოთ იმ გარემოში, სადაც მას ეკუთვნის კიდეც ყოფნა.

- ლა ლიგაში ბევრი გოლი გაგქონდათ. პრემიერლიგაში სიახლეებს ელოდებით?
- აქ სწორედ იმისთვის მოვედი, რომ გოლები გავიტანო. ყოველთვის ვცდილობ, მიმდინარე სეზონი უკეთესი გამომივიდეს, ვიდრე წინა. ჩემი მიზანია, გავიტანო იმდენი, რამდენსაც შევძლებ.

- "ტოტენჰემი" შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მოგწონთ ასეთი სტილის გუნდში თამაში?
- ძალიან მომწონს გუნდები, რომელთაც ეხერხებათ ბურთის კონტროლი და შეტევა. ეს ზუსტად რომ ანდრე ვილაშ-ბოაშის მანერაა და ის გულშემატკივარსაც ძალიან მოსწონს და გუნდსაც.

- შაბათს "უაით ჰართ ლეინზე" გელით დებიუტი "ესპანიოლთან" შეხვედრაში. რა შეგიძლიათ გვითხრათ ბარსელონელებზე?
- დებიუტს მოუთმენლად ველოდები. "ესპანიოლს" ნამდვილად კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ წინა სეზონში ლა ლიგის ბოლო ტურებში ის ძალიან ძლიერად ათამაშდა. გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ასე რომ, მათთან მძიმე პაექრობა გველის.

- ეს შეხვედრა თქვენი პრეზენტაციაც იქნება. ტრიბუნები არნახულ მხარდაჭერას გიცხადებენ.
- ბუნებრივია, ერთი სული მაქვს ამ ატმოსფეროს როდის შევიგრძნობ, რადგან ეს ერთ-ერთია, რითაც პრემიერლიგა ყველაზე მეტად ფასობს.

- მომდევნო სეზონში რა მიზნები გაქვთ?
- ჩემი მთავარი ამოცანაა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე და მას ჩემპიონთა ლიგამდე გავუკაფო გზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ვალენსიაში" რობერტო სოლდადოს ელდერ პოშტიგა შეცვლის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული