ცუდი საჩუქარი მანუელ პელეგრინისთვის დაბადების დღეზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ჩილელი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი 16 სექტემბერს 60 წლისა გახდა. მას შეიძლება იმედი ჰქონდა, რომ ორიოდე დღით ადრე ფეხბურთელები იუბილეზე საჩუქრად სამ ქულას მიართმევდნენ, მაგრამ "ბრიტანიაზე" "სტოკი" მეტოქეს მედგრად დაუდგა და უიღბლობა რომ არა, მას სულაც უქულოდ გაისტუმრებდა უკან. აი, რა თქვა სამხრეთამერიკელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:

- რთული კვირა გამოგვივიდა, რადგან ტრავმების გამო ოთხი ფეხბურთელი დაგვაკლდა. წინასწარ ვიცოდით, რომ "სტოკთან" გასვლაზე თამაში რთული ამოცანა იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ქულით უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ.

რთული კვირა იყო თუნდაც იმიტომ, რომ
ფეხბურთელებმა თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში 2-2 მატჩი ჩაატარეს. შაბათის პრემიერლიგის შემდეგ მათ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში ელოდებათ კიდევ ერთი შეხვედრა. გამოდის, რომ 21 დღეში 7 მატჩი გვიწევს. ასეთ პირობებში კი თითოეული მოთამაშის გამოყენება მნიშვნელოვანია. მათ ძალების აღსადგენად დრო უნდა დარჩეთ.

"სტოკს" დღეს მოგების მეტი შანსი ჰქონდა, თუმცა, საერთო ჯამში, ცუდად არც ჩვენ გვითამაშია. უბრალოდ, რთულ ოპონენტს მაშინ გადავეყარეთ, როცა წარმატების მისაღწევად უამრავი ხელისშემშლელი გარემოება გვქონდა. აუცილებელი იყო, რომ მეტი საგოლე სიტუაცია შეგვექმნა. თავდასხმაში ისევე აქტიურად რომ გვეთამაშა, როგორც "კარდიფთან", აუცილებლად მოვიგებდით. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე კომპონენტში მკვეთრად გვაქვს მოსამატებელი.

მოკლე კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ "მეთიხეთა" დამრიგებელმა მარკ ჰიუზმაც, ვინც "ქალაქელებს" 2008/09 წლებში თავად ედგა სათავეში:

"ყველას უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს პრემიერლიგა. აქ ზედაპირული დამოკიდებულება ყოველი კონკრეტული მეტოქის მიმართ დამღუპველია. ამ ჩემპიონატში შეუძლებელია ერთი თამაშში ძალების დაზოგვის ხარჯზე მეორის მოგება, რადგან ამის გამო, შესაძლოა, სულაც ჰაერში დარჩე გამოკიდებული.

ზოგადად, აუტსაიდერები ლიდერებს იშვიათად უგებენ, თუმცა ჩვენთან ეს ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ არის, რომ მთელ მსოფლიოში გვიყურებენ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინი: "მანჩესტერ სიტის" ინგლისში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული