როგორ გადაარჩინეს ფანებმა გაყიდვას თეატრი, სახელად "ოლდ ტრეფორდი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები "ოლდ ტრეფორდს" "ოცნებათა თეატრს" უწოდებენ. ორიოდე თვის წინ გავრცელებულმა ცნობამ, "ეშმაკების" მესაკუთრეები არენის გასხვისებასა და შემდეგ მის დაქირავებას აპირებენო, პანიკა გამოიწვია.

ფანებმა ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სტადიონისთვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭება მოსთხოვეს. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა "იუნაიტედმა" მისი გასაჩივრება სცადა.

"დეილი მეილის" ცნობით, ხელმძღვანელობამ მალევე გადაიფიქრა სასამართლოში წასვლა და პირობა დადო, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებას შეეგუება. მთელი ეს დავიდარაბა იმის გამო ატყდა, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის გაყიდვა ბრიტანული კანონმდებლობით შეზღუდულია. მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაყიდვის შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენელთა
შეთავაზებას პრიორიტეტი ენიჭება. შესაბამისად, მანჩესტერის რაიონული თვითმმართველობის გადაწყვეტილება "იუნაიტედს" ხელ-ფეხს უკრავს.

"მოხარულები ვართ, რომ კლუბი სტადიონის სტატუსის შეცვლას აღარ აპროტესტებს. სიმართლე გითხრათ, აქამდეც დარწმუნებულნი ვიყავით ჩვენს სიმართლეში, რადგან კონსულტაციებს ქვეყნის წამყვანი იურიდიული ფირმები გვიწევდნენ," - განაცხადა ფანკლუბის წარმომადგენელმა დანკან დრესდომ.

აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა "იუნაიტედის" პრესსამსახურმაც, სადაც ვკითხულობთ: "კლუბის პოზიცია არ შეცვლილა. დღემდე მიგვაჩნია, რომ სტადიონისთვის სტატუსის შეცვლა კანონის არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა. მეორე მხრივ, დარწმუნებულები ვართ, რომ მომხდარი არ აისახება კლუბის სამომავლო გეგმებზე. ვამაყობთ, რომ 100 წელზე მეტია, რაც "ოლდ ტრეფორდი" ჩვენი სახლია.

ამის დასტურია ისიც, რომ კლუბმა არენის რეკონსტრუქციაში ბოლო რვა წლის განმავლობაში 90 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა და ეს არ არის ზედა ზღვარი. სტადიონი "იუნაიტედს" კიდევ წლების განმავლობაში უნდა მოემსახუროს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანჩესტერში სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის ქუჩა იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული