ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური: არაჩვეულებრივი წინასაშობაო უქმეები [VIDEO]

AutoSharing Option
გავიტან, რამდენსაც მინდა
ფორმაში მყოფ "მანჩესტერ სიტის" "ფულჰემთან" მოუხდა დაპირისპირება, გუნდთან, რომელსაც ბოლო 9 შეხვედრიდან 8 წაგება ჰქონდა. მეტოქეთა შორის ძალთა ბალანსზე მეტს აღარაფერს ვიტყვით.

სტუმარს ჩემპიონატში გასვლაზე თამაში შედარებით რომ უჭირს და კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს (მიმდინარე სეზონში "ქალაქელებმა" ეს მხოლოდ ერთხელ შეძლეს), ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან მანუელ პელეგრინის გუნდი ბოლო პერიოდში უჩვეულოდ შედეგიანად თამაშობს. შეტევაზე გააკეთეს აქცენტი რენე მალენსტენის შეგირდებმაც, რადგან სხვა გამოსავალი მათ არც ჰქონდათ. შესაბამისად, "ქრევეინ კოტეჯზე" თვალსასეირო სანახაობა გაჩაღდა.

მეტოქეებმა სახიფათო მომენტები დებიუტშივე
გაცვალეს. ტაარაბტის დარტყმა ძირითადში დაბრუნებულმა ჰარტმა მოიგერია, საპასუხო შეტევაში კი დავიდ სილვამ ხარიხას გაარტყა. რამდენიმე წუთში ბედმა უმუხთლა ტურესაც, ივუარელის დარტყმაც ხარიხას მოხვდა. იაიამ "თავისი წილი" გოლი მაინც გაიტანა. საჯარიმოს ხაზიდან აფრიკელის ეფექტურ სტანდარტულს სტეკელენბურგმა მხოლოდ თვალი გააყოლა.

მეორე გოლში სტუმართა მცველები მონაწილეობდნენ: დემიკელისის თავურს საჯარიმოში კომპანიმ ფეხი დაუხვედრა. მეორე ტაიმი უკვე მასპინძელთა შეტევებით გაიხსნა. განსაკუთრებით აქტიურობდა ტაარაბტი, ვისაც ხან ჰარტი უშლიდა ხელს, ხანაც თანაგუნდელები არ აცლიდნენ კარში დარტყმას. მაროკოელს გოლი არა, მაგრამ შედეგიანი გადაცემა კი გამოუვიდა. კონტრშეტევაზე მან რიჩარდსონი თითქმის დაუცველ კართან დატოვა.

ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გათანაბრდა. კომპანის ბურთი ფეხზე აეჭრა, უცნაური ტრაექტორიით მეკარეს თავზე გადააფრინდა და საბოლოო განსასვენებელი ბადეში ჰპოვა. "სიტიმ" ძალები მოიკრიბა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა - ნავასმა და მილნერმა ორბურთიანი ფორა აღადგინეს. უკანასკნელმა ნეგრედოს ჯადოსნური პასით იხეირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკვე თერთმეტი
თამაშის წინა დღეს ლუის სუარესმა "ლივერპულს" ერთგულება შეჰფიცა და მასთან ახალ 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. "წითლების" მხრიდან ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. შეუძლებელი გვგონია, 5-წლიან კი არა, უვადო კონტრაქტზე არ იფიქრო ფეხბურთელთან, ვისაც შეუძლია პრემიერლიგის 12 შეხვედრაში, 19 გოლის გარდა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალოს.

კიდევ უფრო გამაოგნებელია ურუგვაელის შედეგი ბოლო 4 შეხვედრაში: 10 გოლი და 4 პასი. ლუისმა "ნორვიჩთან" პოკერის შემდეგ ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეასრულა დუბლი (ამჯერად მას ჰეთ თრიქის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ძელს გაარტყა).

თუკი უქმეებამდე სამხრეთამერიკელი გოლების რაოდენობით პრემიერლიგის 10 კლუბს აღემატებოდა, შაბათს მან მეთერთმეტე "მეტოქე" მოიტოვა უკან. და კიდევ ერთი შტრიხი სუარესის პორტრეტიდან: 83-ე წუთზე შეცვლაზე შესულ აგერს გუნდის კაპიტანმა მხარდაჭერის ნიშნად სამკლავური გადაულოცა. მოგეხსენებათ, დანიელი უთამაშებლობას უჩივის და წასვლაზე ფიქრობს.

გადარეულ სუარესთან და კომპანიასთან "ენფილდზე" გასამართი შეხვედრის წინ "კარდიფის" პრეზიდენტი ვინსენტ ტანი მალკი მაკაის გათავისუფლებით დაემუქრა. უელსელი გულშემატკივარი მერსისაიდს ფეხბურთელებზე მეტად გუნდის დამრიგებლის მხარდასაჭერად ეწვია და მატჩის შემდგომ, წაგების მიუხედავად, მწვრთნელს ფეხზე დამდგარი დიდხანს უხდიდა მადლობას. ხალხს ტრიბუნებზე პრეზიდენტის საწინააღმდეგო პლაკატები ჰქონდა გამოფენილი.

ბრენდან როჯერსი და მაკაი ძველი მეგობრები არიან, მაგრამ ფეხბურთმა ძმობა და მეგობრობა არ იცის. მასპინძელმა 3 ქულა აიღო და თუნდაც 48 საათით, მაგრამ ცხრილს სათავეში მოექცა. რა შეიცვლება ამ მხრივ, 23 დეკემბერს, ღამით "ემირეიტსზე" შევიტყობთ. თუმცა ჩრდილოირლანდიელმა ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე დაუჭირა მხარი მაკაის და განაცხადა, რომ "კარდიფის" პრეზიდენტი საფეხბურთო კულტურის ფუნდამენტური ღირებულებებისგან ძალიან შორს დგას.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეფექტური ჩემპიონი
"იუნაიტედმა" "ვესტ ჰემთან" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და აშკარად მეტს იმსახურებდა, ვიდრე 3:1 იყო. ეს ასეც მოხდებოდა, რომ არა არბიტრ მაიკ ჯონსის უხეში შეცდომები. მან "იუნაიტედის" სასარგებლოდ პირველ ტაიმში ჯერ 100%-იანი პენალტი არ დანიშნა, როცა ნოუბლმა იანუზაის ხელი ჰკრა; მეორეში კი ერნანდესს თამაშგარეს გამო სულაც გოლი გაუუქმა. არადა, გამეორებაზე აშკარა იყო, რომ მექსიკელს წესი არ დაურღვევია.

რუნი პასიური იყო შეტევაში, რადგან შედარებით სიღრმეში მოქმედებდა. მას შეტევების ორგანიზება არანაკლებ რომ ეხერხება, ვიდრე დაგვირგვინება, კიდევ ერთხელ დადასტურდა. უელბეკმა და იანგმა სწორედ მისი გადაცემებით ისარგებლეს. აღსანიშნავია, რომ იანუზაიმ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა "ოლდ ტრეფორდზე" (თანაც ძალიან ლამაზი), უელბეკმა კი მშობლიურ არენაზე 15-თვიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა თავი.

იანგის ეფექტური გოლის შემდეგ "იუნაიტედმა" ტემპს უკლო და მხოლოდ შედეგის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა. ამან არ გაამართლა - კარლტონ კოული სწრაფ კონტრშეტევაზე წავიდა და სხვაობა შეამცირა.

"იუნაიტედმა", როგორც იქნა, შეწყვიტა დანავსული საშინაო სერია ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, "ეშმაკებს" "ოლდ ტრეფორდზე" ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული მინიმალური ანგარიშით "ევერტონთან" და "ნიუკასლთან".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პულისი უძლურია
წინა ტურში "სტემფორდ ბრიჯზე" "პალასი" "ჩელსისთან" უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა - 1:2. ამის გამო საყვედური არავის დასცდენია, თუმცა "ნიუკასლთან" შინ 0:3-ისთვის ტონი პულისი უკმაყოფილო შეძახილებს უკვე ვეღარ გადაურჩა. ანგარიში ასე გაიხსნა: კაბაის დარტყმული ჟედინაკის უმნიშვნელო რიკოშეტის შემდეგ დელეინის ფეხებს შორის გაუძვრა. სპერონის შანსები ამ ეპიზოდში მინიმალური იყო. მეორედ გებიდონმა "გამოიჩინა თავი".

34 წლის ვეტერანი ჩვეულებრივ სათამაშო სიტუაციაში ვერ გაერკვა. მან საკუთარი კარი დალაშქრა, არადა, ბურთი რომ გაეტარებინა, არაფერი დაშავდებოდა. ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა პარმა საჯარიმოში შოლა ამეობის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. პენალტი ბენ არფამ გაჭირვებით, მაგრამ გაიტანა.

ადებაიორის წამალი
ტიმ შერვუდმა "ტოტენჰემი" სერიოზულად გადაახალისა და თასზე მტკივნეული მარცხის შემდეგ ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მოგება იზეიმა. რაც მთავარია, გაამართლა მისმა მთავარმა ცვლილებამ. ადებაიორმა, მართალია, მცველების უხეში შეცდომების წყალობით, მაგრამ დუბლი გაიფორმა. ეფექტურად ითამაშა სოლდადომაც. ესპანელმა დიდებული საგოლე გადაცემა გააკეთა.

პრემიერლიგა. XVII ტური

ლივერპული-კარდიფი 3:1
გოლები: 1:0 სუარესი (25), 2:0 სტერლინგი (42), 3:0 სუარესი (45), 3:1 მატჩი (58)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლენაგანი (55. კელი) - ლეივა, ალენი - კოუტინიო (83. აგერი), სტერლინგი, ჰენდერსონი - სუარესი
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ტეილორი - მატჩი, მედელი (55. კემპბელი) - ნუნუ, გუნარსონი (80. კორნელიუსი), უიტინგემი - ოდემვინგი (55. კიმი)
გაფრთხილება: შკრტელი, სტერლინგი -
კარში დარტყმა: 27-10 (7-3) კუთხური: 9-5 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 44 621

პალასი-ნიუკასლი 0:3
გოლები: 0:1 კაბაი (25), 0:2 გებიდონი (39-ს.კ-ში), 0:3 ბენ არფა (86-პენ)
პალასი (4-4-2): სპერონი - მარიაპა, გებიდონი, დელეინი, მოქსი (46. პარი) - ჟედინაკი, ვორდი, პანჩეონი, ბენანი (46. ბოლასი) - ჯერომი (77. გეილი), შამახი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში, უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - ტიოტე, სისოკო, ანიტა, კაბაი (79. ბენ არფა) - გუფრანი, რემი (75. შ. ამეობი)
გაფრთხილება: შამახი - ტიოტე, კოლოჩინი
კარში დარტყმა: 9-13 (4-6) კუთხური: 3-7 თამაშგარე: 4-4 ჯარიმა: 11-14 ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 24 936

ფულჰემი-სიტი 2:4
გოლები: 0:1 ი. ტურე (23), 0:2 კომპანი (43), 1:2 რიჩარდსონი (50), 2:2 (69-ს.კ-ში), 2:3 ნავასი (78), 2:4 მილნერი (83)
ფულჰემი (4-4-2): სტეკელენბურგი - რიტერი, სენდეროსი (37. ამორებიეტა), ჰიუზი, რიისე - პარკერი, სიდუელი, კარაგუნისი (82. ბენტი), რიჩარდსონი - ტაარაბტი, დეჟაგა (65. კასამი)
სიტი (4-4-2): ჰარტი - კლიში, დემიკელისი, კომპანი, კოლაროვი - ფერნანდინიო, ი. ტურე, დ. სილვა (84. ხ. გარსია), ნასრი (75. მილნერი) - ჯეკო (58. ნავასი), ნეგრედო
გაფრთხილება: კარაგუნისი - დემიკელისი
კარში დარტყმა: 12-17 (5-10) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 4-2 ჯარიმა: 7-15 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 25 509

იუნაიტედი-ვესტ ჰემი 3:1
გოლები: 1:0 უელბეკი (26), 2:0 იანუზაი (36), 3:0 იანგი (72), 3:1 კ. კოული (81)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი, სმოლინგი, ევანსი, ევრა (80. ბიუტნერი) - კლევერლი, ჯონსი, ვალენსია, იანუზაი (69. იანგი) - რუნი, უელბეკი (54. ერნანდესი)
ვესტ ჰემი (4-4-2): კასტილიო - დემელი, კოლინსი (75. რაცი), ტომკინსი, მაკარტნი - ტეილორი (62. კოლისონი), დიამე, ნოუბლი, მორისონი - ჯარვისი (71. კ. კოული), მაიგა
გაფრთხილება: იანუზაი - მორისონი, ჯარვისი, ტომკინსი, მაკარტნი
კარში დარტყმა: 21-4 (8-1) კუთხური: 8-2 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 7-16 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 75 350

სტოკი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 1:0 ადამი (50), 1:1 კოზაკი (66), 2:1 კრაუჩი (70)
სტოკი (4-4-1-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - ნზონზი, უელანი, არნაუტოვიჩი (46. ადამი), ასაიდი (72. პენანტი) - უოლტერსი, კრაუჩი
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ლოუტონი, ჰერდი, კლარკი, ბეიკერი - ვესტვუდი, დელფი, ოლბრაიტონი (81. ბაკუნა), ტონევი (67. ბოუერი) - ვაიმანი, კოზაკი
გაფრთხილება: უილსონი - ოლბრაიტონი, კლარკი, დელფი, ჰერდი, ვესტვუდი
კარში დარტყმა: 12-14 (2-4) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 13-17 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 26 003

სანდერლენდი-ნორვიჩი 0:0
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - ჩელუსტკა, ოში, ბრაუნი, ბერდსლი - კატერმოული - კი, ლარსონი (90+5. რობერჟი), ბორინი, ჯაკერინი (63. ჯონსონი) - ალტიდორი (68. ფლეტჩერი)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - უიტეიკერი, ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ჯონსონი, ფერი, სნოდგრასი, რედმონდი - ჰუპერი, ელმანდერი (77. ვან ვოლფსვინკელი)
გაფრთხილება: ლარსონი, ბორინი - უიტეიკერი
გაძევება: ბრაუნი (90+4) -
კარში დარტყმა: 19-14 (4-5) კუთხური: 6-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 13-10 ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 37 778

ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 1:1
გოლები: 0:1 ლივერმორი (28), 1:1 ვიდრა (86)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი (79. გერა) - მულუმბუ, მორისონი - სინკლერი (46. ბერაინო), ბრანტი, სესინიონი (69. ვიდრა) - ლონგი
ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი - დევისი, ბრუსი, ჩესტერი - ლივერმორი, მეილერი, ფიგერია, ელმოჰამადი - ჰადლსტოუნი - საგბო (89. ფრაიატი), გრემი (80. ბოიდი)
გაფრთხილება: ჯონსი, გერა - მეილერი
კარში დარტყმა: 14-6 (3-3) კუთხური: 9-2 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 8-15 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 24 753

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 2:3
გოლები: 1:0 ლალანა (13), 1:1 ადებაიორი (25), 1:2 ჰოიველდი (54-ს.კ-ში), 2:2 ლამბერტი (59), 2:3 ადებაიორი (64)
საუთჰემპტონი (4-3-3): გასანიგა - ჩემბერსი, ლოვრენი, ჰოიველდი, ფოქსი (78. გალაგერი) - დევისი (69. რამირესი), შნაიდერლინი, კორკი (64. ვორდ-პრაუსი) - როდრიგესი, ლალანა, ლამბერტი
ტოტენჰემი (4-4-1-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, როუზი - ერიქსენი, დემბელე (50. ბენტალები), ლამელა (61. შადლი), სიგურდსონი - ადებაიორი, სოლდადო (85. დეფო)
გაფრთხილება: ვორდ-პრაუსი - სიგურდსონი
კარში დარტყმა: 11-13 (5-3) კუთხური: 2-5 თამაშგარე: 3-3 ჯარიმა: 10-18 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 31 455

სუონსი-ევერტონი 1:2
გოლები: 0:1 კოულმანი (66), 1:1 ოვიედო (70 ს.კ.), 1:2 ბერკლი (84)
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - ტიენდალი, ჩიკო, უილიამსი, დევისი - კანიასი, დე გუზმანი (86. პოსუელო) - ერნანდესი, შელვი, რუტლეჯი (66. ლამა) - ბონი (75. ვასკესი)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმანი, იაგიელკა, დისტენი, ოვიედო - მაკარტი, ბერი - მირალიაში (78. ოსმანი), ბერკლი, პიენაარი (78. ნეისმიტი) - ლუკაკუ
გაფრთხილება: დევისი
კარში დარტყმა: 13-14 (3-6) კუთხური: 4-8 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 11-10 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 18 700

23 დეკემბერი
არსენალი-ჩელსი 00:00

ბომბარდირები: 19 - ლუის სუარესი (ლივერპული), 13 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), 8 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), ლოიკ რემი (ნიუკასლი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
26 დეკემბერი:
ჰალი-მანჩესტერ იუნაიტედი, ასტონ ვილა-პალასი, კარდიფი-საუთჰემპტონი, ჩელსი-სუონსი, ევერტონი-სანდერლენდი, ნიუკასლი-სტოკი, ნორვიჩი-ფულჰემი, ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ვესტ ჰემი-არსენალი, მანჩესტერ სიტი-ლივერპული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული