სერ ალექს ფერგიუსონი აღარ ჰყავს. "იუნაიტედში" დიდი შოტლანდიელი პატარა შოტლანდიელმა შეცვალა.
ახალი დამრიგებლები ჰყავთ ვიცე-ჩემპიონ "სიტისა" და ბრინჯაოს მედალოსან "ჩელსისაც" - მანუელ პელეგრინი კუნძულზე უცხო სახეა, რასაც ვერ ვიტყვით ჟოზე მოურინიოზე.
ერთი სიტყვით, 17 აგვისტოს ინგლისში დიდი სანახაობა იწყება.
პირველი სასტვენი
17 აგვისტოს მარტინ ატკინსონის სასტვენით 2013/14 წლების პრემიერლიგის I ტური იწყება. "ლივერპული" "სტოკ სიტის" უმასპინძლებს.
მასპინძლებმა შარშანდელი სეზონი მაჟორულ ნოტზე დაასრულეს. მართალია,
მერსისაიდელებს ესმით, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა მართებთ, ამისთვის კი მსგავსი ჩავარდნა უპატიებელია. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია საშინაო შეხვედრებზე.
ენფილდელთა ბანაკში სიტუაციას ლუის სუარესის ფაქტორი ამწვავებს. რა ხდებოდა ამ ზაფხულს ურუგვაელის თავს, ამაზე ლაპარაკს აღარ მოვყვებით. შეგახსენებთ, რომ მას სასტარტო 6 თამაშის (და არა 6 ტურის) გამოტოვება მოუწევს დისკვალიფიკაციის გამო. ერთ შეხვედრას კი ლიგის თასზე გამოტოვებს.
სუარესს ძირითადში გამოჯანმრთელებული დენიელ სტარიჯი შეცვლის.
გადამწყვეტი სეზონი
არსენ ვენგერს რთული წელიწადი ელის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგადად პრემიერლიგაა რთული. ფრანგმა გულშემატკივრისთვის მიცემული პირობა ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ შეასრულა და სატრანსფერო ბაზარზე პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლა.
I ტურის წინ "მეთოფეებს" ტრადიციულმა ტრავმიანობამაც დარია ხელი და როგორც ინგლისური პრესა წერს, ძირითადი ბირთვის მხოლოდ 14 მოთამაშეა მწყობრში. ფეხბურთელები აცხადებენ, რომ ისინი დაიღალნენ მე-4 ადგილისთვის ბრძოლით და სურთ, საქმეს სერიოზულად მოჰკიდონ ხელი.
ჩრდილოლონდონელებს ანგარიშგასაწევი მეტოქე ელით. პოლ ლამბერტის "ასტონ ვილას" წამყვანი მოთამაშეების სავარაუდო ტრანსფერებზე ბევრი იწერებოდა, თუმცა ბირმინგემელებმა ლიდერები არათუ შეინარჩუნეს, თითქმის ყველასთან მოახერხეს კონტრაქტების გახანგრძლივება. ჩემპიონატის დაწყებამდე სერიოზული საკადრო პრობლემები გუნდში არ არის.
ასე რომ, "ვილა" ჩემპიონატის სტარტს მზად ხვდება.
გამოცდა N2, N3, N4
"მანჩესტერ იუნაიტედს" სასტარტო ტურებში არ გაუმართლა. სუპერთასზე ასოციაციის თასის მფლობელ "უიგანთან" გამარჯვების შემდეგ "ეშმაკებს" სტარტზე "სუონსისთან" გასვლაზე უწევთ დაპირისპირება, რასაც მომდევნო ტურებში "ჩელსისთან" შინ (26 აგვისტო) და "ლივერპულთან" გასვლაზე (1 სექტემბერი) თამაშები მოსდევს. დაგვეთანხმებით, მძიმე სურათია.
"არსენალისა" არ იყოს, პასიური სატრანსფერო კამპანია ჰქონდა დევიდ მოიესსაც. შოტლანდიელი არ მალავს, რომ ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველი სურს, მაგრამ ხელმძღვანელობამ მას ვერც ერთი სურვილი ვერ შეუსრულა. ჯერ ლაპარაკი იყო მარუან ფელაინიზე, შემდეგ სესკ ფაბრეგასზე და ეს დღეებია, ესპანური პრესა "იუნაიტედის" მესუთ იოზილისადმი ინტერესზე ალაპარაკდა.
რაც მთავარია, მწვრთნელმა თამაშის სურვილი უნდა დაუბრუნოს უეინ რუნის.
გაძლიერებული "სუონსი" ნამდვილად არ იქნებოდა მეტოქე, რომელზეც "იუნაიტედში" ოცნებობდნენ. რეალურად "გედების" პოტენციალი შარშანაც აღემატებოდა საბოლოო ჯამში დაკავებულ მე-10 ადგილს, რადგან ლიგის თასის მოგების შემდეგ ფეხბურთელები მოეშვნენ.
წელს ასეთი რამ, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელია, რადგან მიკაელ ლაუდრუპის გუნდი უკეთაა დაკომპლექტებული და მოტივაციის დაკარგვა ფეხბურთელისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს უკეთეს ლიგაში ჰოლანდიის ერედივიზიეს ბომბარდირი ვილფრიდ ბონი. 24 წლის ივუარელს ჯერ არაფერი ეტყობა, რომ თანაგუნდელებს უცხოობს.
ლონდონური დერბი
I ტურს 18 აგვისტოს გასამართი ლონდონური დერბიც დაამშვენებს. სეზონის უმთავრეს აუტსაიდერად შერაცხილი "კრისტალ პალასი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.
იან ჰოლოვეის შეგირდებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ მათი აღზევება ელიტურ ლიგაში შემთხვევითი არ ყოფილა. ბრძოლის დაწყება "დეზებთან" მატჩით საუკეთესო გამოსავალი არ არის.
ანდრე ვილაშ ბოაშს აგვისტოში გარეთ ბეილი არ ეყოლება. უელსელი ტრავმირებულია, რაც ალბათ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ "რეალში" მისი ტრანსფერი ჩაშლილად შეიძლება გამოვაცხადოთ. ჩრდილოლონდონელთა სატრანსფერო კამპანიას თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკეთესო პრემიერლიგის გუნდებს შორის.
ასე რომ, პორტუგალიელ მწვრთნელს სერიოზული არგუმენტები აქვს იმისთვის, რომ, როგორც მინიმუმ, შარშანდელზე უკეთესი შედეგის იმედი ჰქონდეს.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება
ორშაბათს "ეტიჰადზე" ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. ექსჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" "ნიუკასლს" ხვდება.
"ქალაქელები" ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტთა შორის სახელდებიან, თუმცა ახალი მწვრთნელის გარდა გუნდში ახალი ფეხბურთელების მთელი წყებაა და როდის მოახერხებენ ისინი იდეალურად შეთამაშებას, ამის თქმა ძალიან ძნელია.
გამორიცხვით აბა რანაირად გამოვრიცხავთ, თუმცა გვგონია, რომ მანუელ პელეგრინი ოქროს მედლებს შეწვდება, თუკი მუშაობა დააცალეს, აი, წელს კი ამის გაკეთება გაუჭირდება. სხვა თუ არაფერი, ჩილელ სპეციალისტს ჯერ კიდევ სჭირდება დრო ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის.
რაც შეეხება "ნიუკასლს": ალან პარდიუმ და "კაჭკაჭებმა" შარშან მთელ ინგლისს გაუცრუეს იმედები. ტაინსაიდელებს საქმე ლამის გასავარდნად დაუდგათ. მიუხედავად მრავალწლიანი კონტრაქტისა, მწვრთნელს ამას კიდევ ერთხელ ძნელად თუ მოუთმენენ.
გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ერთი ფეხის გადაბრუნება და პარდიუს პოსტზე სპორტული დირექტორი ჯო კინეარი ჩაანაცვლებს.
თუმცა "ნიუკასლი" ამით რას მოიგებს, ძნელი სათქმელია.
ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური
17 აგვისტო
ლივერპული-სტოკი 15:45
დისკვალიფიკაცია: ლუის სუარესი -
ტრავმა: დანიელ აგერი, მარტინ შკრტელი - ბრეიკ ში
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +45=27-18 (140-79)
არსენალი-ასტონ ვილა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აბუ დიაბი, ბაკარი სანია, ტომას ვერმალენი, მიკელ არტეტა, თეო უოლკოტი, აარონ რემსი, ნაჩო მონრეალი, იაია სანოგო, რიო მიაიჩი - კრის ჰერდი, იაკუბა სილა, ჩარლ ნზოგბია
ურთიერთშეხვედრები
სულ 169 თამაში: +70=39-60 (266-244)
ნორვიჩი-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: ლეროი ფერი -
ტრავმა: სებასტიან ბასონგი ენტონი პილკინგტონი გარი ჰუპერი - ტონი ჰიბერტი, დარონ გიბსონი, ანტოლინ ალკარასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +14=16-17 (62-70)
სანდერლენდი-ფულჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: კრეიგ გარდნერი, დევიდ ვონი -
ტრავმა: ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, სტივენ ფლეტჩერი - ალექსანდერ კაჩანიკლიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +9=11-12 (35-38)
ვესტ ბრომ.-საუთჰემპტ. 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა - ნათანიელ კლაინი, ლუკ შოუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +13=16-12 (49-49)
ვესტ ჰემი-კარდიფი 18:00
დისკვალიფიკაცია: - ენდრიუ ტეილორი
ტრავმა: ჯორჯ მაკარტნი, ენდი კეროლი, ჯეიმს კოლინზი - ანდრეას კორნელიუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +13=5-6 (39-24)
სუონსი-იუნაიტედი 20:30
დისკვალიფიკაცია: - რაფაელი
ტრავმა: ჯონათან დე გუზმანი - ხავიერ ერნანდესი, მაიკლ კერიკი, ნანი, ეშლი იანგი, დარენ ფლეტჩერი, უილიამ კინი, ნიკ პაუელი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=2-5 (5-9)
18 აგვისტო
კრისტალ პალ.-ტოტენჰემი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონათან პარი, იანიკ ბოლასი, ჯერომ ტომასი, გლენ მარი - ანდროს ტაუსენდი, ეზეკილ ფრაიერსი, ჰარი კეინი, ტომას კეროლი
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +5=9-12 (25-40)
ჩელსი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნათან ჩალობა, ტომაშ კალაში - სტივენ ქუინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=2-0 (10-2)
19 აგვისტო
სიტი-ნიუკასლი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მატია ნასტასიჩი - ლოიკ რემი, რაიან ტეილორი, ხონას გიტიერესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 130 თამაში: +47=32-51 (180-184)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"