ინგლისი. პრემიერლიგა. III ტურის შეჯამება და სიმბოლური: ორი დიდი დერბის ტური

AutoSharing Option
პრემიერლიგის მესამე ტური უჩვეულოდ დაბალშედეგიანი გამოდგა - 10 შეხვედრაში (ადრე გამართული "ჩელსი"-"ასტონ ვილას" ჩათვლით) მხოლოდ 16 გოლი გავიდა. ამ სიტუაციაში არც არის გასაკვირი, რომ დუბლიც კი არავის შეუსრულებია, ჰეთ თრიკზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ტურის მთავარი მატჩები კვირას გაიმართა, როდესაც ჯერ "ლივერპული" შეხვდა "მანჩესტერ იუნაიტედს", შემდეგ კი ჩრდილო-ლონდონურ დერბიში ერთმანეთს "არსენალი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ.

"ენფილდის" წყევლა და შენკლის იუბილე
დევიდ მოიესს "ენფილდზე" არასდროს უმარჯვია. შოტლანდიელ სპეციალისტს ამ სტადიონზე "ევერტონი" სათამაშოდ 12-ჯერ ჰყავდა გაყვანილი, საიდანაც მისმა გუნდმა 7 თამაში წააგო და 5
ფრედ დაასრულა. ამჯერად მოიესი ლივერპულში გაცილებით ძლიერი გუნდით დაბრუნდა, თუმცა გამარჯვება კვლავ ვერ მოიპოვა.

ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირების გამარჯვებული "ლივერპული" გახდა, რასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა - თამაშის მეორე დღეს ხომ მერსისაიდელთა ლეგანდარული დამრიგებლის, ბილ შენკლის დაბადების დღე იყო.

შენკლი 2 სექტემბერს 100 წლის გახდებოდა და ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სიამაყით ჩახედავდა - "ლივერპული" ხომ იმ ადგილზეა, რომელსაც ეს გუნდი სწორედ მან შეაჩვია.

შეხვედრის ერთადერთი გოლი დანიელ სტარიჯმა გაიტანა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. დიახ, ინგლისის ნაკრების ფორვარდი 24 წლის გახდა და ბოლო 8 შეხვედრაში მე-9 გოლი გაიტანა. ამაზე უკეთეს საჩუქარს სტარიჯი საკუთარ თავს ნამდვილად ვერ გაუკეთებდა.

საბოლოოდ, "ლივერპულმა" მესამე თამაშიც 1:0 მოიგო და აღსანიშნავია, რომ გუნდის სამივე გოლი სტარიჯმა გაიტანა. მერსისაიდელებმა პირველ სამ ტურში სამი გამარჯვება 1994 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს, ხოლო მიჯრით სამჯერ კარი მშრალად აქამდე ბოლოს 2005 წელს ჰქონდათ შენახული.

ლონდონელი ჟირუ
"ლივერპულს" ვერ მიბაძა "ტოტენჰემმა" - ლონდონელებს პირველი ორი მატჩი ასევე 1:0 ჰქონდათ მოგებული. მართალია, ამ ტურის შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა, ოღონდ სხვაობა ის იყო, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდმა წააგო. "დეზების" რიგებში დებიუტი ჰქონდა ერიკ ლამელას, თუმცა არგენტინელს მცირე დრო მიეცა და მან თავის გამოჩენა ვერ მოასწრო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა - ფრანგმა მაიკლ დოუსონს დაასწრო და უგო ლორისს ახლო კუთხეში დაურტყა. პრემიერლიგის 20-ივე გუნდი ლონდონიდან რომ იყოს, ჟირუ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ულაპარაკოდ გახდებოდა, რადგან 26 წლის ფორვარდმა "არსენალში" თავისი მე-14 გოლი გაიტანა. აქედან 12 მან "ემირეტსზე" შეაგდო, თითო კი "აპტონ პარკსა" და "ქრეივენ კოტეჯზე". როგორც ხედავთ, "არსენალის" თავდამსხმელს გოლები მხოლოდ ლონდონში გააქვს.

"სიტის" გაუჭირდა
"მანჩესტერ სიტიმ" "ჰალ სიტის" გაჭირვებით მოუგო. მანუელ პელეგრინის შეგირდები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ სტუმრების წინააღმდეგობის გატეხვა "სიტიმ" მხოლოდ 65-ე წუთზე შეძლო - გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ალვარო ნეგრედომ გაიტანა, ვინც პაბლო საბალეტას გადაცემით ისარგებლა.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამორჩეული იყო იაია ტურე - ივუარელი მოედნის ცენტრშიც აქტიური გახლდათ და შეტევაშიც ერთვებოდა. 90-ე წუთზე ტურემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ულამაზესი გოლიც შეაგდო.

მართალია, ინგლისის 2012 წლის ჩემპიონებმა სამი ქულა აიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი დამაჯერებლად ვერ თამაშობს და თუ არ მოუმატა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

დაბნეული გებიდონი
"კრისტალ პალასმა" სეზონში პირველი ქულები მოაგროვა. იან ჰოლოვეის ბიჭებმა პაოლო დი კანიოს "სანდერლენდს" სძლიეს. მასპინძლებს დახმარების ხელი ჯონ ოშიმ გაუწოდა - ირლანდიელმა სულელური შეცდომა დაუშვა, რისი გამოსწორებაც ფეხებში ვარდნით სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. საბოლოოდ, პენალტი და წითელი ბარათი "მოიპოვა". 11-მეტრიანი დაზარალებულმა დუაიტ გეილმა გამოიყენა, წერტილი კი შეხვედრას სტიუარტ ოკიფიმ ულამაზესი გოლით დაუსვა.

"სანდერლენდიდან" თავის გამოჩენა სტივენ ფლეტჩერმა შეძლო - შოტლანდიელი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ პირველ შეხვედრას ატარებდა. მოკლედ, სტივენ ფლეტჩერის გარდა, "შავი კატებიდან" გოლის გატანა პრაქტიკულად არავის შეუძლია.

აუცილებლად უნდა ვთქვათ პირველ გოლზეც, რომელიც დენი გებიდონის ანგარიშზე ჩაიწერა. ვეტერანმა უელსელმა პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და ვერც კი მიხვდა, რომ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის მომსწრე გახდა - 34 წლის მცველს ბურთი მოხვდა და სტუმართა კარში აღმოჩნდა, თავად გებიდონი კი დიკგაჩოისკენ გაიქცა და გოლს მას ულოცავდა.

ბენ არფას ჯადო

ალან პარდიუს "ნიუკასლმა" "ფულჰემი" ბოლო წუთებზე წააქცია - ატემ ბენ არფამ მორიგი მინი-შედევრი შემოგვთავაზა და საკუთარ გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა. ფრანგმა ამ ლონდონური კლუბის წინააღმდეგ მესამედ ითამაშა და მესამედაც გაიტანა.

"ნიუკასლს", პოტენციურად, ნამდვილად კარგი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ხუთეულისთვისაც კი შეუძლია ბრძოლა, ოღონდ მაღალი მიზნების მისაღწევად "ახალციხელებს" მინიმუმ ერთი კარგი ფორვარდის დამატება და ლიდერების შენარჩუნება დასჭირდებათ.

ჰო, რა თქმა უნდა, არ უნდა განმეორდეს შარშანდელი სიტუაციაც, როდესაც პარდიუს ლამის მთელი ძირითადი შემადგენლობა ტრავმირებული ჰყავდა.

მსაჯობით უკმაყოფილონი

ფეხბურთში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი გუნდის წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ძალიან იშვიათად ისეც ხდება, რომ არბიტრს ორივე გუნდის ხელმძღვანელ-ფეხბურთელები ერჩიან. ასეთ დღეში აღმოჩნდა გამოცდილი ჰოვარდ ვები, ვისთანაც პრეტენზიები "ნორვიჩის" და "საუთჰემპტონის" წარმომადგენლებს ჰქონდათ.

პირველ ტაიმში მსაჯმა აშკარა პენალტი არ დანიშნა მასპინძელთა კარში - ადამ ლალანას დარტყმა ბრედლი ჯონსონმა ორი ხელით, გამოცდილი გოლკიპერივით მოიგერია.

მეორე ნახევარში კი ვებმა სტუმრები დაინდო, როდესაც ჟოზე ფონტეს და რაიან სნოდგრასის ეპიზოდი ყურადღების გარეშე დატოვა. ამ მომენტისთვის "იადონები" 1:0-ს იგებდნენ. საბოლოოდ, მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა, რის გამოც კრის ჰიუტონი არბიტრის შეცდომაზე შედარებით მშვიდად საუბრობდა, აი, მაურისიო პოჩეტინო კი გაცხარებული იყო...

გააბრაზეს რობერტო მარტინესიც. ენტონი ტეილორმა "ევერტონის" სასარგებლოდ აშკარა 11-მეტრიანი არ დანიშნა და გარდა ამისა, დაინდო კრეიგ ბელამი, ვინც ლეიტონ ბეინსს სახეში ხელი ჩაარტყა. "უიგანის" ყოფილი დამრიგებლის საქმეები ჯერჯერობით იდეალურად ნამდვილად არაა - მერსისაიდელებმა სამივე მატჩი ფრედ დაასრულეს.

სიმბოლურ ნაკრები

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. III ტური: სტარიჯის ცხრა ქულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული