ის, რასაც ინგლისელები ვეღარ ისწავლიან

AutoSharing Option
ვის უნდა შეეფასებინა ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებთა თამაში საუკეთესოდ თუ არა ინგლისში მოღვაწე ფრანგ მწვრთნელს, „არსენალის“ თავკაცს არსენ ვენგერს“, რომელმაც თქვა, რომ მის თანამემამულეთაგან ინგლისელების ასე იოლად დამარცხებას ნამდვილად არ ელოდა. აქ, მთავარი იმდენად ანგარიში (2:1) არ არის, რამდენადაც ის, თუ როგორ ითამაშა მასპინძლეთა გუნდმა - ეს გახლდათ ფაბიო კაპელოს პირველი მარცხი „უემბლიზე“, ინგლისის ნაკრების თავკაცის რანგში.

ვენგერმა თქვა: „ინგლისელების ასეთი დამარცხება ძალიან საწყენი გახლდათ. კარგი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ, ისევე, როგორც კარგი მწვრთნელი ვერ მიაღწევს ვერაფერს კარგი მოთამაშეების
გარეშე. დღეს ჩვენ ძალიან უსულგულო ინგლისის ნაკრები ვიხილეთ. ამ გუნდმა მოწინააღმდეგეს ინიციატივა სრულიად დაუთმო, თან საკუთარ მოედანზე, რაც ძალიან გასაკვირი გახლდათ. აი, რას ნიშნავს ამხანაგური თამაში ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

სტივენ ჯერარდი მოედანზე საერთოდ ჩაკარგული ჩანდა. როდესაც ის ბურთს კარგავდა, საშინელება იწყებოდა. მერე, ინგლისელები ამ ბურთს როგორც იქნა დაიბრუნებდნენ, მაგრამ ისევ ძალიან იოლად შეელეოდნენ ხოლმე. ფეხბურთელები ორთაბრძოლებს ერიდებოდნენ. ბურთი პირველივე გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგეს უვარდებოდა, თან, ინგლისელების ნახევარზევე. მოედანზე ერთადერთი გუნდი იყო - საფრანგეთის ნაკრები“.

„არსენალის“ თავკაცმა ამ შეხვედრას თვალი ტრიბუნიდან ადევნა და ასეთი რამ დაასკვნა: „როდესაც ინგლისელები „უემბლიზე“ თამაშობენ, რაღაც ემართებათ. მორცხვები თუ მორიდებულები ხდებიან. დევიდ ბექჰემი მიყვებოდა, პრესისგან თამაშების წინ ისეთი ზეწოლაა, რომ ფეხბურთელები შებორკილები ვხდებითო.

საერთოდ, მდიდარი იმ საფეხბურთო ქვეყანას ეთქმის, რომელსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ინგლისის ნაკრებს კი საკმარისია ხუთი მოთამაშე დააკლდეს, რომ შემცვლელებს ვეღარ ხედავთ. დღეს, „უემბლიზე“ ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელთა დონე საფრანგეთის ნაკრების დასამარცხებლად საკმარისი არ იყო“.

ინგლისში ლეგენდად დარჩენილმა კიდევ ერთმა ფრანგმა, „ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა გარემარბმა დავიდ ჟინოლამ, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მოსაპოვებლად ბრძოლაში ინგლისელთა ელჩი გახლავთ, კაპელოს გუნდს ტექნიკა დაუწუნა:

„ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ისეთი რამ აკლიათ, რასაც ახლა ვეღარ ისწავლიან. ეს ისეთი რამ არის, რასაც ექვსი-შვიდი წლისანი სწავლობენ. გუნდურ თამაშსა და ბრძოლას არ ვულისხმობ, ბურთაობაზე ვამბობ. მახსოვს, „ნიუკასლში“ რომ გადავედი, ბურთით ვვარჯიშობდი და ყმაწვილთა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა მითხრა, რას აკეთებ, დანახვას ვერ ვასწრებო. რასაკვირველია, ასეც უნდა იყოს, მეთქი, მე ვუპასუხე. მან კიდევ ცოტა ხანი მიყურა და მკითხა, ასეთი რამეების კეთება სად ისწავლე, ჩვენ, აქ, ინგლისში, ფეხბურთელებს ასეთ რაღაცებს არ ვასწავლოთო. ვფიქრობ, დროა ამ ქვეყანაში ბავშვებს სწორედ ასეთი რამეების სწავლება დაუწყონ“.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული