კევინ ფრენდის უცნაური დუმილი - არბიტრმა ლონდონის "ჩელსის" ხელი გაუწოდა

AutoSharing Option
"ჩელსიმ" უკვე ორი საშინაო შეხვედრა გამართა პრემიერლიგაში და ორჯერვე იმარჯვა. 100%-იან შედეგს რომ თავი დავანებოთ, აღსანიშნავია თამაშის ხარისხი, რომელსაც ის მეტოქეებს უპირისპირებს.

"ასტონ ვილა" შარშანდელთან შედარებით აშკარად უკეთესი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაბამისად, "ლურჯებს" მათთან სამი ქულის მოპოვება უფრო გაუჭირდათ, ვიდრე "ჰალთან".

აუცილებლად უნდა ითქვას მსაჯის შეცდომაზეც. კომპენსირებულ დროში კევინ ფრენდმა ჯონ ტერის მიერ ხელით თამაშზე აშკარა პენალტი არ დანიშნა. მასპინძელთა კაპიტანმა საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი საჯარიმოდან ხელით გამოიტანა. არბიტრს იდეალური პოზიცია ეკავა და ბუნებრივია, მას ამ მომენტში უნდა დაესტვინა. პოლ
ლამბერტის
პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

გოლები კი ელემენტარული შეცდომების შედეგად გავიდა. ჯერ იყო და, ბირმინგემელებმა ბურთი ცუდად გამოიტანეს, რასაც ედენ აზარის გამჭოლი გადაცემა, ბრედ გუზანის მიერ მოგერიება და ანტონიო ლუნას ავტოგოლი მოჰყვა.

სასიამოვნო იყო, რომ ესპანელ განაპირა მცველს ამის შემდეგ თავდაჯერება წამითაც არ დაუკარგავს.

კრისტიან ბენტეკემ პეტრ ჩეხს ახლო კუთხეში დაურტყა. არადა, ბელგიელი მეტოქის სამი მცველის გარემოცვაში იყო. ბრანისლავ ივანოვიჩი კი შარშანდელ ტრადიციას არ ღალატობს და სასტარტო ტურებშივე გააქვს. სერბმა უნივერსალმა 2012/13 წლების პირველ ორ შეხვედრაში ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო (ჩელსი):
"ვფიქრობ, თამაში ფრედ რომ დასრულებულიყო, უსამართლოდ ამ შედეგს ვერავინ ჩათვლიდა. სტუმრებმა არაჩვეულებრივი ფეხბურთი ითამაშეს და იმის მიუხედავად, რომ ბურთს იშვიათად ფლობდნენ, რამდენჯერმე მაინც მოახერხეს სახიფათო მომენტის შექმნა. რომ არა პეტრ ჩეხი, დღეს შესაძლებელი იყო, სულაც უქულოდ დავრჩენილიყავით.

ლამბერტი იდეალურად იყენებს საკუთარი ფეხბურთელების პოტენციალს. "ვილა" ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე.

დღეს ჩვენმა დაცვამ ბირმინგემელებისგან სერიოზული გაკვეთილი მიიღო. მატჩის უკანასკნელ საკამათო ეპიზოდზე კი იმას ვიტყვი, რომ ტერის მიერ წესის დარღვევამდე მეტოქეებმა ჩვენს კაპიტანს ხელი ჰკრეს და აქეთ დაჯარიმდნენ".


პოლ ლამბერტი (ასტონ ვილა):
"დღეს ყველა ხედავდა, როგორ ცდებოდა არბიტრი "ჩელსის" სასარგებლოდ. მას ჯერ ივანოვიჩი უნდა გაეძევებინა ბენტეკეს წინააღმდეგ იდაყვით თამაშისთვის, ბოლო წუთებზე კი პენალტი დაენიშნა.

კევინ ფრენდი ორივე ეპიზოდში დუმდა. მინდა მოურინიოს მადლობა ვუთხრა კომპლიმენტებისთვის, მისგან ამის მოსმენა ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ჟოზე უდიდესი მწვრთნელია, რომელმაც ეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მუშაობის წყალობით დაამტკიცა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა: III ტურის გადმოტანილი თამაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული