„მანჩესტერელებს საკუთარი თავისა ურყევად რომ სწამდეთ და ცოტა უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშონ - თუნდაც ისეთი, დღეს რომ გვაჩვენეს - ვერ ვხედავ მიზეზს რატომ ვერ უნდა გახდნენ ჩემპიონები. როგორც პროფესიონალს,
დღეს, პირველ ტაიმში „სიტიმ“ საუცხოოდ ითამაშა. ვფიქრობ, ამ სეზონში გუნდს ასე კარგად არც უთამაშია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი პასიურობითაც იყო განპირობებული. „ფულჰემმა“ მანჩესტერელებს ძალიან ფართო მოქმედების საშუალება მისცა, მაგრამ, ვიმეორებ, ეს ის გუნდია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ინგლისის ჩემპიონი გახდეს”.
„სიტის“ ოთხი გოლიდან ორი არგენტინელმა კარლოს ტევესმა გაიტანა. გუშინაც ვწერდით, რომ მისი აღმაფრენა, შესაძლოა, ტრიბუნაზე დიეგო მარადონას ყოფნამაც გამოიწვია. მანჩინის თავს კი შავი ღრუბლები ცოტა გაიფანტა - ისტლენდელებმა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბირმინგემთან“ ზედიზედ ორი უგოლო ფრე ითამაშეს, ხოლო, ყველა შეჯიბრებაში ერთად ბოლო ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდათ მოგებული. მანჩინიმ განაგრძო:
„ერთი კვირის წინ მე ის სულელი მწვრთნელი ვიყავი, რომლის გუნდიც ლიდერს მთელი 6 ქულით ჩამორჩებოდა. დღეს საუკეთესო სპეციალისტი ვარ, რადგან „სიტის“ ლიდერთან მხოლოდ სამი ქულა ასხვავებს. ერთ რამეს ვიტყვი: ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩვენ ყოველდღე მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ, რადგან მხოლოდ დაჟინებული შრომით შეიძლება წარმატების მიღწევა.
ხშირად რაღაც კრიზისს ახსენებენ. თუ ჩვენ მართლა დიდი კრიზისი გვაქვს, მაგრამ „ჩელსისა“ და „იუნაიტედს“ მაინც მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით, ესე იგი ძალიან ძლიერები ვყოფილვართ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ მუშაობა უნდა განვაგრძოთ. აი, ეს არის მთავარი.
რაც შეეხება მწვრთნელის პროფესიას, რას იზამ, მას თავისებურებები ახასიათებს: თუ გუნდი მოიგებს, საუკეთესო ხარ, თუ წააგებს - სულელი. დღეს, მაგალითად, ჩემზე კარგი არავინ არის. 20 წლის განმავლობაში ფეხბურთელი ვიყავი, ხოლო ბოლო 10 წელიწადია მწვრთნელი ვარ, ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს გარშემო. მიუხედავად ამისა, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. ეს ფეხბურთია და მე მისი რთული მხარეებიც მომწონს“.
„სიტის“ განსაკუთრებული კრიტიკა წინა ტურში, „ბირმინგემთან“ 0:0-ის შემდეგ დაატყდა თავს, თუმცა მანჩინი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, იმ დღეს, შთამბეჭდავად გამარჯვებაც შეეძლო, ზუსტად ისე, როგორც „ფულჰემთან“.
„არა მგონია ამ ორ მატჩში ჩვენს თამაშს შორის დიდი განსხვავება იყოს. „ბირმინგემი“ ათი კაცით იცავდა თავს, ფეხბურთში კი როგორ არის, იცით? თუ გაგიმართლა და ერთი შეაგდე, მერე შეიძლება სამი და ოთხიც გაიტანო. შინ გუნდები, როგორც წესი, მოსაგებად თამაშობენ და ამიტომ აქ, ლონდონში „ფულჰემის“ დამარცხება ძნელი საქმე იყო“.
„ფულჰემთან“ გამარჯვებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „სიტის“ ნახევარმცველზე გარეთ ბერიზეც, რომელმაც თქვა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა ამ შეხვედრაში უფრო კარგად ითამაშეს ვიდრე იმ დღეს, როდესაც თვით „ჩელსის“ მოუგეს 1:0.
„დღეს ჩვენ შესანიშნავი საშუალება გვქონდა ფანებზე კარგი შთაბეჭდილება მოგვეხდინა და ცხრილშიც ზემოთ გადაგვენაცვლა. რაც შეეხება „ფულჰემის“ მწვრთნელს მარკ ჰიუზს, ის ხუთი თუ ექვსი ბიჭი, ვინც „სიტიში“ მარკმა მოგვიყვანა, მას უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ დღეს რა გვექნა, ჩვენ მისი გუნდის მეტოქეები ვიყავით და დაიწყო თუ არა თამაში ერთადერთი რაზეც ვფიქრობდით სამი ქულა იყო“.