ვიდეორუნი ბოდიშის გარეშე

AutoSharing Option

უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებს ტელეეკრანიდან მიმართა – გაზეთებში ამას დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობა დაარქვეს. წერენ, რომ რუნი გულშემატკივრის წინაშე ჩადენილის გამოსწორებას ჯერ კიდევ პრემიერლიგის ბოლო ტურიდან შეუდგა, როდესაც „უიგანთან“ შეხვედრაში მოედანზე 35 წუთით შეუშვეს და... ფორვარდმა გოლის გატანის ერთი აშკარა შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. მოგეხსენებათ, ის კარგა ხანს არ თამაშობდა. სკანდალური ისტორიების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა გაათავისუფლა და ხან მეუღლესთან ერთად დუბაიში ისვენებდა, ხანაც ამერიკაში გახლდათ კოჭის სამკურნალოდ. მოგეხსენებათ ისიც, თუ რაზე შემოსწყრა მანჩესტერელი ქომაგი თავდამსხმელს – ის გუნდიდან წასვლით იმუქრებოდა,

ხოლო, როდესაც ჯამაგირი კვირაში 250 ათას ფუნტამდე გაუზარდეს, დაწყნარდა. მოკლედ, კაცისგან, რომელიც ძალიან უყვარდათ და ერთგულების მაგალითად მიაჩნდათ ასეთი საქციელი შანტაჟს ჰგავდა.

და აი, ტელემიმართვა, რომელშიც... ყველაფერი იყო ერთი სიტყვის გარდა, არადა ფანების დიდი ნაწილი სწორედ ამ სიტყვას ელოდა – ბოდიშზე მოგახსენებთ. სხვათაშორის, ბოდიშის თემა თავად ფერგიუსონისგან მოდის. სერ ალექსმა ჯერ კიდევ ოქტომბერში თქვა, რომ როდესაც რუნი საქმეს დაუბრუნდებოდა, აუცილებლად ითხოვდა პატიებას იმისთვის, რაც ჩაიდინა. ბოდიშის ნაცვლად ფორვარდმა თქვა:

„მოვიტყუები, რომ ვთქვა თითქოს, დაბრუნების წინ ფანების რეაქციაზე არ ვფიქრობდი და ის ჩემთვის სულერთი იყო. საბედნიეროდ, ხალხმა შესანიშნავად მიმიღო. ამის შემყურეს ერთადერთი, რაც მინდოდა მოედანზე გასვლა და თანაგუნდელების დახმარება, გოლების გატანა იყო.

კარგად მესმის ფანების გაღიზიანების ამბავიც. საკონტრაქტო მოლაპარაკებები საჯაროდ არ უნდა წარმართულიყო. იმან, რომ ამ მოლაპარაკებების შესახებ ყველამ იცოდა, საქმე გაართულა, მაგრამ ჩემი და კლუბის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ მაინც გამოვნახეთ საერთო ენა. გავიგე ჭორებიც, თითქოს მე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა სხვა კლუბებთანაც ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს და „იუნაიტედს“ ასეთი ხერხით დავანიშნინე მაღალი ხელფასი. ეს სისულელე და ტყუილია. მე მოლაპარაკებებს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ვაწარმოებდი, რადგან მომავალი ამ კლუბთან მაქვს დაკავშირებული“.

სხვათა შორის, კლუბის ბანაკიდან, ამ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, ორი ხმა გამოვიდა. ერთის თანახმად მიმართვა ალექს ფერგიუსონის იდეაა ანუ რუნის ჩართული კამერის წინაშე ლაპარაკი მწვრთნელმა აიძულა, მეორის თანახმად კი იდეა თავად ფეხბურთელს ეკუთვნის. თუმცა, ასეა თუ ისე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარსულის დავიწყება და მხოლოდ მომავალზე ფიქრი გადაუწყვეტიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ფერგიუსონს ჰკითხეს, რატომ არ უხდის მიმართვაში რუნი გულშემატკივარს ბოდიშს, მან უპასუხა, რომ ამ მიმართვის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

ვიდეომიმართვაში რუნიმ დეტალურად ილაპარაკა ამერიკაში გატარებულ დღეებზე. ყოველ დღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ვვარჯიშობდიო, ამბობს თავდამსხმელი.

კიდევ, მართალია, ფეხბურთელი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვაში მას-მედიას ადანაშაულებს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ თანაგუნდელებთან არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ამაში, „რეინჯერსთან“ თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჯონი ევანსიც დაიმოწმა.

ფერგიუსონმა კი ასე ბრძანა: „უეინ რუნი ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული. მართალია, ბურთით ვარჯიში ჯერ აშკარად აკლია, ორი-სამი თავაშის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული