სერ ალექსი ძალების მოზღვავებას გრძნობს

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ საქმისთვის თავის დანებება მისთვის ჯერ ძალიან ადრეა, რადგან საამისოდ ახალგაზრდაა და სანამ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს კლუბში დარჩება. შეგახსენებთ, რომ იმ 24 წლის განმავლობაში, რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში უდგას, ფერგიუსონმა რამდენჯერმე თქვა, რომ მწვრთნელობას თავს ანებებს, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შეცვალა. ერთხელ ასეც კი იხუმრა, სახლში რა ვაკეთო, ცოლს ლოტოს ხომ არ ვეთამაშებიო.

სამი წლის წინ, როდესაც ფერგის „იუნაიტედიდან“ წასვლაზე ერთხელაც ჩამოვარდა ლაპარაკი, მან ახალი ვადა დათქვა: გუნდში ოთხ სეზონსაც დავრჩები და პენსიაში
მერე გავალო. დღეს, როდესაც თავისივე დათქმული ვადა იწურება, სერ ალექსი ახალი ძალების მოზღვავებას გრძნობს:

„სამსახურიდან წასვლა ახალგაზრდების საქმეა. მოხუცებულობაში სამუშაო თუ დატოვე, სადღა მოეწყობი? ჰოდა, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიქნები. როგორ ფიქრობთ, ახლა რომ გავჩერდე რა დამემართება? რასაკვირველია, უკან და უკან წავალ“.

ფერგიუსონს შეახსენეს, რომ სამი წლის წინ პენსიაში გასვლის თარიღად 2011 წელი ახსენა, რაზეც სქოთმა უპასუხა: „კვლავ გადავიფიქრე. ფენომენალური კაცი ვარ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 24 წელიწადია სათავეში ვუდგავარ. გუნდის შექმნა ყველას შეუძლია. მოკლე დროისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთელი კლუბის შექმნა სულ სხვა საქმეა და ვფიქრობ, ეს ყველა მწვრთნელმა უნდა დაისახოს მიზნად. ყველაფრის აგებას, საძირკვლიდან სახურავამდე - აი, რას აქვს გემო!“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული