პირველი ინგლისური გამოცდა მესუთ იოზილისთვის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" მესუთ იოზილს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ნაკლებად სჭირდებოდა, რადგან ირგვლივ ისეთი ფეხბურთელები ეხვია, ვისთვისაც ლიდერის ტვირთი ბუნებრივი იყო. იოზილი "სანტიაგო ბერნაბეუზე" უკვე აღარ თამაშობს და როგორც ჩანს, მას ეს ხანდახან ავიწყდება.

"არსენალში" გადამწყვეტ მომენტში, უპირველესად, სწორედ მისგან ელიან ინიციატივას. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფეხბურთელი თითქმის არ ჩანდა, რამაც ბრიტანული პრესა პირველად აალაპარაკა ხმამაღლა მესუთის ნაკლოვანებებზე. გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი იოზილის ამ მხარეს უკვე დიდი ხანია იცნობს. ვფიქრობთ, დროა, ეს კუნძულზეც გაითავისონ.

ფეხბურთელმა პირველად ამ უქმეების შემდეგ აღიქვა, თუ რას ნიშნავს ინგლისური
მასმედიის ყბაში ჩავარდნა.

"იოზილმა "ოლდ ტრეფორდზე" თამაშის წინა დღეს განაცხადა, რომ მანჩესტერში მიდის, რათა თამაშით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს, მაგრამ გერმანელს ეს შეგრძნება აშკარად არ განუცდია. ის მთელი თამაში ჯიბის ქურდივით იყო. მხოლოდ მაშინ ჩანდა, როცა მეტოქეს სპრინტში ეჯიბრებოდა. უეინ რუნი მის წინააღმდეგ დაუნდობელი იყო. "კეთილი იყოს მისი მობრძანება უეინის სამყაროში,"
- დაწერა "გარდიანმა".

"იოზილი ფიზიკურად ამ რთულ დაპირისპირებაში ყველაზე არადამაჯერებელი ფეხბურთელი გახლდათ "არსენალის" შემადგენლობაში. ის თითქმის არ ჩანდა,"
- ვკითხულობთ "მირორში".

როცა გაზეთები ამას წერდნენ, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მესუთი მოედანზე გრიპისგან დაუძლურებული იყო, ისევე, როგორც მეორე გერმანელი პერ მერტეზაკერი, ვისაც საერთოდ არ უთამაშია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნახევარმცველი გერმანიის ნაკრების შეკრებაზე ჯერ არ გაფრენილა.

ახალი კონტრაქტი მერტეზაკერს
"ექსპრესის" ცნობით, "არსენალი" 29 წლის პერ მერტეზაკერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. "მეთოფეთა" წამყვან ცენტრალურ მცველს მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რომლის თანახმადაც, მისი ხელფასი კვირაში 65 ათასი ფუნტია.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი უკვე გამართეს. კლუბი ფეხბურთელს "ემირეიტსზე" 2018 წლამდე დარჩენასა და ანაზღაურების მნიშვნელოვნად მომატებას სთავაზობს. წესით, შეთანხმებას წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს.

თავდამსხმელი საჭიროა
მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" პრემიერლიგას სათავეში უდგას, მიუხედავად იმისა, რომ მას გოლების გატანა არ უჭირს, ჩრდილოლონდონელები თავდასხმის გაძლიერებას ჯერ კიდევ გეგმავენ. ფაქტია, რომ ოლივიე ჟირუს ალტერნატივა არ ჰყავს. "ემირეიტსზე" ნიკლას ბენდტნერის დატოვებამ არ გაამართლა, დანიელი გუნდს ვერაფრით ეხმარება.

"ექსპრესის" მტკიცებით, "მეთოფეები" იანვარში "რეალს" 25 წლის ქარიმ ბენზემაში 27 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.

თუმცა იქვე ვკითხულობთ, რომ ტრანსფერი ყველაზე ადრე, ზაფხულში თუ შედგება. ლოგიკურია, რადგან ზამთარში არც "სამეფო კლუბს" უნდა აწყობდეს დასუსტება და არც "არსენალს" უზარმაზარი თანხის გადახდა ფეხბურთელში, ვისაც მხოლოდ ჩემპიონატში გამოიყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: მესუთ იოზილი კარგადაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული