ღირდა პაბლო ოსვალდო 15 მილიონი? ერთ დროს მას ახალ ბატისტუტას უწოდებდნენ...

AutoSharing Option
კვირას, საღამოს გაირკვა, რომ "საუთჰემპტონმა" "რომადან" იტალიის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი პაბლო ოსვალდო იყიდა.

მასალა არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელზე "დეილი მეილმა" შემოგვთავაზა.

დოსიე
პაბლო დანიელ ოსვალდო
დაიბადა 1986 წლის 12 იანვარს
საფეხბურთო კარიერა: ურაკანი (2005), ატალანტა (2006), ლეჩე (2006/07), ფიორენტინა (2007/09), ბოლონია (2009/10), ესპანიოლი (2010/11), რომა (2011/13), საუთჰემპტონი (2013-)
იტალიის U21 ნაკრები: 12 თამაში
იტალიის ნაკრები: 9 თამაში

მაურისიო პოჩეტინიომ "ბანკი გაიტანა", რათა ამ ზაფხულს "საუთჰემპტონი" გაეძლიერებინა. მან 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა დეიან ლოვრენში, ვიქტორ ვანიამასა და უკანასკნელ შენაძენ დანიელ პაბლო
ოსვალდოში.

არგენტინელი მწვრთნელი უქმად არ გარჯილა და მან სეზონი შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან" 1:0-ით გახსნა. ნებისმიერი კლუბის გულშემატკივარს, როდესაც ფეხბურთელში რვანიშნა თანხა იხარჯება, ახსნა-განმარტება სჭირდება.

ფეხბურთელის ისტორია
"საუთჰემპტონის" 15-მილიონიანი ახალწვეული არგენტინული წარმოშობის იტალიელია, ვინც კარიერა სამხრეთ ამერიკაში დაიწყო და მეორე დივიზიონის "ურაკანში" 33 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ახალგაზრდული კარიერა მან მთლიანად ამ კონტინენტზე გაატარა.

20 წლისას მას კონტრაქტი იტალიის სერია B-ში მოთამაშე "ატალანტამ" გაუფორმა, სადაც ის ცოტა ხანი დარჩა და "ლეჩეს" მიაშურა.

იტალიაში მოგზაურობა მან "ფიორენტინაში" განაგრძო, შემდეგ "ბოლონიაში", საიდანაც "ესპანიოლს" მიაშურა, გუნდს, სადაც მისი დამრიგებელი პოჩეტინიო იყო.

პოჩეტინიოს ხელმძღვანელობით ოსვალდომ 44 შეხვედრაში 20-ჯერ გამოიჩინა თავი, რითაც "რომაში" 13-მილიონიანი ტრანსფერი დაიმსახურა. სწორედ "ჯალოროსიში" თამაშისას, 2011 წლის ოქტომბერში მიიწვიეს ის იტალიის ნაკრებში.

ოსვალდო ჩეზარე პრანდელის გეგმებში შედის და მწვრთნელი მას მსოფლიოს ჩემპიოანტზე წაყვანას უპირებს.

ჩაეწერება თუ არა წმინდანებში?
ოსვალდო ცეცხლოვანი თავდამსხმელია, ვინც საჭიროების შემთხვევაში ორივე ფეხს იყენებს და შეუძლია საჰაერო ორთაბრძოლების მოგებაც. "ესპანიოლის" წინა ხაზში ის მარტოდმარტო თამაშობდა. ამჯერად თავდასხმაში მას რიკი ლამბერტის გვერდით მოუწევს გარჯა.

პაბლოზე ამბობენ, რომ გასახდელში ლიდერის თვისებები აქვს. თუკი "წმინდანების" გულშემატკივრები მასთან მოთმინებას გამოიჩენენ, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე მოგებული დარჩება.

ფანებს იმედი აქვთ, რომ 27 წლის თავდამსხმელი მათთან მწვერვალებს შეუტევს. ეს მოსალოდნელიც არის, რადგან 2010 წელს "ბოლონიიდან" წასვლის შემდეგ კარიერაში ის განუხრელად ადგას აღმავალ ხაზს.

ოსვალდოს კონფლიქტები
ოსვალდო საშიშია არამხოლოდ მეტოქის კარებთან. პირველად ის "ბოლონიაში" დაესხა თავს თანაგუნდელ ნიკოლა მინგაცინის. ორი წლის წინ კი ერიკ ლამელას შეუტია. მიზეზი იყო ის, რომ უკანასკნელმა "უდინეზესთან" წაგებულ შეხვედრაში კონკრეტულ ეპიზოდში მას პასი არ მისცა.

ლამელამ მისი თხოვნა არ შეისმინა, ოსვალდომ კი უყვირა: "შენზე უფროსი ვარ და როცა შეკითხვას გისვამ, პასუხი უნდა გამცე".

"რივერ პლაიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა კი ურჩია: "მოკეტე, რომელი მარადონა შენ ხარ".

კონფლიქტური სიტუაციის გაღვივებისთვის მას 50-ათასიანი ჯარიმა გამოუწერეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამ ზაფხულს ერთ-ერთი გულშემატკივრის კრიტიკაზე მისი პასუხი იყო: "200 გოლი მაქვს გატანილი და რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?"

მას მთლად 200 არა, მაგრამ 57 შეხვედრაში 28 გოლი კი აქვს გატანილი.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ოსვალდოს ნამდვილად აქვს გამბედაობა, რომ კრიტიკოსებს შესაბამისი პასუხი გასცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული