ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: კარგი განწყობის მიზეზთა დასტა

AutoSharing Option
შაბათს "ეტიჰადზე" დატრიალებული ამბებით შეუძლებელი იყო, "სიტის" ბანაკში კმაყოფილები არ დარჩენილიყვნენ. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

უპირველესად ის, რომ "არსენალი" ცხრილის ლიდერი იყო და განადგურების მიუხედავად, ასეთად დარჩა; "მეთოფეებს" იქამდე სტუმრად ჩატარებულ 7 შეხვედრაში 16 ქულა ჰქონდათ, რაც საუკეთესო შედეგი იყო პრემიერლიგაში და ასეთად რჩება მარცხის მერეც; დაბოლოს, ჩრდილოლონდონელებს სტუმრად გამართულ თამაშებში იმაზე ნაკლები (5) ჰქონდათ გაშვებული, ვიდრე ერთ შეხვედრაში მიიღეს. უქმეების შემდეგ ამ მაჩვენებლით საუკეთესო უკვე "ევერტონი" (8) შეიქნა.

აი, რა თქვეს გუნდების დამრიგებლებმა მატჩის შემდგომ:

მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):
"კარგია ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთის ყურება, თუმცა მერჩივნა, 6:0 მოგვეგო, ვიდრე 6:3. სულაც არ არის წარმოუდგენელი, რომ ითამაშო მოგებაზე, შემტევ სტილში და საკუთარი კარიც მშრალად შეინახო. თავის დაცვა მთელმა გუნდმა თანაბრად უნდა იცოდეს.

"არსენალმა" სამჯერ გაგვიტანა და ამას გარდა, მომენტები კიდევ ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. თავდასხმის გარჯით კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერლიგის საუკეთესო უკანა ხაზს ამდენ გოლს ვერავინ გაუტანს".


არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი უკანა ხაზი გვყავს, თუმცა დღეს უპატიებლად ბევრი გოლი გავუშვით. სიმართლე ითქვას, იმდენად ღია თამაში წავიდა, რომ 6 გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო, ღია თამაშში კი ბევრჯერ შევცდით. სამწუხაროა, რომ სხვაობა "სიტისთან” შეიძლებოდა, 9 ქულა გაგვეხადა, ფაქტობრივად კი, მეტოქე 3 ქულამდე მოგვიახლოვდა”.

ცენტრალურ მატჩს შეწირულნი
"არსენალთან" მატჩის მეორე ტაიმის სტარტზე "მანჩესტერ სიტის" 25 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ რიგით სათამაშო ეპიზოდში, ისე, რომ არავინ შეხებია, წვივის კუნთის სერიოზული ტრავმა მიიღო და წინასწარი მონაცემებით, გუნდს 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, მას 9 თამაში გაუცდება.

იმავე შეხვედრაში, ოღონდ რამდენიმე წუთით ადრე დაიმტვრა "არსენალის" დაცვის ბურჯი ლორან კოშელნიც. "ტელეგრაფის" ცნობით, 28 წლის ფრანგი კალენდარული წლის ბოლომდე ნამდვილად ვერ ითამაშებს, თუმცა საბოლოო დიაგნოზზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

ვილაშ ბოაში "ტოტენჰემიდან" გააგდეს
პრემიერლიგაში მე-3 სამარცხვინო მარცხის შემდეგ (ვესტ ჰემი 0:3, "სიტი" 0:6, ლივერპული 0:5) "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ ანდრე ვილაშ ბოაში 16 დეკემბერს თავისთან დაიბარა და როგორც მოსალოდნელი იყო, მხარეებმა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ვკითხულობთ "დეზების" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ევერტონი" დეულოფეუს გარეშე დარჩა
"ევერტონს" უახლოესი თამაშების ჩატარება 19 წლის ჟერარდ დეულოფეუს გარეშე მოუწევს. ესპანელი შუახაზელი "ფულჰემთან" 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა თამაშის ჩამთავრება ვერ შეძლო - ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. "არ ვიცი, რამდენად სერიოზულია კუნთის ტრავმა, თუმცა, ერთი შეხედვით, არც მსუბუქ დაზიანებას ჰგავს, არც ძალიან რთულს. სამწუხაროა, რადგან მას უკვე ამ ეტაპზე შეეძლო ჩვენთვის დიდი სარგებლის მოტანა," - განაცხადა რობერტო მარტინესმა.

ტურის ფაქტები
"მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" წინა 6 შეხვედრაში 6 წითელი ბარათი იყო გამოყენებული. ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

6:3-ის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" საშინაო შეხვედრებში დაცვაში საუკეთესო შედეგი აღარ აქვს. მასზე ნაკლები გოლი აქვს "ჰალს" (3) და მასავით 5 გოლი - "სტოკს".

"მანჩესტერ სიტიმ" 5 ბურთით გააუმჯობესა 1962/63-ის სეზონში "ტოტენჰემის" მიერ დამყარებული რეკორდი, რომელსაც ჩემპიონატის პირველ 8 საშინაო შეხვედრაში 30 გოლი ჰქონდა გატანილი.

"არსენალთან" შეხვედრა "სიტისთვის" ზედიზედ 58-ე იყო "ეტიჰადზე", რომელშიც მას მინიმუმ 1 გოლი გააქვს.

"არსენალს" "სიტისთან" უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.
წაგების მიუხედავად, "არსენალს", "ტოტენჰემთან" ერთად, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ყველაზე მეტი (16) ქულა აქვს.

"არსენალს", ვენგერის ხელმძღვანელობით, პრემიერლიგაში 1 299 ქულა აქვს.

***
"კარდიფმა" "ვესტ ბრომვიჩი" უკანასკნელი 8 საშინაო შეხვედრიდან პირველად დაამარცხა.

"კარდიფმა" შეწყვიტა 5-თამაშიანი მოუგებელი სერია.

კარდიფელ ტერნერს, კოლკერსა და უიტინგემს 16-ივე ტური თავიდან ბოლომდე აქვთ ნათამაშები.

***
"ჩელსიმ" ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. მოურინიოს გუნდს ამ ეტაპზე უკვე მეტი აქვს გაშვებული (18), ვიდრე პორტუგალიელის სადებიუტო 2004/05-ის სეზონში სრულად (15).

მოურინიოს პრემიერლიგაში "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებული 68 შეხვედრიდან ჯერ ერთიც არ წაუგია (53 მოგება, 15 ფრე).

პალასელმა შამახმა კარიერაში პირველად მოახერხა ზედიზედ სამ შეხვედრაში გატანა.

***
"ევერტონმა" "გუდისონ პარკზე" "ფულჰემი" მეცამეტედ დაამარცხა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია პრემიერლიგელ მეტოქეებთან დაპირისპირებებში.

"ევერტონის" წაუგებელმა სერიამ დედაქალაქელებთან 8 მატჩს უწია.

"გუდისონ პარკზე" მასპინძელთა წაუგებელი სერია 17-მდე გაიზარდა (12 მოგება, 5 ფრე).

"ფულჰემმა" 7-დან მე-6 გასვლითი შეხვედრა დათმო.

***
"ნიუკასლმა" "საუთჰემპტონთან" ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ მეორედ ვერ მოიგო.

24 თებერვლის შემდეგ "კაჭკაჭებს" პრემიერლიგის 27 შეხვედრაში 2 გოლზე მეტი არ გაუტანიათ.

***
"ვესტ ჰემს" "სანდერლენდთან" 5 თამაშია, არ მოუგია.

"ჩაქუჩებს" უკანასკნელ 15 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოგება აქვთ.

"ვესტ ჰემმა" სეზონში მეხუთედ ითამაშა 0:0, "სანდერლენდმა" კი მხოლოდ მესამედ მოახერხა თამაშის მშრალად ჩამთავრება.

"სანდერლენდს" 16 ტურში კარში მხოლოდ 43 ზუსტი დარტყმა აქვს.

"შავ კატებს" უფრო ნაკლები გოლი აქვთ გატანილი (12), ვიდრე ლუის სუარესსა (17) და სერხიო აგუეროს (13).

***
"სტოკს" "ჰალთან" შეხვედრის შემდეგ 215 წესის დარღვევა დაუგროვდა სეზონის განმავლობაში, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ჩემპიონატში.

საშინაო შეხვედრებში "ჰალზე" (7) ნაკლები გოლი მიმდინარე სეზონში მხოლოდ "ასტონ ვილას" (6) აქვს გატანილი.

სტივ ბრუსს მარკ ჰიუზთან სამწვრთნელო ასპარეზზე 14 შეხვედრაში 4 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება აქვს.

***
"ასტონ ვილას" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 36 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს (9 ფრე, 26 წაგება).

"ვილა პარკზე" "იუნაიტედთან" მასპინძელმა ზედიზედ მე-18 შეხვედრა ვერ მოიგო (12 წაგება, 6 ფრე).

"იუნაიტედმა" ბოლო 12 თამაშში მხოლოდ მეორედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

***
"ნორვიჩისა" და "სუონსის" ბოლო 4 თამაშში 20 გოლი იყო გატანილი.

"ნორვიჩის" კარში 16 ტურში 93-ჯერ დაარტყეს ზუსტად, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია.

გარი ჰუპერმა "კეროუ როუდზე" ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა.

***
"ტოტენჰემს" "ლივერპულთან" ბოლო 6 საშინაო შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

"ლივერპულს" 16 ტურში 107 ზუსტი დარტყმა დაუგროვდა მეტოქეთა კარში.

"ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 13 შეხვედრაში მხოლოდ მეორედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ლუის სუარესს 11 შეხვედრაში უფრო მეტი გოლი აქვს (17) ანგარიშზე, ვიდრე პრემიერლიგის გუნდების ნახევარს: "ასტონ ვილას" (16), "ტოტენჰემს" (15), "სტოკს" (15), "ნორვიჩს" (15), "ფულჰემს" (15), "ჰალს" (13), "ვესტ ჰემს" (13), "კარდიფს" (12), "სანდერლენდსა" (12) და "პალასს" (11).

XVI ტურის სიმბოლური ნაკრები
იუსი იასკელაინენი (ვესტ ჰემი) - პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარკ მუნიესა (სტოკი), ჯონ ფლენაგანი (ლივერპული) - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული) - დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუის სუარესი (ლივერპული).

სტატისტიკა XVI ტურის შემდეგ

საუკეთესო ბომბარდირები
17 - ლუის სუარესი (ლივერპული)
13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)

საუკეთესო მეპასეები
7 - მესუთ იოზილი (არსენალი)
6 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი)
5 - პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

გოლი+პასი
21 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 17+4
17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 13+4
14 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+6
13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+5

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
7 - პაულინიო (ტოტენჰემი)
6 - კევინ ნოლანი (ვესტ ჰემი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: გოლების წვიმა, ზეიმი და ტრაგედია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული